ნინო ლომჯარია - სააკაშვილის მდგომარეობა არათუ დასტაბილურდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩატარებული მკურნალობა არაა ეფექტიანი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფის შექმნა უბრალოდ მისი ხედვაა და ხელისუფლებაში რომ იყოს, ექიმებს მოიწვევდა.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მის რეკომენდაციას უნდა გამოეხმაუროს.

„ეს იყო უბრალოდ ჩემი მხრიდან ხედვა. მე ხელისუფლებაში არ ვარ. მაგრამ, ვინმეს რომ ეკითხა, ხელისუფლებაში რომ ვიყო, როგორ უზრუნველვყოფდი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას პენიტენციურ სისტემაში, მოვიწვევდი ექიმებს, კონსილიუმს და ვკითხავდი, რა სჭირდება მას, რა შეიძლება გაკეთდეს. ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებდი დარგის ექსპერტებთან ერთად. ეს ჩემი ხედვაა და ხელისუფლება ამ ყველაფერს უნდა გამოეხმაუროს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ ჩატარებული მკურნალობა ეფექტიანი არაა და თუ მისი ჯანმრთელობის საჭიროებები დაკმაყოფილებული არ იქნა, ალბათობაა, რომ ეს არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს.

„დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა არ იყო ეფექტიანი და შედეგიანი. მკურნალობამ არა მხოლოდ შეჩერება უნდა მოახდინოს დაავადების, არამედ განკურნებაც. ჩვენ დავინახეთ, რომ არათუ დასტაბილურდა მდგომარეობა, არამედ მკვეთრად გაუარესდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩატარებული მკურნალობა არაა ეფექტიანი და თუ ეს ასე გაგრძელდა და მისი ჯანმრთელობის საჭიროებები დაკმაყოფილებული არ იქნა, მაღალია ალბათობა, რომ ეს გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას და არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს სტრასბურგის სასამართლომ”,- განაცხადა სახალხო დამცველმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!