ეროვნული ბანკის ანგარიში - მაღალი ინფლაციის მიზეზი COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება იყო, რა დროსაც ერთბაშად რამდენიმე ფაქტორმა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ინფლაციური წნეხი გაძლიერდა.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი ინფლაციის მიზეზი COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება იყო, რა დროსაც ერთბაშად რამდენიმე ფაქტორმა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებში გლობალური ინფლაცია ერთ- ერთი მთავარი თემა იყო. მაღალი ინფლაციის მიზეზი მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა იყო, რაშიც სურსათის გაძვირება გამოირჩეოდა. პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფლიოში 2021 წელს სურსათის საშუალო ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზე იყო. მობილობის აღდგენასთან ერთად, ნავთობზე მოთხოვნა და ფასები საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდა. მსოფლიოში ნავთობის ფასები წლის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზეც აისახებოდა.

COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა შეზღუდვებმა, შემდგომ კი ეკონომიკის აღდგენითი პროცესის და მისი თანმდევი მოთხოვნის გააქტიურებამ, სატრანსპორტო არხების გადატვირთვა გამოიწვია, რამაც მსოფლიოში სატრანსპორტო და სხვა საოპერაციო ხარჯები მკვეთრად გაზარდა, რაც, თავის მხრივ, თითქმის ყველა სახის პროდუქტის საბოლოო ფასზე აისახა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია არამხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაცაა. გასული წლის დეკემბერში ინფლაციამ აშშ-ში 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ევროზონის ინფლაციამ - 5.0 პროცენტი. მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისში ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და მარტში ინფლაციამ აშშ-ში 8.5 პროცენტს მიაღწია, რაც ბოლო 40 წლის მაქსიმუმია. ხოლო ევროზონის ინფლაცია 7.5 პროცენტი იყო - ეს კი მისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფლაცია ასევე გაიზარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. აღწერილი ფაქტორების გავლენით, 2021 წელს საქართველოში ინფლაციას მზარდი ტენდენცია ჰქონდა. იანვარში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო წლიური ინფლაცია შედარებით შემცირებული იყო და 2.8 პროცენტს შეადგენდა, თუმცა შემდეგ თვეებში თანდათან იზრდებოდა და უმაღლეს ნიშნულს, 13.9 პროცენტს, დეკემბერში მიაღწია. 2020 წლის 6.8 პროცენტიანი კლების შემდეგ ეკონომიკური აქტივობა 2021 წლის პირველ კვარტალშიც სუსტი იყო, თუმცა მეორე კვარტლიდან პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვები თანდათან შემსუბუქდა, რამაც ეკონომიკური სურათი საგრძნობლად შეცვალა. საერთაშორისო მობილობაზე დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა გაუქმდა, რამაც ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენას შეუწყო ხელი. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ნაკადმა ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო, რამაც ტურიზმიდან და მასთან დაკავშირებულ ბიზნეს საქმიანობებიდან მიღებულ შემოსავლებზე დადებითი გავლენა მოახდინა. 2021 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეტაპობრივად, 8.0 პროცენტიდან 10.5 პროცენტამდე გაიზარდა”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ფულადი გზავნილების მზარდი დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა.

დოკუმენტის მიხედვითვე, ბანკებმა 2021 წელი სოლიდური მოგებით დაასრულეს.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო