ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ეცნობიან

ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ეცნობიან.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელშიც მონაწილეობენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის წარმომადგენლები, ასევე, EUGIPP-ში ჩართული ინტელექტუალური საკუთრების სფეროში აღსრულების ექსპერტი კენეტ რაიტი.

მათივე ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას და მასზე დაყრდნობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე დისკუსიის გამართვას. კერძოდ, მონაწილეები განიხილავენ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებებს, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი აღსრულების, უფლებათა სამოქალაქო წესით აღსრულების, ასევე, ონლაინ აღსრულების სფეროში პრაქტიკას და საკანონმდებლო ცვლილებებს. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სისტემის დახვეწასა და განვითარებას, ასევე, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას.

„მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა, ასევე, EUGIPP-ის ხელმძღვანელმა, მარტინ მარიანოვმა.

აღნიშნული ღონისძიება EUGIPP-ის 2022 წლის სამუშაო გეგმის ნაწილია, კახეთის რეგიონში გასვლითი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს და 2 დღე გრძელდება. შეხვედრა ასევე ემსახურება საქპატენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას.

EUGIPP წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის