ყველა ის სუბიექტი, ვინც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით არის დაინტერესებული, კითხვარის შევსებაში იქნება ჩართული - რაც შეეხება სუბიექტებს რომელთა მიმართაც კითხვის ნიშნები არსებობს, ისინი კითხვარის შევსებაში არ უნდა ჩაერთონ! - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, “ყველამ კარგად იცის, ვინ არის დაინტერესებული და ვინ - არა საქართველოს წარმატებით“. კობახიძის აზრით, “კითხვარის შევსების ნაწილში ისინი არ უნდა იყვნენ, ვისაც საპირისპირო ინტერესი გააჩნიათ“.
მისივე თქმით, წესებს ამ კუთხით ევროკავშირი ადგენს, ხოლო ხელისუფლება იმ წესების ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დგინდება, სრული გამჭვირვალობისთვის არის მზად.
“ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გამჭვირვალე გახდეს, თუ ამას ევროკავშირის წესები და სტანდარტები ითვალისწინებს. ამაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გვექნება. რაც შეეხება ჩართულობას, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კითხვარი შეივსოს იმ პირთა, სუბიექტებისა და ორგანოების მიერ, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით და არა იმ სუბიექტების მიერ, რომლებიც ჩვენი წარუმატებლობით სუბიექტურად არიან დაინტერესებული.
ჩვენ სხვადასხვა სუბიექტების მიმართ გვაქვს ეჭვები და კითხვები. ეს ეხება რადიკალურ ოპოზიციას და მის სატელიტებს ის სექტორში, სადაც ე.წ. არასამთვარობო ორგანიზავიები არიან წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროვებას ითხოვენ.
არასამთავრო ორგანიზაციების შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური.
“მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, რაც ჩვენს მიერ იდენტური კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში (ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 23-ე თავი) არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება“, - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.