ანა ნაცვლიშვილის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს წერილით მიმართავს

დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სწავლების ფორმატთან დაკავშირებით წერილით მიმართავს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ თხოვნით; პირველ რიგში, არამხოლოდ როგორც პარლამენტის წევრი, არამედ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ამ დიდი და საამაყო ოჯახის წევრი. მოგმართავთ იმ პასუხისმგებლობის განცდით, რომ ის, რაც ხდება სახელმწიფო უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის სახელით, გარკვეულწილად - ჩემი მორალური პასუხისმგებლობაცაა.

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით შევიტყვე, რომ 2022 წლის 2 მაისიდან, აუდიტორიული საუნივერსიტეტო სწავლების დაწყების პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს არ სთავაზობს ალტერნატიულ, ჰიბრიდული სწავლების ფორმატს, რაც ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აყენებს სტუდენტებს რეგიონებიდან, რომელთა ხვედრითი წილი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდია.

მოგეხსენებათ, სასწავლო სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 2 თვე, ფასების საშუალო მაჩვენებელი ბინებზე კი საგრძნობლად გაზრდილია და ამასთან, ბინის გამქირავებლები ერიდებიან მსგავსი ხანმოკლე ხელშეკრულებების გაფორმებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს ფაქტობრივად ესპობათ სწავლის გაგრძელებისა და განათლების მიღების ფუნდამენტური უფლება. ვფიქრობ, ეს მოცემულობა წინააღმდეგობაში მოდის სწავლების ჩვეულ ფორმატში გაგრძელების მთავარ მოტივაციასთან - განათლების ხარისხის ზრდასთან.

მე, როგორც მოქმედ ლექტორს საქართველოს ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, რომელმაც, ყველა კოლეგის მსგავსად, ორი ძალიან მძიმე წელი გავიარე ჩემს სტუდენტებთან ერთად ონლაინ რეჟიმში, პირადი გამოცდილებითაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აუდიტორიაში წარმართულ სასწავლო პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. თუმცა ახლა, როდესაც ორწლიანი ონლაინ რეჟიმის შემდგომ, ვითარება თანდათან უბრუნდება ნორმალურ ნიშნულს, აუცილებლად მიმაჩნია გარდამავალი პერიოდის დაწესება და სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის უზრუნველყოფა, როგორც ეს არაერთმა სხვა უმაღლესმა სასწავლებელმა გააკეთა.

საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან გადაწყვეტილება სწავლების ფორმატთან დაკავშირებით მიღებული უნდა ყოფილიყო როგორც აკადემიურ პერსონალთან, ისე სტუდენტებთან ფართო კონსულტაციების შედეგად, ყველა ფაქტორის და ლეგიტიმური ინტერესის შეჯერებით და საუკეთესო, დაბალანსებული გამოსავლის მოძებნით.

სამწუხაროა, რომ თქვენი მხრიდან ამის უზრუნველყოფა არ მოხდა. ჰიბრიდული რეჟიმის შეთავაზებაზე უარის თქმა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობის გაუაზრებლად მიღებული, გაუმართლებლად მკაცრი გადაწყვეტილება, რომელიც მოკლებულია საჭირო არგუმენტაციას და ლეგიტიმურ მიზანს.

გთხოვთ, რეალისტურად შეაფასოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, გაითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ თავად სასწავლებელი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტებს შესაბამისი სტანდარტების და სიდიდის სტუდენტური საცხოვრებლით და გადახედოთ მიღებულ გადაწყვეტილებას, რათა ათასობით სტუდენტს არ წაართვათ არამხოლოდ წვდომა განათლებაზე, არამედ სამართლიანობის, ღირსების, თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის რწმენა, იმ ღირებულებებისა, რომელთა სადარაჯოზეც ისტორიულად იდგა ჩვენი თეთრი ტაძარი”,- აღნიშნულია წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა