მრჩება განცდა, რომ „თელასის“ ერთადერთი ამოცანა მხოლოდ ფულის შოვნაა და მას ჩვენი ქალაქის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია, მაშინ როდესაც ის არ არის ჩვეულებრივი ბიზნეს სუბიექტი - „თელასი“ ბუნებრივი მონოპოლისტია, რომელიც სტრატეგიულ ობიექტს ფლობს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიამ საკუთარი კომუნიკაციებისა და ქსელის აღწერა დღემდე ვერ მოახერხა, რაც ქალაქს დამატებით პრობლემებს უქმნის.
„მე, როგორც სამგორის მაჟორიტარს, ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც კომპანია „თელასის“ არასწორ საქმიანობას მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეუქმნია. ხშირად, მათი დაუდევრობის გამო, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დროულად ვერ ხერხდება“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არსებული პრობლემების განსახილველად, საკრებულოში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დახმარებითა და ჩართულობით, „თელასის“ ხელმძღვანელობის მოწვევა იგეგმება.