პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო

პარლამენტმა 83 - ხმით, 15-ის წინააღმდეგ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო. კანონპროექტს პირველი მოსმენით ეყარა კენჭი.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია. არსებული კანონით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი შემდეგი სახის ნორმებს ითვალისწინებს:

შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულია/გამოცემულია სამართლებრივი აქტი ან განხორციელდა მოქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება ხელყო. ამ შემთხვევაში მოპასუხეა სადავო სამართლებრივი აქტის მიმღები/გამომცემი, სადავო მოქმედების ან უმოქმედობის განმახორციელებელი. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს ზემოაღნიშნულ სუბიექტებს უგზავნის. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას გამოიწვევს, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს განმცხადებელი საქმეში მოპასუხედ ჩააბას.

საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე სადავო სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ხოლო სადავო მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.

შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად აღიარებას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო