საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ისლანდიას პირველად სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, პირველი ოფიციალური ვიზიტით ისლანდიაში იმყოფება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბირკირ არმანსონთან და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თორდის გილფადოტირთან.

ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და კომიტეტის წევრი გივი მიქანაძე შედიან.

ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ისლანდიის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოითქვა. ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მომავალ სამიტზე და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ მინისტრს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ისლანდიის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობას. ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე, ისლანდიაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

„პირველად ისტორიაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობს ისლანდიას. გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთ მთავარ თემას რომელსაც განვიხილავთ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება. ისლანდიას, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ წევრს ამ მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ რეგიონში არსებულ სახიფათო ვითარებაზე და ნატო-ს მადრიდის სამიტზე, რომელსაც წელს განსაკუთრებული დატვირთვა ექნება საქართველოსთვის. ისლანდიელ კოლეგებთან შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი კავშირები სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო