ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის დავით ზალკალიანის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
რწმუნებათა სიგელის ასლების გადაცემის ცერემონიას სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის უფროსი, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკა ოლსონი, კავკასიის საქმეთა და რეგიონალური კონფლიქტების ოფისის დირექტორი ლორა ჰოჩლა და საქართველოს დესპანი აშშ-ში გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ.
„ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები და ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.
აშშ-ის მხარემ ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს საქართველოს სახელმწიფოს განვითარების 30-წლიანი მტკიცე მხარდაჭერისთვის და გამოხატა მზაობა, ახალ თანამდებობაზე საქმიანობისას, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“,- აღნიშნულია დავით ზალკალიანის ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციაში.