ვანო მაჭავარიანი - ბატონი პაპუაშვილის განცხადებები მის სრულ უმეცრებას მიანიშნებს - ამ მიდგომით ძალიან სახიფათო მდგომარეობაში აყენებენ ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო ისტორიული ცვლილებების მიღმა დარჩეს

რუსეთის აგრესია, ოკუპაცია, იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა, თუ საქართველო, განხილვის თემაა აშშ-ში, ნატო-ში, ევროკავშირში. როგორ შეიძლება ეს არ იყოს საქართველოსთვის შესაძლებლობა იმისთვის, რომ საერთაშორისო არენაზე საკითხები რეალურად პრაქტიკული გადაწყვეტის რეჟიმში გადაერთოს? მაშინ, რატომ დადიან ნატო-ს სამიტებზე, რატომ დადიან ევროკავშირის შეხვედრებზე? - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას, რომლის მიხედვითაც „არანაირი რეალისტური საფუძველი არ აქვს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ახალ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით“, მაჭავარიანი პასუხობს, რომ ისინი ამ მიდგომით „ძალიან სახიფათო მდგომარეობაში აყენებენ ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო ისტორიული ცვლილებების მიღმა დარჩეს“.

„ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი რეგიონალური კრიზისის დროს, საქართველოში, მმართველ გუნდში არ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც შეუძლიათ რეალურად აზროვნება და არ ხელმძღვანელობენ ნებისმიერ მათ გამონათქვამში მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ, „ჩათში“ ჩაგდებული მესიჯბოქსებით, რომელიც ხანდახან, ერთმანეთს, ზევიდან ედება და იმდენად არეულია მათი გზავნილები, გეგონება, რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ერთად უნდათ, რომ მოსახლეობას „მიყიდონ“. კარგად უნდა დაფიქრდნენ, რეალურად თუ რა საფრთხეებს და შესაძლებლობებს იძლევა საქართველოსთვის ის გეოპოლიტიკური ცვლილებები, ის კრიზისი, რომელიც მიმდინარეობს და ის უპრეცედენტო ყურადღება, ფოკუსი, რომელიც არის აშშ-ს, მისი მოკავშირეების მხრიდან ჩვენი რეგიონის მიმართ. რუსეთის აგრესია, ოკუპაცია, იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა, თუ საქართველო, არის განხილვის თემა აშშ-ში, ნატო-ში, ევროკავშირში. როგორ შეიძლება ეს არ იყოს საქართველოსთვის შესაძლებლობა იმისთვის, რომ რეალურად საკითხები საერთაშორისო არენაზე უფრო პრაქტიკული გადაწყვეტის რეჟიმში გადაერთოს. მაშინ, რატომ დადიან ნატო-ს სამიტებზე, რატომ დადიან ევროკავშირის შეხვედრებზე? თუ შესაძლებლობები არის, ამაზე საუბრობს სტოლტენბერგი, ამაზე საუბრობენ აშშ-ს, ევროკავშირის წარმომადგენლები, არ საუბრობენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ესმით და ძალიან სახიფათო მდგომარეობაში აყენებენ ქვეყანას, რომ საქართველო რეალურად მართლა შეიძლება დარჩეს ისტორიული ცვლილებების მიღმა და ჩამორჩეს ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც ევროპული უსაფრთხოების განახლება ჰქვია. საუბარი არ არის იმაზე, ომი გინდათ, თუ ომი არ გინდათ, აქ საუბარია იმაზე, პროცესის ნაწილი ვიყოთ, ვიდრე მისი დამკვირვებელი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „საქართველოსთან დაკავშირებული თემატიკის გააქტიურება მაშინ, როცა უკრაინაში ომი გრძელდება, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა“, მაჭავარიანი პასუხობს, რომ ეს „არაკეთილსინდისიერება კი არა, საგარეო პოლიტიკის წარმოებაა სტრატეგიულ პარტნიორებთან თანხვედრაში“.

„ეს ბატონი პაპუაშვილის სრულ უმეცრებას მიანიშნებს საერთაშორისო პოლიტიკისადმი და ისტორიისადმი, ასევე საჭიროებისადმი, რომელიც პოლიტიკოსებს ამ კრიტიკულ მომენტში აქვთ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ უკრაინაზე და ამავე დროს, საუბრობენ საქართველოზე, რადგან ამ აგრესიის საწყისი სწორედ 2008 წელს მოდის, ამაზე ღიად საუბრობენ და მიანიშნებენ იმაზე, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადამდგარიყო სწორედ 2008 წლიდან მოყოლებული. არაკეთილსინდისიერება კი არა, საგარეო პოლიტიკის წარმოებაა სტრატეგიულ პარტნიორებთან თანხვედრაში და ეს უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი და არა ბატონი პაპუაშვილის მიერ მორალის კითხვა ადამიანების მიმართ, რომელთაც არანაკლები წვლილი აქვთ შეტანილი, თუ მეტი არა, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, განვითარების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მისი თავდაცვის უნარიანობის ამაღლების საქმეში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, არანაირი რეალისტური საფუძველი არ აქვს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ახალ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით. როგორც შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველოსთან დაკავშირებული თემატიკის გააქტიურება მაშინ, როცა უკრაინაში ომი გრძელდება, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა