რატომ იბარებს პროკურატურა პრეზიდენტს
რატომ გააკეთა სპეციალური განცხადება ბაიდენმა საქართველოს არჩევნებზე და რაზეა აქცენტი აშშ-ს პრეზიდენტის გზავნილში
“უკრაინას ჩრდილოეთ კორეისთვის ომის გამოცხადება შეუძლია” - პირველი ცნობები ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების კურსკში დაღუპვაზე
* * *
რატომ იბარებს პროკურატურა პრეზიდენტს
“პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უყებაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია. ანალიტიკოსების შეფასებით, გამოძიების დაწყება და პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება სხვადასხვა მიზეზებმა განაპირობა. “პრეზიდენტი როცა გამოდის და იძახის, არჩევნები “რუსულად” გაყალბდაო, ასეთ ვითარებაში რა უნდა ექნა ხელისუფლებას და ვინ უნდა დაეძახა?”, - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის ვარაუდით კი, ამას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყვება. “ამას დადებითი შედეგი არ მოჰყვება. როგორც სასამართლო, რომელიც ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, რასაკვირველია, პროკურატურაც არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას და სათანადოდ არ გამოიძიებს”. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ იბარებს პროკურატურა პრეზიდენტს.
“საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარუოდ გაყალბების ფაქტზე... ცესკოს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცბეულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია... გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ საქმის აღძვრა და პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, რომელსაც საბოლოო ჯამში, არავითარი შედეგი არ მოჰყვება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მე რატომღაც მგონია, რომ ხელისუფლების მიზანია პრეზიდენტის პოლიტიკური დისკრედიტაცია, რადგან მან გარკვეულწილად პოლიტიკური ლიდერის პოზიცია დაიკავა და დღეს გამაერთიანებელ როლს თამაშობს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ გზით მმართველმა პარტიამ მისი დისკრედიტაცია გადაწყვიტა, ვინაიდან პრეზიდენტის დაბარება იმაზე მიუთითებს, რომ ვითომ პროკურატურას მასზე დიდი უპირატესობა გააჩნია. თითქოს რაღაც შეურაცხმყოფელი არის ის, რომ ქვეყნის მეთაურს პროკურატურაში იბარებენ, როცა შესაძლებელია მათი თანამშრომელი ზურაბიშილთან მივიდეს და გარკვეული ინფორმაციები მიიღოს. ამასთან, ხელისუფლება ცდილობს იმიტაციის შექმნას, რომ ვითომ საქმეს შეისწავლიან და თავს წარმოაჩენს ისე, თითქოს ნებისმიერი საქმის გამოსაძიებლად მზად არიან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“მე ასე მგონია, პროკურატურა საერთო ჯამში საქმის წამოებას გარკვეული პერიოდის მერე ფაქტების არ არსებობის გამო შეწყვეტს. ბევრი რამე ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, ის სანქციების პაკეტს მოამზადებს ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. შესაძლებელია, ასეთ ვითარებაში პროკურატურამ საქმე გამოიძიოს, ოღონდ ეს დაბრალდეს არჩევნებში მონაწილე ცალკეულ ადამიანებს და თქვან, რომ ამაში სახელმწიფო არაფერ შუაშია. თუმცაღა, როგორც ვთქვი, დიდი ალბათობით სისხლის სამართლის დევნა არ დაიწყება”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე. ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, გამოძიების დაწყება და პრეზიდენტის დაბარება გამოწვეულია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც მისივე აზრით, სამართლიანი შედეგი ექნება”, - დასძენს გამოცემა.
“ბაიდენი და მისი “შესტიორკა” ბორელი მოითხოვენ, რომ გინდა თუ არა გამოძიება დაიწყოსო. აბა რა უნდა ექნა ხელისუფლებას? ამ გამოძიებაში ის უნდა დაეძახათ, ვინც იძახის, რომ არჩევნები გაყალბდა, ანუ სალომე ზურაბიშვილი. რომ ამბობ არჩევნები გაყალბდაო, ამისთვის ხომ უნდა გქონდეს შესაბამისი მტკიცებულებები? მით უმეტეს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. აქციაზე და ტელევიზიით გამოდის და იძახის, რომ რუსულად გაყალბდაო. ასეთ ვითარებაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რა უნდა გააკეთოს? ამიტომ სახელმწიფოში შესაბამისი ორგანო არსებობს, რომელსაც პროკურატურა ჰქვია და რომელსაც ევალება კანონის დამღვევების წინააღმდეგ საქმის აღძვრა. ამიტომ დაუძახეს ქალბატონ სალომეს - მობრძანდით და შესაბამისი დასაბუთებით მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ მოხდა, რათა დამნაშავე დავსაჯოთ. ამავე დროს, თუ გაყალბდა, ვთქვათ რომ გაყალბდა. სალომე ზურაბიშვილს და მის “მეხუთე კოლონას” უნდათ, რომ პრეზიდენტი დაიჭირონ, თუმცა, მათდა სამწუხაროდ, ამ ბედნიერებას ვერავინ მიანიჭებს, ვინაიდან მათთვის ეს “ბაირამობა” იქნება. სალომე მორალურ-ზნეობრივად ისედაც დაჭერილია. ეს იმიტომ, რომ კონსტიტუციას არღვევს. ამაზე ეუთო/ოდირმაც დაწერა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
რატომ გააკეთა სპეციალური განცხადება ბაიდენმა საქართველოს არჩევნებზე და რაზეა აქცენტი აშშ-ს პრეზიდენტის გზავნილში
“საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად ეხმიანება - საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გამოიძიოს ყველა დარღვევა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ არჩევნებზე ხედვები მშვიდობიანად გამოხატონ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა “არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად”. განცხადებაში პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, დასავლეთს საქართველოს პროკურატურიადმი ნდობა არ აქვს და აქ გამოძიებული საქმე ვერ გახდება არჩევნების აღიარების საფუძველი და თუ დასავლეთმა არჩევნები არ აღიარა, ეს იქნება ბიძგი ცივილური სამყაროსგან იზოლაციის. ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამოძიებაზე მოწოდებები ქვეყნის შიდა საქმეებში “უხეში ჩარევაა”. - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გააკეთა სპეციალური განცხადება ბაიდენმა საქართველოს არჩევნებზე და რაზეა აქცენტი აშშ-ს პრეზიდენტის გზავნილში.
“შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ ძალიან საგანგაშო იყო ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის კანონპროექტების ამოქმედება, რომლებიც რუსული კანონების სარკის ანარეკლს წარმოადგენენ, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაზიანებული იყო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი დაფიქსირებული შემთხვევით, ისევე როგორც ამომრჩევლების დაშინებითა და იძულებით... ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სრულად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ბაიდენისა და სხვა დასავლელი ლიდერების განცხადებები და მოწოდებები საერთაშორისო გამოძიებაზე, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გზავნილი ახალი ნამდვილად არ იყო, თუ უახლოესი დღეების განცხადებებს გადავხედავთ, პირველი, ვინც ეს ინიციატივა წამოაყენა, ევროპული საბჭოს წარმავალი პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო, რომელმაც საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა, შემდეგ მას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ინიციატივა მოჰყვა. აქ ერთი ძალიან დიდი პრობლემატური საკითხია - რას ნიშნავს საერთაშორისო გამოძიება სუვერენული ქვეყნის საარჩევნი სისტემაში?! ეს ტოტალურად მიუღებელია და ისეთივე უშანსოა, როგორც თავის დროზე მოწოდებები, რომ უცხოელ ექსპერტებს ჩვენი მოსამართლეები შეემოწმებინათ ე.წ. ვეტინგით, რაზეც მმართველი გუნდისგან კატეგორიული და სამართლიანი უარი მიიღეს. როგორ შეიძლება სუვერენულ ქვეყანაში ერეოდე რაღაც კომისიებით, რაღაც შემოწმებებით? საქართველოს სახელმწიფო არავის პროტექტორატი არ არის და არავის ტერიტორია არაა, კოლონია მით უმეტეს. ჯო ბაიდენი გააკეთებს ამ შინაარსის განცხადებას, გაერო თუ რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლობა, ეს თავისუფალი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“განწყობებში ჩანს, რომ ეს, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამისტომაც, მსგავსი მოწოდებები დამაზიანებელია თვითონ ამ განცხადებების ავტორებისთვის”, - თვლის აბაშიძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბაიდენის განცხადება პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, თუმცა თუ “ოცნება” გამოძიებას საბოლოოდ არ დათანხმდა, შესაძლოა ეს იყოს საწინდარი ცივილურ სამყაროსგან იზოლაციის. “უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოთი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ჩვენი პარტნიორები არიან დაინტერესებული. ცდილობენ, რომ ურთიერთობები, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გაუარესდა, ნორმალურ კალაპოტში დააბრუნონ, მაგრამ ეს დაბრუნება იმის ხარჯზე უნდა მოხდეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი კვლავ აღდგეს და მიიღოს ის ფორმა, რაც მას ჰქონდა, სანამ დემოკრატიულ უკუსვლას დავიწყებდით”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის აზრით, “თუმცაღა, როგორც ჩანს, დღეს სიტუაცია საკმაოდ რთულია, ამას ჩვენი პარტნიორებიც აცნობიერებენ”, - დასძენს გამოცემა.
“ხელისუფლებას ამიტომაც მოუწოდებენ, რომ რაც შეიძლება ფრთხილი ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ ქვყანაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდეს. თუ ეს ლეგიტიმაცია ვერ შედგება, მაშინ ურთიერთობები პრობლემური იქნება და ყველა ის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური დახმარებები კითხვისნიშნის ვქეშ დადგება - ბაიდენის განცხადების ძირითადი პათოსი ესაა. ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ, რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამენ. მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ, მაგრამ საქართველოში პროკურატურისადმი ნდობა ნულის ტოლია, ამიტომ ცოტა რთული თემაა გამოძიება ვინ უნდა ჩაატაროს, პროკურატურა რომ არაფერს გამოიძიებს ეს ფაქტია”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ის, რომ “ოცნება” საერთაშორისო გამოძიებაზე თანახმა არაა, რამდენად უბიძგებს იმისკენ, რომ დასავლეთმა ოქტომბრის არჩევნები არ აღიაროს?” - პასუხობს:
“ახლა პროცესი სწორედ მაგეთ მიდის და ამიტომაც მოუწოდებენ, რომ გამოძიება ნეიტრალურმა მხარემ ჩაატაროს და არა ქართულმა პროკურატურამ. თუ “ოცნება” საერთაშორისო გამოძიებას საბოლოოდ არ დათანხმდა, მაშინ გამოვა ისე, რომ ქართული პორკურატურის გამოძიებულ საქმეს არავინ არ ენდობა და არც არავინ აღიარებს. ამას შედეგად კი ის მოჰყვება, რომ მოვექცევით ცივილური სამყაროსგან იზოლირებულ მდგომარეობაში”.
“უკრაინას ჩრდილოეთ კორეისთვის ომის გამოცხადება შეუძლია” - პირველი ცნობები ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების კურსკში დაღუპვაზე
“აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს საპასუხო დარტყმით უნდა უპასუხოს, თუკი ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ. “როიტერის” ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებული რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნით. ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გუშინ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში იმყოფებიან. “შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ნაწილები განლაგებულია კურსკის ოლქში”, - განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის 38 კორეელი ჯარისკაცია დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი, რომლის გამოც, მისივე ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “უკრაინას ჩრდილოეთ კორეისთვის ომის გამოცხადება შეუძლია” - პირველი ცნობები ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების კურსკში დაღუპვაზე.
“ჩრდილოეთ კორეამ უკრაინას ომი გამოუცხადა. მათი შეიარაღებული ძალების კონტინგენტი, 2 ათასი კაცი უკვე მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში. უკრაინაში სამხედრო ექსპერტის სტატუსი მაქვს და მომაწოდეს ზუსტი ინფორმაცია, რომ უკვე დაღუპულია 38 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი, 100-ზე მეტი დაჭრილია და დაახლოებით 2 ათასი კორეელი სამხედრო სპეციალურ წვრთნას გადის ოკუპირებული დონბასის საფრონტო ხაზის მიდამოებში, რომლებიც აქტიური სამხედრო წარმოებისთვის ემზადებიან. ნატოს გენერალურმა მდივანმაც დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები მონაწილეობს უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში. ამაზე მეტი დასტური რა შეიძლება იყოს? ასე რომ, ეს ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის მიერ შექმნილი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია, სადაც, რა თქმა უნდა, ირანიც მოიაზრება. რუსეთმა, ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ შექმნეს ევრაზიული სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, რომელიც რასაკვირველია, დამოუკიდებელ უკრაინას და დასავლეთს უპირისპირდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ვერ გეტყვით, რა შეიძლება უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გააკეთოს. ბუნებრივია, უკრაინა როგორც რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს, იგივეს იზამს ჩრდილოეთ კორეის მიმართაც. სხვათა შორის, მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეებს უხდიან თვეში 2 ათას დოლარს. ისინი დაქირავებული მებრძოლეები არიან. ასევე, ახლა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი სასწრაფო წესით რუსეთში ჩადის და ვლადიმერ პუტინს ხვდება, ესეც საინტერესო მომენტია, თუ რატომ გადაწყვიტა ასე უცებ ვიზიტი. როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების მებრძოლების დაღუპვისა და დასახიჩრების ფაქტები არსებობს და ალბათ, უკან დაბრუნებაზე ისაუბრებენ. სავარაუდოდ, ამასთან სხვა საკითხებიც არის განსახილველი”, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.
“გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინელების სამხედროებისთვის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ლეგიტიმური სამიზნე ხდება, რომელთა წინააღმდეგ გარკვეულ შეტევებს განახორციელებენ. “უკრაინას, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეისთვის ომის გამოცხადება შეუძლია, თუკი უკრაინაში შეიჭრება. კორეის ძალები უკვე ნიშნავს იმას, რომ ის ომში რუსეთის მხარეს ჩაება. ომის გამოცხადება ნიშნავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურსა და საინფორმაციო ომს, თორემ უკრაინა ჩრდილოეთ კორეას, რომ ვერ დაარტყამს ეს ნათელია, ხომ? აქ საუბარია იმაზე, რომ იმ დაჯგუფებებზე მიიტანოს დარტყმები, რომლებიც იმყოფებიან თუნდაც რუსეთის ტერიტორიაზე, ან სადღაც რუსეთის სამხედრო ბაზებზე. ჩრდილოეთ კორეის სამხედროები უკვე ხდებიან უკრაინელების ლეგიტიმური სამიზნე. ეს შეიძლება იყოს სპეცოპერაცია, დივერსიული მოქმედება, უშუალო კინეტიკური სამხედრო ზემოქმედება და სხვა”, - განმარტავს ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან”, - წერს სტატიის ავტორი.