ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს საგადასახადო ტვირთი - ქონების გადასახადის ნაწილში გარკვეულწილად შეუმსუბუქდებათ

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს საგადასახადო ტვირთი - ქონების გადასახადის ნაწილში გარკვეულწილად შეუმსუბუქდებათ.

ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა.

კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო შეღავათებით 3080 გადამხდელი ისარგებლებს, კერძოდ: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

კერძოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტი 2022 წელს გათვალისწინებული ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან, გარდა მიწის გადასახადისა. ამასთან, ცვლილების თანახმად, ამ შემთხვევაში საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადის გადახდისგან და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, მიუხედავად ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათისა, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

პროექტით, აღნიშნულთან მიმართებაში ასევე განსაზღვრულია „შენიშვნა“, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განმარტა, კანონის მიღება აუცილებელია კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით შექმნილი რთული მდგომარეობის შესამსუბუქებლად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი დაჩქარებული წესით განხილვა არსებითად მნიშვნელოვანია რიგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

„კერძოდ, შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების მიმართ 2022 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილია აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით ხდება შესაბამისი საურავების დარიცხვა. ზემოაღნიშნული მძიმე ტვირთად აწვება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებზეც ეკონომიკურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია პროექტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გავრცელება. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონპროექტის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღება, რათა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს მიეცეთ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, 2022 წელს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, დაახლოებით, 39 მილიონი ლარი დააკლდება. კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, კანონის საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს.

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი და რამინა ბერაძე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო