დიმიტრი ცქიტიშვილი - მე, როგორც პოლიტიკოსი, პარლამენტში ზელენსკის მოსმენას მხარს დავუჭერდი - რაც შეეხება სანქციებზე ხელისუფლების დამოკიდებულებას, ისტორიული პერიოდის სწორ მხარეს დგომას არ ჰგავს

ზელენსკი მოგვმართავს უკრაინელი ხალხის პირით, ის უპირობოდ ლიდერია და ჩვენ უნდა მოვუსმინოთ უკრაინელ ხალხს როგორც ქუჩაში, როდესაც საზოგადოებას მიმართა, ასევე პარლამენტში, როდესაც პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა გარკვეული პრეტენზიები გააჩნდეს უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკოსებს მიმართოს.

ცქიტიშვილის შეფასებით, ქართულმა საზოგადოებამ წინ გაუსწრო საქართველოს ხელისუფლებას და აუცილებელია ერთგვარი სწორება იმ საზოგადოებაზე მოხდეს, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად რუსთაველის გამზირზე გამოვიდა.

„მესმის, რომ შესაძლებელია სრულად არ ვიყოთ კმაყოფილები ზელენსკის წარსულით, მისი საპრეზიდენტო საქმიანობით, ასევე შესაძლოა ხელისუფლებს აქვს პრეტენზია, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში არიან მისი ხელისუფლების ყოფილი წევრები და ა.შ. მაგრამ დღეს ეს ადამიანი არ წარმოადგენს მხოლოდ თავის თავს, ეს წარმოადგენს იმ ბრძოლას, რომელიც არის თავისუფალ სამყაროსა და ტირანიას შორის. უკრაინა მოექცა ამის ეპიცენტრში, ზელენსკი გამოკვეთილი ლიდერია დღეს, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი წარსული. ამიტომ, დღეს ჩვენ უკრაინელ ხალხს უნდა მოვუსმინოთ. ის მოგვამართავს უკრაინელი ხალხის პირით. ის უპირობოდ ლიდერია და ჩვენ უნდა მოვუსმინოთ უკრაინელ ხალხს როგორც ქუჩაში, როდესაც საზოგადოებას მიმართა, ასევე პარლამენტში, როდესაც პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს. კრიტიკაც უნდა მივიღოთ მშვიდად, თუნდაც ზოგ შემთხვევაში უსამართლო იყოს. მე როგორც პოლიტიკოსი, ამას დავუჭერდი მხარს, მეტიც, მანამდეც მოვახდენდი მოსმენის დ სპეციალური დისკუსიების თუ დებატების გამართავს. პოლიტიკური სპექტრი ამ შემთხვევაში ცოტათი ჩამორჩა იმ საზოგადოებას, რომელიც რუსთველის გამზირზე ვნახე, რომელიც ხელისუფლებას არ მოეწონა. ამ საზოგადოებამ მართლაც წინ გაუსწრო თავის პოლიტიკურ სპექტრს, ჯობია სწორება ამ საზოგადოებაზე გაკეთდეს, იმ ახალგაზრდებზე, რომელიც ქუჩაში გამოვიდნენ სოლიდარობის ნიშნად. ერთმანეთთან ჯიბრის მაგივრად მოვუსმინოთ უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებულ სანქციებს და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ შეუერთდეს მათ, ყოფილმა პარლამენტარმა აღნიშნა, რომ მსგავსი პოზიციის დაფიქსირება არასწორი იყო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ სიფრთხილე გამოიჩინოს, თუმცა, ასევე თავი უნდა აარიდოს მკაცრ რიტორიკას უკრაინის მიმართ.

„ასეთ დროს სიფრთხილე მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მწვავე გეოპოლიტიკური კატაკლიზმის ფონზე, საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დაფიქრებას, თუმცა, ამ „სიფრთხილეში,“ უფრო შეცდომებს და არასწორ დამოკიდებულებებს ვხედავ. ისტორიული პერიოდის სწორ მხარეს დგომას არ ჰგავს, ეს მეტისმეტად ფრთხილ დამოკიდებულებას ჰგავს იმ საკითხების მიმართ, რომელიც საბოლოო ჯამში, არცერთი მხარისთვის მისაღები არ იქნება. შეცდომებს ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენთან არ არის მკაფიოდ გაცხადებული დამოკიდებულება სანქციებთან დაკავშირებით. არ ვგულისხმობ, რომ საქართველომ სანქციები უნდა გამოაცხადოს ყველაფერზე, რადგან ეს არ იქნება გონივრული, რაციონალური, მაგრამ ნეგატიური დამოკიდებულება, ზოგადად ასე მკაცრად გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება, არ არის სწორი, რადგან ავტომატურად, რაღაც სისტემებში უერთდება.

ცუდად მომხვდა ყურში, როდესაც ერთ-ერთმა მინისტრმა, შეიძლება გამოუცდელობით მოუვიდა ან გამიზნული იყო ეს ნათქვამი, განაცხადა, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობებს გამოვიყენებთო, სოფლის მეურნეობის მინისტრს ვგულისხმობ. იმ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა სპეკულაციური იყო ეს განცხადება, მაგრამ მთავარი არის აქ ერთი რამ, - დამოკიდებულება. როდესაც სანქციები რუსეთისთვის გარკვეულ, ეკონომიკურ ვაკუუმს ქმნის და მას სჭირდება ერთგვარი გასასვლელები, თუ ჩვენ ამ ნაწილში გადავწყვეტთ ეკონომიკურ განვითარებას, ეს იქნება ძალიან ცუდი საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ეს დააზიანებს საქართველოს, როგორც არასტაბილურს და არასაიმედო პარტნიორს დასავლეთში.

თუ გადაწყვიტა რუსეთმა, არაფერი შეაჩერებს და არცერთი ჩვენი დარბილებული ქმედება მას არ გადააფიქრებინებს საქართველოში ინტერვენციას. დღეს უბრალოდ არ სცალია და არცერთ შემთხვევაში, ეს ხელისუფლების დამსახურება არ არის, დღეს აქცენტი არის უკრაინაზე, თუ შემობრუნდა აქეთ, მას არაფერი გააჩერებს", - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შანსებზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას მეტი შანსი აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი.

მისივე შეფასებით, მსოფლიო დღის წესრიგი და ზოგადად, დასავლეთის პოზიციის ერთგვარი ცვლილება ევროსტრუქტურაში გაწევრიანების თვალსაზრისით, რუსეთის აგრესიულმა ქმედებამ და უკრაინის სიმამაცემ განაპირობა.

„ევროკავშირში გაწევრიანება უფრო მეტად რეალურია, ვიდრე აქამდე იყო. სამწუხაროდ ამისთვის საჭირო გახდა უკრაინელი ხალხის სისხლის დაღვრა. მათი გმირული ბრძოლა გადაიაზრა ევროპამ, რომ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ეს არ არის ხვალვე გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც აქამდე პრობლემატური იყო, ახალი პროცესი დასაწყისი იქნება საქართველოსთვის, როგორც კანდიდატისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ