ირაკლი შოთაძე - მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი - მილიონებზეა საუბარი და როცა ვიღაცები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, სასაცილოა

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია.

შოთაძემ ასევე ისაუბრა იმ საქმეებზე, რომლებშიც სააკაშვილი ბრალდებული და მსჯავრდებულია.

„აქ, საუბარია 8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც ვიღაცები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც მილიონებზეა საუბარი. დადასტურებული ფაქტია, რომ ეს მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა და დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებაზე, მათ შორის, მისი მეგობრების ტაილანდის ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებაზე, ასევე დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, მისი კულინარიული ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები უცხოეთიდან ჩამოჰყავდა და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასწევს, არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა შოთაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი, შოთაძე პასუხობს, რომ ის ჩვეულებრივი პატიმარია.

„შემიძლია გითხრათ სამართლებრივად, თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივი. სამართლებრივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამ საკითხზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, მთელი რიგი ექსპერტიზაა დანიშნული, ჩატარებულია საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ბევრია ჩასატარებელი. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ამ ქმედებას პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საზოგადოება ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობს“, - განაცხადა შოთაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, სდსს-ს უფროსი, ანზორ ჩუბინიძეზე ვიხილოთ ბრალდებულის ამპლუაში, შოთაძე პასუხობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაძლოა აღმოჩნდეს ბრალდებული.

„ანუ თქვენ მეკითხებით მიხეილ სააკაშვილს კიდევ აქვს თუ არა გაფლანგული სახელმწიფო თანხები? მე შემიძლია, გითხრათ, რომ სხვა წლებზე მათ შორის, სახელმწიფო ადმინისტრაციის ხარჯებზეც და შემდგომ პერიოდზეც მიმდინარეობს გამოძიება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი შესაძლოა, აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მიდის გამოძიება და შესწავლა. ამ ეტაპამდე რაც არის დადგენილი, საუბარია სდსს-ის მიერ 8 მილიონი ლარის ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღესდღეობით არის ბრალდებული“, - განაცხადა შოთაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„ეს გადაწყვეტილება არის ქართული მხარის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით. პროკურატურა და ჩვენი გამომძიებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ჩვენ მოვაგროვეთ ასეულობით მტკიცებულება, რომლებიც წარდგენილი იყო სტრასბურგის სასამართლოში და რომელმაც ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი იქონია ქართული მხარის გამარჯვებაში და მე მინდა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მივულოცო. ეს იყო იუსტიციის სამინისტრო რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რა თქმა უნდა ჩვენ“, - განაცხადა შოთაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა