ოლეგ ჟდანოვი - დონბასის მიმართულებით მიმდინარეობს გააფთრებული პოზიციური ბრძოლები, რუსებს არ აქვთ საშუალებები, რომლითაც შეუძლიათ დონბასში დიდ შეტევაზე გადასვლა

ომის მეორე ფაზის წინ უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, იმაზე, რამდენად საკმარისია დასავლეთის სამხედრო დახმარება იმისათვის, რომ უკრაინამ შეძლოს აგრესორების უკრაინის დონბასიდან განდევნა, სავარაუდო, როდის და რა შედეგის დასრულდება ომი უკრაინაში, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.

- ბატონო ოლეგ, რუსეთმა დაიწყო უკრაინაში საომარი მოქმედებების მეორე ფაზა. ფაქტია, რომ მანამდე საომარი მოქმედებები და უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ომის მეორე ფაზის დაწყების წინ არსებულ ვითარებას და ფართომასშტაბიანი ომის მეორე ეტაპის დაწყების პირველ შედეგებს?

- პრინციპში არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. ჩვენ ომის მეორე ფაზისთვის ვემზადებოდით და ისევე როგორც 24 თებერვლიდან, ახლაც მზად ვართ ბრძოლისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი დონბასში შეტევაზე გადასვლის ძალისხმევას არ ავლენს. რუსული ძალებს დონბასში აქვთ მცდელობები იერიში მიიტანონ ამ მომენტისთვის უკრაინულმა ძალებმა ამ მიმართულებით ყველა შემოტევა მოიგერიეს და უნდა ითქვას, რომ რუსულ ძალებს დონბასში არანაირი წარმატება არ ჰქონიათ.

- ვიცით, რომ რუსული ძალებს ხარკოვის, კრივოი როგისა და მიკოლაევის მიმართულებაზე შეტევის განხორციელების მცდელობა ჰქონდათ. ამ მიმართულებებზე რა ვითარებაა?

- რუსები აგრძელებენ ხარკოვისა და მიკოლაევის შორი მანძილიდან დაბომბვას. ისინი ხარკოვშიც და მიკოლაევშიც უკრაინული პოზიციებიდან შორს არიან. მათი მიზანია არ მიეცეს უკრაინულ მხარეს ამ მიმართულებებიდან ძალების ნაწილის მოხსნის საშუალება და დონბასის მიმართულებაზე გადასროლა.

რუსები აგრძელებენ ხარკოვისა და მიკოლაევის შორი მანძილიდან დაბომბვას... მათი მიზანია არ მიეცეს უკრაინულ მხარეს ამ მიმართულებებიდან ძალების ნაწილის მოხსნის საშუალება და დონბასის მიმართულებაზე გადასროლა

შეიძლება ითქვას რომ მათი ასეთი მოქმედება დონბასში შეტევაზე გადასვლის წინ მათი მხრიდან ყურადღების გადატანის მანევრია.

- დონბასის მიმართულებაზე რუსები შეტევაზე არც გადასულან. სწორად გავიგე?

- დიახ, დონბასის მიმართულებაზე მიმდინარეობს გააფთრებული პოზიციური გააფთრებული ბრძოლები. დღეისათვის რუსებს არც ჰქონიათ დონბასის მიმართულებაზე მასირებულ შეტევაზე გადასვლის მცდელობა. უფრო სწორად მათ არ აქვთ საშუალებები, რომლითაც შეუძლიათ დონბასში დიდ შეტევაზე გადასვლა.

დღეისათვის რუსებს არც ჰქონიათ დონბასის მიმართულებაზე მასირებულ შეტევაზე გადასვლის მცდელობა. უფრო სწორად მათ არ აქვთ საშუალებები, რომლითაც შეუძლიათ დონბასში დიდ შეტევაზე გადასვლა

- რუსული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს ჩვენ კიდევ შევეხებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინას აშშ-მ და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა მიაწოდეს? ომის მეორე ეტაპისათვის რამდენად მზად არიან უკრაინის შეიარაღებული ძალები?

- უკრაინული ძალები სრულად არიან მზად ომის მეორე ეტაპისათვის. ჩემი აზრით, მათი მზადყოფნა ომის მეორე ეტაპისათვის ასე ძლიერად არაა დამოკიდებული უკრაინისთვის ჩვენი პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღზე.

ასეა იმიტომ, რომ თავდაცვითი ომის წარმოებისთვის უკრაინას საკუთარი ძალებითაც შეუძლია გამკლავება.

- თავდაცვითი ომი გასაგებია, მაგრამ, ფაქტია, რომ დონბასში უკრაინული მხარის მიზანია რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება...

- ომის მეორე ეტაპი გახლავთ რუსული აგრესიის მეორე ტალღა და არა რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბრძოლა.

ახლა უკრაინული დონბასის მიმართულებაზე ის რუსული ძალები ებრძვიან, რომლებშიც რუსებმა ოპერატიული რეზერვის მობილიზება შეძლეს.

- რადგან ამ საკითხს შეეხეთ, თქვენ როგორ შეაფასებდით რუსული ძალების შესაძლებლობას დონბასის მიმართულებაზე აწარმოონ საომარი მოქმედებები?

- პრინციპში არც თუ ისე ცუდად. უნდა ითქვას, რომ ისინი, ვინც უკრაინულმა ძალებმა საკმაოდ დააზიანეს და დააზარალეს, ომის მსვლელობისას ახერხებენ რაღაცების სწავლას. რუსეთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ფედერაცია მეორე ომის ომის პარადიგმაში ცხოვრობს.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არ იციან თანამედროვე ომის წარმოება. რუსები მცირე მანევრის საშუალების მქონე ტანკების კოლონებით ომობენ, ცდილობენ „დამრტყმელი მუშტების“ შექმნას. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მათ გონებაში ახლა მეორე მსოფლიო ომია.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არ იციან თანამედროვე ომის წარმოება. რუსები მცირე მანევრის საშუალების მქონე ტანკების კოლონებით ომობენ, ცდილობენ „დამრტყმელი მუშტების“ შექმნას. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მათ გონებაში ახლა მეორე მსოფლიო ომია

მეც სამხედრო განათლება სამხედრო სასწავლებელში სსრკ-ს სახელმძღვანელოებით მაქვს მიღებული და ვიცი ის, რომ რუსები დღესაც იმ სქემებით იბრძვიან.

- სავარაუდოდ, როდის და რა შედეგით დასრულდება ომის მეორე ეტაპი?

- პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია იმიტომ რომ რუსეთმა ჯერ ვერ შეძლო ბრძოლაში იმის ჩართვა, რისი თავმოყრა უკრაინის ფრონტზე შეძლო. 20-25 რუსული ბატალიონი იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე და ისინი ცდილობენ მათ ბოლომდე დაკომპლექტებას ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით ისე, რომ ისინი ბრძოლისუნარიანი გახდნენ.

საუბარი იმაზე, რომ რუსებმა შეძლეს შეტევაზე გადასავლელად ძალების მომზადება, ვერანაირად ვერ იტყვი. იმის გათვალისწინებით თუ რა ძალების მობილიზება შეძლეს რუსებმა, შეიძლება თქმა, რომ მათ მიერ დაწყებული შეტევითი ოპერაცია მაქსიმუმ 7-14 დღე გაგრძელდეს. მათ მეტი რომ იბრძოლონ, ჩემი აზრით, ძალები არ ეყოლებათ საკმარისი.

იმის გათვალისწინებით თუ რა ძალების მობილიზება შეძლეს რუსებმა, შეიძლება თქმა, რომ მათ მიერ დაწყებული შეტევითი ოპერაცია მაქსიმუმ 7-14 დღე გაგრძელდეს. მათ მეტი რომ იბრძოლონ, ჩემი აზრით, ძალები არ ეყოლებათ საკმარისი

- ვრცელდება ინფორმაცია რომ რუსები ცდილობენ ქალაქ ხერსონში რეფერენდუმის ჩატარებას. ამ თემაზე ბოლო მონაცემები როგორია?

- ხერსონში ქალაქის მოსახლეობა ოკუპანტებს მაქსიმალურად უწევს წინააღმდეგობას. მოსახლეობას საბოტაჟი აქვს გამოცხადებული საოკუპაციო ძალებისათვის. ოკუპანტები ვერ ახერხებენ ადგილობრივების გადაბირებას. ცხადია, რომ ასეთ ფონზე რუსები ხერსონში ვერ ჩაატარებენ ვერანაირ რეფერენდუმს.

იმასაც ვხედავთ, რომ ოკუპანტები ხერსონში ვერ ახერხებენ რუსული ტელევიზიებისთვის ისეთი სურათის ჩვენებას, რომ ამ ქალაქში შეძლეს ადგილობრივი მოსახლეობის რუსეთის სასარგებლოდ თანამშრომლობაში დაყოლიება.

- კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა რუსულ არხზე განაცხადა - „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არა უკრაინას, არამედ ნატოს ვებრძვით“.

არადა, ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში არც ამერიკელი და ნატოს არც ერთი ქვეყნის ჯარისკაცები არ იღებენ მონაწილეობას...

- ამერიკელები და ნატოელები არა მარტო არ იღებენ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, არამედ საომარი მოქმედებებიდან მაქსიმალურად ცდილობენ დისტანცირებული იყვნენ.

რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ლოგიკა აბსოლუტურად გასაგებია. ისინი ცდილობენ თავის საზოგადოების წინაშე გაამართლონ ბრძოლის ველზე წარმატების არქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამაზე საზოგადოებას ექნება რეაქცია.

გახსოვთ, რა რეაქცია ჰქონდა რუსულ საზოგადოებას უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართული მედინსკის განცხადებაზე, როცა მან თქვა, რომ რუსული მხარე კიევის მიმართულებაზე და კიევის აღებაზე აღარ იზრუნებს.

რუსეთში ხმამაღლა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მოლაპარაკებებში მოღალატეები იყვნენ ჩართული, რომ არმიის ფული მოიპარეს და ასე შემდეგ. არადა ფაქტია, რომ კრემლმა სამჯერ შეცვალა მისი უკრაინული გეგმები.

- სავარაუდოდ, 9 მაისისათვის როგორი სურათი იქნება? რუსები შეძლებენ 9 მაისს დონეცკსა და ლუგანსკში 1945 წლის 9 მაისის აღსანიშნავი აღლუმების ჩატარებას?

ასე კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ პუტინს 9 მაისს კიევში, უკრაინის ნაწილზე მაინც გამარჯვება უნდა ეზეიმა...

- შესაძლოა, დონეცკსა და ლუგანსკში ჩაატარონ, თუ იმ მომენტისთვის ამის სურვილი და განწყობა ექნებათ და მთელი ძალით არ იქნებიან ჩართული ბრძოლაში. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ მათი შემოტევების მოგერიებას. ჯერჯერობით ძალიან ჭირს თუ როგორ განვითარება პროცესები.

გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ისინი რეზერვით თავისი ძალების შევსებას.

- იძულებული ვარ ისევ კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გავიხსენო. მანს თქვა - „თუ გვინდა ომის მოგება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 300 ათასი ადამიანი დაიღუპება“.

აშკარაა, რომ ამ ტიპის განცხადება იმისთვის გაკეთდა, რომ რუსეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს...

- დიახ, რუსეთმა ან საყოველთაო, ან ნაწილობრივი მობილიზაცია უნდა განახორციელოს. რასაც მე ვაკვირდები მოსკოვში მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაციის ვარიანტს განიხილავენ.

ომის პირველ დღეებში საყოველთაო მობილიზაციაზე უარი თქვა ფედერაციის საბჭომ. ახლა ნაწილობრივი მობილიზაციის ვარიანტი განიხილება, რომელიც ითვალისწინებს მობილიზაციის ჩატარებას უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში.

ბელგოროდის, კურსკის, ფსკოვის ოლქებში დაწყებულია ნაწილობრივი მობილიზაცია. რუსეთის ეფ-ეს-ბეს ამ ოლქებში დაწყებული აქვს ე.წ. ტერორისტული აქტების განხორციელება, ანუ „სხვების დროშის ქვეშ ოპერაციის“ ჩატარება.

კაშირის გზატკეცილზე სახლები იქნა დაცხრილული და მომხდარში დაადანაშაულეს უკრაინა. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ოლქებში გამოაცხადონ საომარი მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში კანონითაა ნავარაუდები საყოველთაო მობილიზაციის განხორციელება. ბელგოროდის, კურსკისა და ფსკოვის ოლქების მოსახლეობა ძალდატანებით იქნება გაწვეული რუსულ ჯარში უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

ბელგოროდის, კურსკისა და ფსკოვის ოლქების მოსახლეობა ძალდატანებით იქნება გაწვეული რუსულ ჯარში უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად

- როგორც ჩანს, ომი უკრაინაში მალე არ დასრულდება. თქვენი პროგნოზით, სავარაუდოდ რამდენ ხანში შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში?

- ჩემი აზრით ომი უკრაინაში რამდენიმე თქვე გაგრძელდება. რატომ? იმიტომ რომ რუსეთს ამ დროსთვის დაუმთავრდება მოდერნიზებული და ახალი სამხედრო ტექნიკა, საუბარია იმაზე, რაც აქვს. ახალი იარაღის წარმოებას ისინი ვერ შეძლებენ. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში არ აქვს მყარი იდეოლოგიური საფუძველი.

როსტოვის ოლქში უკვე გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, ამან ხალხში პანიკა გამოიწვია. მოსკოვი აქამდეც ვერ ახერხებდა რეზერვის შევსებას. ისინიც კი ვინც რეზერვში კონტრაქტით მსახურობდა, ამისთვის ფულს იღებდა.

ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, ვინც კი გაიწვიეს რეზერვში, იმათგან მხოლოდ ერთი პროცენტიც კი არ დათანხმდა წასულიყო უკრაინაში საბრძოლველად. საუბრის დასაწყისში მე ვთქვი რომ 20-25 ბატალიონია ახლა რუსეთის ტერიტორიაზე და ისინი ვერ ახერხებენ მათ სრულად დაკომპლექტებას.

ომი უკრაინაში გაგრძელდება რამდენიმე თვე, შესაძლოა ნახევარი წელი, ან მეტიც კი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები ფრონტის ხაზებზე. მხოლოდ ფრონტზე არსებულმა მდგომარეობამ შეიძლება განსაზღვროს უკრაინაში ომის ხანგრძლივობა და მისი შედეგი.

ომი უკრაინაში გაგრძელდება რამდენიმე თვე, შესაძლოა ნახევარი წელი, ან მეტიც კი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები ფრონტის ხაზებზე. მხოლოდ ფრონტზე არსებულმა მდგომარეობამ შეიძლება განსაზღვროს უკრაინაში ომის ხანგრძლივობა და მისი შედეგი

ასეა, რადგან პუტინი არ აპირებს კიევთან მოლაპარაკებებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი პუტინის ზურგს უკან ცდილობს კიევთან მოლაპარაკებებზე გამოსვლას. მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ სიტუაციას ქვეყანაში ჯერ აკონტროლებს პუტინი და არა პატრუშევი.

- მოდით დავაზუსტოთ - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი პუტინის ზურგს უკან ცდილობს კიევთან მოლაპარაკებების წარმოებას?

- პატრუშევი ცდილობს დასავლეთში მომლაპარაკებლების მოძებნას და კიევზე გასვლას. კიევი მისგან მუდმივად იღებს სიგნალებს. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ კრემლი უკრაინასთან მიმართებაში მიზნებს ცვლის.

კობზონის გარდაცვალების შემდეგ პატრუშევი დღეს რუსეთის მთავარი ნარკობარონია. რამდენიმე წლის წინ გამჟღავნდა რომ არგენტინიდან ნარკოტიკებს სწორედ მისი თვითმფრინავი ეზიდებოდა. რუსეთი დღეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ახორციელებს ნარკოტიკულ საშუალებებზე ბარტერს. მაგალითად, ცვლის კოკაინს ჰეროინზე.

სხვათა შორის, პატრუშევს ჰყავს პუტინის შემცვლელი კანდიდატი, მას უნდა რუსეთის პრეზიდენტი გახდეს მისი შვილი, რომელიც რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრია.

- პუტინის შემცვლელად რომ პატრუშევის შვილი მოიაზრებოდა რუსეთის პოლიტელიტის გარკვეულ წრეებში, ამაზე საკმაოდ ბევრი ინფორმაციები ვრცელდებოდა რუსულ მედიაში.

საუბრის ბოლოს უნდა გკითხოთ. თქვენ გაქვთ განცდა, რომ უკრაინა ომს რუსეთთან მოიგებს?

- რა თქმა უნდა, ასეთი რწმენა მაქვს. საქმე იმაშია, რომ უკრაინა რუსეთთან მარტო არ იბრძვის. უკრაინის მხარეს იბრძვის კოლექტიური დასავლეთი. უკრაინის გამარჯვება, ან დამარცხება ეს იქნება ან უკრაინისა და კოლექტიური დასავლეთის ან გამარჯვება, ან დამარცხება. დასავლეთი კი ამ ომის წაგებას არ აპირებს, არც უკრაინა აპირებს აგრესორთან ბრძოლის შეწყვეტას.

პუტინმა კოლექტიურ დასავლეთს საკმაოდ ძლიერად მოუქნია, კოლექტიური დასავლეთი უკრაინასთან ერთად მას ამას არ აპატიებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება