ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში სტუდენტებისა და ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „მედია და ბავშვთა უფლებები“.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში უკვე ჩატარდა 9 ტრენინგი და ვებინარი მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის.
„ღონისძიების მონაწილეებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ბსუ-ს საპატიო დოქტორი ღასან ხალილი მიესალმნენ და სერტიფიკატებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ტრენინგს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი უძღვებოდნენ.
ბსუ-ს ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში უკვე ჩატარდა 9 ტრენინგი და ვებინარი მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის. მასწავლებლები გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვთა უფლებების სწავლება სამოქალაქო განათლებაში, მულტიკულტურული განათლების საფუძვლები, რელიგია და ეთნიკური უმცირესობები აჭარის რეგიონში; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ეფექტური სწავლა-სწავლების სტრატეგიები; განვითარებისა და სწავლის თეორიები საკლასო ოთახში.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: ,,ბავშვთა უფლებების, შესავალი კურსი დაპროგრამების ენაში“, ,,ემოციების მართვა, პროექტების მართვა“, „თანასწორობა და ბავშვთა უფლებები“, „რა იწვევს ბავშვის ტრამვირებას? როგორ დავიცვათ მოზარდები ტრავმებისაგან“. ასევე მოეწყო ფოტო-ნახატების გამოფენა „ბავშვები იცავენ თავიანთ უფლებებს“.
ბსუ-ში ბავშვის უფლებათა ცენტრი 2021 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით დაფუძნდა. ცენტრი ხელს უწყობს პროფესიონალების, პედაგოგების, აკადემიური პერსონალისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშობლებისა და ბავშვების ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.