კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ფართოვდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ფართოვდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით - 78 ხმით, (1 - წინააღმდეგი) მიიღო.

ამასთან, “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონის პროექტით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს ენიჭება უფლება პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული წინადადებით ზედამხედველ პროკურორს მიმართოს.

კანონის პროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას დაადგენს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც სხვა სახელმწიფო ორგანოს ეკუთვნის, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც გამოძიებას აწარმოებს. ამავე დროს, ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამ უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე.

კანონპროექტის თანახმად, სათანადო სოციალური გარანტიებით თანაბრად ისარგებლებენ, როგორც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებით არ არიან აღჭურვილნი.

კანონპროექტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა. პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და მიხეილ სარჯველაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო