კურტ ვოლკერი - რუსეთი ამ კონფლიქტის დასასრულს დასუსტებული სახელმწიფო იქნება, მაშინ, როცა უკრაინა უფრო გაძლიერდება

რუსეთი ამ კონფლიქტის დასასრულს დასუსტებული სახელმწიფო იქნება - უკრაინა გაძლიერდება და უფრო დაუახლოვდება ევროპას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში და ნატოში, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ვოლკერმა აღნიშნა, “ის, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს, არის რუსეთის დამარცხება და ჩვენ ვეხმარებით“.

“ვაწვდით შეიარაღებას, დახმარებას, რათა მივცეთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ სჭირდებათ. უკრაინამ აჩვენა შესანიშნავი გამბედაობა, მონდომება, ბრძოლის უნარი, შეაჩერა რუსული წინსვლა კიევის წინააღმდეგ და უკან დაახევინა მათ. ისინი ახლა იბრძვიან აღმოსავლეთ უკრაინასა და სამხრეთში. ისინი გააგრძელებენ ბრძოლას და დასავლეთი გააგრძელებს მათ დახმარებას”,- განაცხადა მან.

კურტ ვოლკერმა ისაუბრა იმაზე, თუ რა არის პუტინის გეგმები და აღნიშნა, რომ ის შეეცდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარებას.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, უკრაინელები საბოლოოდ რუსებს უკან დაახევინებენ.

„პირველ რიგში, რაც მგონია, რომ მოხდება არის ის, რომ პუტინი შეეცდება კონტროლი დაამყაროს აღმოსავლეთ უკრაინაზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე, მარიუპოლის ჩათვლით. ეს აერთიანებს ორ რუსულ ტერიტორიას ხერსონის გავლით, ყირიმამდე. მან შეიძლება ამ ტერიტორიების ანექსირება გადაწყვიტოს, რომ ისინი რუსეთის ნაწილად აქციოს. მაგრამ არ მჯერა, რომ უკრაინელები ამის საშუალებას მისცემენ. რომც ვერ შეძლონ დღეს შეჩერება რუსების, ისინი არ დასთანხმდებიან იმას, რომ რუსეთმა მათი ტერიტორიის დამატებითი ნაწილი წაიღოს და ისინი გააგრძელებენ ბრძოლას. საბოლოოდ კი რუსებს უკან დაახევინებენ. რუსებმა აჩვენეს, რომ მათი სამხედროები საშინელ მდგომარეობაში არიან. მათ აქვთ დაბალი მორალი, ცუდად არიან გაწვრთნილები, აქვთ ცუდი აღჭურვილობა, ჰყავთ ცუდი მართვის, კონტროლის და ლიდერობის მქონე ხელმძღვანელები. ამასთან სანქციები განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ამყოფებს რუსეთის ეკონომიკას. ამის შედეგად, ვფიქრობ, რომ რუსები სუსტ პოზიციაში იქნებიან და უკრაინა გააგრძელებს ზეწოლას.

არ ვფიქრობ, რომ უკრაინა ამ ეტაპზე რუსეთის ყირიმიდან გაძევებას შეეცდება. მაგრამ ისინი ამას შეეცდებიან რუსების მიერ ახლად აღებულ ტერიტორიებზე: ყირიმის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთი ამ კონფლიქტის დასასრულს დასუსტებული სახელმწიფო იქნება. არა ტერიტორიული, არამედ საერთაშორისო რეპუტაციის, ეკონომიკის, ბიზნესის კეთების, ბუნებრივი აირის ექსპორტის კუთხით. სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებს საერთაშორისო ტრიბუნალი ომის დანაშაულებისთვის პასუხს მოსთხოვს. უფრო დასუსტებული იქნება რუსეთი. ეს კი მაშინ, როცა უკრაინა უფრო გაძლიერდება. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სუვერენიტეტის და თავისუფლების დასაცავად. ამ ყველაფერმა მათი ეროვნული იდენტობა გააძლიერა. ისინი მიიღებენ მნიშვნელოვან დახმარებას აღმშენებლობისთვის საერთაშორისო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ-სგან და ეს ყველაფერი მოხდება ისე, რომ უკრაინა გაძლიერდება და უფრო დაუახლოვდება ევროპას”, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

რაც შეეხება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, თუ რა სახის უსაფრთხოების არქიტექტურას შეიძლება ველოდოთ ევროპაში და შავი ზღვის რეგიონში, ყოფილმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი, ომის დასრულების შემდეგ, რუსეთი დასუსტდება, ხოლო უკრაინა გაძლიერდება, იგი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ უკრაინა ნატოში გასაწევრიანებლად.

„ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი სახის უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის. პუტინი ამბობს, რომ ნატო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, რომ უკრაინა არის საფრთხე რუსეთისთვის და რომ უკრაინის ნატოში წევრობა იქნება მიუღებელი. ზელენსკი კი პასუხობს ,,კარგი, არ გვჭირდება ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რათა დავრწმუნდეთ, რომ თავდასხმები არ მოხდება მომავალში. უკრაინელები სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ერმაკი იყო თურქეთში და ელაპარაკებოდა თურქულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიებზე. მათ ჰქონდათ საუბრები გაერთიანებულ სამეფოსთან, პოლონეთთან და გუშინ ვნახე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩინეთი ახსენა, რომელსაც სავარაუდოდ უსაფრთხოების გარანტიებზე მიმართეს. მე არ მჯერა, რომ არსებობს რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უკეთ მუშაობს ვიდრე ნატოს უსაფრთხოების გარანტიები. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ ბუდაპეშტის მემორანდუმი, სადაც რუსეთი გაერთიანებულ სამეფოს და სხვა სახელმწიფოებს დაჰპირდა, რომ პატივს სცემს და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთმა პირობები დაარღვია და არავინ არაფერი გააკეთა. ასე რომ, ვფიქრობ, სხვა ნებისმიერი სახის უსაფრთხოების გარანტია არ არის საპირწონე ნატოს მეხუთე მუხლის. ომის დასასრულს, თუკი ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობ, რუსეთის დასუსტებით და უკრაინის გაძლიერებით, ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ უკრაინა ნატოში გასაწევრიანებლად”, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა