გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს

არჩევნების შემდეგ ამ ეტაპისთვის დამდგარი რეალობის თავისებურებებზე „ინტერპრესნიუსი" პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, არჩევნების შემდეგ 5 დღეა გასული, არჩევნების შედეგებზე უამრავი განცხადება კი მოვისმინეთ ყველა მხრიდან, მაგრამ, სურათი მაინც არც ცხადია და არც ნათელი. თქვენი როგორ შეაფასებდით, იმ სურათს, რა რეალობაც ამ ეტაპზე გვაქვს არჩევნების შედეგების შემდეგ? მხედველობაში მაქვს ის, რომ მმართველ გუნდსა და ხელისუფლებას არჩევნების შედეგები მიულოცა, ბევრმა თავი შეიკავა და ასე შემდეგ...

- ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ვართ პროცესში, ვითარება საკმაოდ ბუნდოვანია. საზოგადოების დიდი ნაწილის განცდით, არჩევნები არის მოპარული. რაც მთავარია, არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული იმ დასავლური სამყაროს მხრიდან, რომლისკენაც კონსტიტუციით ჩვენ მივისწრაფვით.

ასე რომ, ჯერ ვითარება გაურკვეველია, ახლა ჩვენ ვართ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის საწყის ეტაპზე. კარგია, რომ ემოციებზე აყოლა არ ხდება და გარკვეულ წილად მოლოდინის რეჟიმში ვართ.

ვითარება საკმაოდ ბუნდოვანია. საზოგადოების დიდი ნაწილის განცდით, არჩევნები არის მოპარული. რაც მთავარია, არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული იმ დასავლური სამყაროს მხრიდან, რომლისკენაც კონსტიტუციით ჩვენ მივისწრაფვით

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, საქართველოში კრემლმა ფაქტობრივად, მოახერხა იმ მოცემულობის შექმნა, რაც რუსეთისთვის მაქსიმალურად სასარგებლოა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, ჩვენ თუ დასავლეთისკენ არ მივდივართ, ჯერჯერობით ასე ჩანს ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ავტომატურად ვბრუნდებით რუსეთის ორბიტაზე.

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, საქართველოში კრემლმა ფაქტობრივად, მოახერხა იმ მოცემულობის შექმნა, რაც რუსეთისთვის მაქსიმალურად სასარგებლოა

მესამე არჩევანის ილუზია, რის შექმნასაც ხელისუფლება ცდილობს, როცა აპელირებს „სუვერენიტეტსა“ და „დამოუკიდებლობაზე“, ასეთი არჩევანი ჩვენთვის არ არსებობს. - ოპოზიცია ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების აუდიტის ჩატარებას ითხოვს. „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თქვა, - „რამდენიმე დღეში ერთი შეკრული დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი, ვითხოვთ საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას“. მაგრამ, თუ ხელისუფლების განცხადებებით ვიმსჯელებთ, მათი პასუხი დაახლოებით ასე გამოიყურება - „არ გამოგაძიებინებთ“!

- ხელისუფლების მხრიდან ამგვარ პოზიციაში მაინცადამაინც დიდი ლოგიკა არ არის. თუ ხელისუფლება დარწმუნებულია რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს.

თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო, დადასტურდება არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება. როცა ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს, ეს ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.

დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა საბოლოო დასკვნას გააკეთებენ საერთაშორისო ინსტიტუტები, რის საფუძველზეც ჩვენი პარტნიორები დაიწყებენ კონკრეტულ ქმედებებს. ამგვარი ქმედებები, შესაძლოა იყოს საქართველოსთვის ევროკავშირის ღია კარის საბოლოოდ დახურვა

როცა მკვლელი დუმილის უფლებას იყენებს, გასაგებია, რომ ეს ირიბი დადასტურებაა იმისა, რომ მან მკვლელობა ნამდვილად ჩაიდინა.

- ის არგუმენტები, რაც ხელისუფლების მხრიდან გამოითქვა, თუ რატომ არ შეიძლება ელექტრონულად ჩატარებული არჩევნებისთვის აუდიტის ჩატარება, დამაჯერებლად ნამდვილად არ გამოიყურება.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლება პარალელური დათვლისგან ითხოვს პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებას. და ეს მაშინ, როცა, ცესკო აშკარად აგვიანებს საბოლოო შედეგის ოფიციალურად გამოცხადებას.

თუ ძირითადი შედეგის გამოცხადება 2 საათში იყო შესაძლებელი, გაუგებარია სამ დღეში რით ვერ დაითვალეს ის 1%, თუ 2%, რაც პირველ დღეს დაუთვლელად გამოცხადდა?

- როგორც ჩანს, თვლიან, რომ რაღაც არ არის წესრიგში. რა არ არის წესრიგში, ამას გამოძიება სჭირდება. დარღვევები რომ იყო, ეს უკვე გასაგებია, სხვა საკითხია, ეს დარღვევები ატარებდა თუ არა სისტემურ ხასიათს, რის გამოც არსებითად შეიცვალა არჩევნების შედეგები. ეს არის გამოსაძიებელი.

დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა საბოლოო დასკვნას გააკეთებენ საერთაშორისო ინსტიტუტები, რის საფუძველზეც ჩვენი პარტნიორები დაიწყებენ კონკრეტულ ქმედებებს. ამგვარი ქმედებები, შესაძლოა იყოს საქართველოსთვის ევროკავშირის ღია კარის საბოლოოდ დახურვა.

ჩვენ ახლა ვართ ისეთი სახიფათო შესაძლო პროცესის პირას. როდესაც საზოგადოება ჩათვლის რომ ხელისუფლება უზურპირებულია, მაშინ პოლიტიკურმა პროცესმა სხვა დინამიკა შეიძლება შეიძინოს. გამოვა, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს გადატრიალება მოუწყო. ჩვენივე კონსტიტუციით ხალხს აქვს უფლება აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალება. დაიბრუნოს მანდატი და ნდობის მანდატი გადასცეს სხვას

გარდა ამისა, გატარდება გარკვეული სასანქციო პოლიტიკა, რასაც აანონსებდა ამერიკული მხარე. როგორც ამბობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაიწყებენ მსჯელობას და ასე შემდეგ. ეს განსაკუთრებით მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ეს მოხდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ განვითარების საგარეო ფაქტორი შეცვლილია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შეჩერდება უამრავი სოციალური და საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები.

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება ცდილობს უმტკიცოს საზოგადოებას, რომ მე არ ვეპუები რაღაცას, მაგრამ, მე მაინც ევროპაში მივდივარ. როცა საზოგადოება დაინახავს, რომ ეს ტყუილია, ვერსადაც ვერ მიდიან და ევროკავშირის კარები იხურება, ამის შემდეგ კიდევ სხვა პროცესი დაიწყება. დაიწყება პროცესი, სისტემა, რაზეც დგას ხელისუფალი, უბრალოდ მას არ დაემორჩილება.

ჩვენ ახლა ვართ ისეთი სახიფათო შესაძლო პროცესის პირას. როდესაც საზოგადოება ჩათვლის რომ ხელისუფლება უზურპირებულია, მაშინ პოლიტიკურმა პროცესმა სხვა დინამიკა შეიძლება შეიძინოს. გამოვა, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს გადატრიალება მოუწყო. ჩვენივე კონსტიტუციით ხალხს აქვს უფლება აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალება. დაიბრუნოს მანდატი და ნდობის მანდატი გადასცეს სხვას.

ხელისუფლებას შეუძლია ყველაფერზე დახუჭოს თვალები და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე იფიქროს, მაგრამ, აქ საინტერესო იქნება, ამის შემდეგ რა პოლიტიკური გადაწყვეტილებას იღებს აშშ, ევროკავშირი, და ეს როგორ აისახება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე

მე არ ვსაუბრობ რევოლუციაზე. თუ ვინმე დღეს სახელმწიფოს გადატრიალებას უწყობს, უწყობს ხელისუფალი. თუ დამტკიცდა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა და მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება. ასეთ შემთხვევაში ხალხს არა თუ აქვს უფლება, ვალდებულებაც აქვს აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალება.

- ევროპის 13 ქვეყნის ლიდერებმა, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააკეთეს ჩვენში ჩატარებულ არჩევნებზე....

- ეს არის მხოლოდ განცხადებები. დღეს ვართ მოცემულობაში, როცა განცხადებები არ არის კატეგორიული, მაგრამ, არც არჩევნების შედეგებია აღიარებული. ვართ შუალედურ ეტაპზე, პროცესში. ჯერ საბოლოო ვერდიქტი გამოტანილი არაა. არჩევნებზე ვერდიქტი რომ დაიდება, ამის შემდეგ დაიწყება რაღაც პროცესი. დღეს ემოციური ქმედებების დრო არ არის. უნდა დაველოდოთ ამ პროცესის ლოგიკურ პროცესამდე მიყვანას.

- ოპოზიცია კი ამბობს, რომ დარღვევებზე შეკრულ დოკუმენტებს დავდებთო, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ დაშინებულმა და მოსყიდულმა ადამიანებმა აღიარონ რომ ისინი ან დააშინეს, ან მოისყიდეს...

- აქ არც არის საუბარი იმაზე, რომ ყველა დარღვევა გამოვლინდება. საუბარია იმაზე, თუ როდის ხდებოდა სისტემური დანაშაული. გარკვეული რაოდენობის ფაქტები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ დანაშაულების განზოგადება შესაძლებელია. მაგალითად, ერთ-ერთი ორგანიზაცია ამბობს, რომ მათ აქვთ ვიდეომტკიცებულება საარჩევნო დარღვევის.

თუ არსებობს 100 ვიდეომასალა ერთ-ერთი სახეობის დარღვევის, მაგალითად მარკირების თავის არიდების, ან სხვისი პირადობის მოწმობით ვიღაც ხმას აძლევდა, ასეთი ერთი ფაქტი რომ ამოვარდეს, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, მაგრამ, ასეთი ასი ფაქტი თუ დაიდება, ცხადი გახდება, რომ პრობლემა სისტემურია და შესაძლებელია დასკვნების გაკეთება.

ლოგიკაში კი მოგყვებით, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ემიგრაციაში მყოფმა ადამიანებმა, რომლებიც საელჩოების მიერ ორგანიზებულ უბნებზე არ მიუღიათ მონაწილეობა, ვთქვათ ასეთი აღმოჩნდა 1000 ადამიანი, ამით შესაძლებელია ვიმსჯელოთ რომ დანაშაული სახეზეა. საქმე იმაში კი არაა, თუ ვის მისცა ადამიანმა ხმა, არამედ იმაში, რომ დანაშაულია მომხდარი.

არის ფაქტი, როცა ერთ-ერთ რეგიონში, მიტოვებულ სახლში 400 ადამიანი იყო ჩაწერილი. რა თქმა უნდა, ეს სისტემურ დანაშაულზე მოქმედებს და როგორც მინიმუმ ამ უბნის შედეგების გაუქმება უნდა მოხდეს. თუ ამ ტიპის დარღვევებს ჰქონდა სისტემური ხასიათი, შესაძლებელია იმის თქმაც, რომ ამგვარმა ფაქტებმა არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, მაშინ ბუნებრივია დგება საკითხი არჩევნების შედეგების ეჭვ ქვეშ დაყენების.

- თუ ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების აუდიტის ჩატარებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, არ არსებობს ამ აუდიტის საქმიანობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღონ მონაწილეობა, მაშინ რა ხდება?

- ხელისუფლებას შეუძლია ყველაფერზე დახუჭოს თვალები და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე იფიქროს, მაგრამ, აქ საინტერესო იქნება, ამის შემდეგ რა პოლიტიკური გადაწყვეტილებას იღებს აშშ, ევროკავშირი, და ეს როგორ აისახება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე.

ხელახალი არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი დამოკიდებულია როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებზე

თუ ხელისუფლება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ლეგალურ სივრცეში დაამტკიცო სიმართლე არჩევნებზე, მერე, ბუნებრივი იქნება თუ ეს ყველაფერი პოლიტიკაში გადავა.

- იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ შეძლო არჩევნების გაყალბების დამაჯერებელი მასალები წარმოადგინა, ამის შემდეგ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით ჩატარდეს ქვეყანაში ხელმეორე არჩევნები?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება იმის გამო, რომ არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან ბუნდოვანია. ისეთი ვითარებაა რაიმეს პროგნოზირება ჭირს. ჩვენ ვართ კრიზისულ ვითარებაში. ხელახალი არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხი დამოკიდებულია როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებზე.

თავად ოპოზიციის ადეკვატურობაზე, სწორად გადადგმულ ნაბიჯებზე. მოვლენათა სავარაუდო განვითარების სცენარები ძალიან ბევრია, ამიტომ მათზე საუბრისაგან თავს შევიკავებ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში