ქართული პრესის მიმოხილვა 09.05.2022

თორნიკე შარაშენიძე - “რუსეთი ომში მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ...”

რას იტყვის პუტინი 9 მაისს - ბოლო ცნობები ფრონტიდან და “სახის შენარჩუნების” აღლუმი

კახა გოგოლაშვილი - “სად დამარცხდება რუსეთი?”

რუსების ნაწილი თბილისის რესტორნებში თავს უკრაინელ ლტოლვილებად ასაღებს

ვახტანგ კაპანაძე - “ლავროვის “დიდი დამსახურებაა”, რომ პუტინმა ომი მოკავშირე ქვეყნების გარეშე დაიწყო”

* * *

თორნიკე შარაშენიძე - “რუსეთი ომში მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ...”

“ვითარება მძიმეა, უკრაინა იბრძვის და ცხადად ჩანს, რომ არ შეურიგდება ტერიტორიების დაკარგვას. ბოლო ხანს მათ აშკარად გული მოეცათ - ისინი იღებენ ძალიან მაღალი დონის შეიარაღებას და გარკვეული მიმართულებით წარმატებასაც აღწევენ. მეორე მხრივ, ამ ეტაპზე წარმოუდგენელია ისიც, რომ რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები წაართვან. შესაბამისად, ჩემი აზრით, ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. უკრაინა იმედოვნებს, რომ დასავლეთის დახმარებითა და საკუთარი ბრძოლისუნარიანობით ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, რუსეთი კი ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებით გამოფიტავს უკრაინას. სავარაუდოდ, კრემლში მოელიან, რომ უკრაინელები დაიღლებიან და მოლაპარაკებაზე დათანხმდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ეს არ მოხდება, მერე ვნახოთ... რუსეთი მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ რეალურ ომში ის უკან იოლად არ დაიხევს”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი ომში მორალურად უკვე დამარცხებულია, მაგრამ...”

“ჩემი აზრით, ევროპა ვერც რუსულ ნავთობზე და ვერც გაზზე ასე უცებ ვერ იტყვის უარს. ამისთვის მომზადებას მუშაობა სჭირდება. ეს პროცესი რომ დაეწყოთ 5-6 წლით ადრე, დღეს ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა, რამდენიმე თვეში, ვფიქრობ, ვერ მოხერხდება. სანქციები რომ დაუწესო ქვეყანას, მასზე არ უნდა იყო კრიტიკულად დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში შენც არანაკლებ იზარალებ. სწორედ ამას ამბობს უნგრეთის პრეზიდენტი. ფაქტია, ევროპის დიდი ნაწილი რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ხომ კარგად ვიცით ყველამ, რომ ომში მყოფი უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება გაზი ევროპას, გაზსადენს მუშაობა ერთი დღითაც არ შეუჩერებია. მოკლედ, რუსეთის ეკონომიკური იზოლირება ასე უცებ ვერ მოხერხდება. ამას დრო და სერიოზული მუშაობა სჭირდება, რაც ნამდვილად დაწყებულია, მაგრამ ეს შედეგს რამდენიმე თვეში ვერ მოიტანს. სანქციები კი არის ძალიან მტკივნეული, მაგრამ კრემლში ფიქრობენ, რომ სანამ შეზღუდვები დამანგრეველ შედეგს მოიტანს, მოახერხებენ ომის დასრულებას და მერე ნელ-ნელა დაიწყებენ ვაჭრობას ევროპის ნაწილთან შესარიგებლად. ამასთან, არის ჩინეთიც, რომელიც მისი დიდი პარტნიორია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“სიმართლე გითხრათ, რუსეთის, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, განიარაღება ცოტა წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ სრულიად რეალურია მისი იმგვარად გამოფიტვა, რომ მართლაც აღარ შერჩეს უკრაინაში ომის შემდეგ აგრესიისთვის ძალა, მით უფრო, თუ ასე გაგრძელდება ვითარება ომში, სადაც რუსეთმა ფრონტის ხაზზე გარდატეხას ვერ მიაღწია. ორი თვის განმავლობაში, მხოლოდ ხერსონის შენარჩუნება და მარიუპოლის ნაწილობრივ აღება მოახერხა. როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, “აზოვსტალი” ისევ უკრაინელების ხელშია. სხვა პერსპექტივა ჯერ რუსეთისთვის არ ჩანს. არადა, ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, როგორც ადამიანური, ისე სამხედრო. თუ კიდევ გააგრძელებს ბრძოლას, თან არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაც როცა დრო მოვა, გადავა კონტრშეტევაზე და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდება, ამისთვის კი რუსეთს სულ უფრო მეტი რესურსი დასჭირდება, ეს კი მას გამოფიტავს. თუმცა, როგორც ვთქვი, კრემლში იმედოვნებენ, რომ უკრაინას დაღლიან, ვნახოთ, რა იქნება... უკრაინას უპირატესობა აქვს, ჯერ ერთი, სიმართლე მის მხარეს არის და მეორე ის საკუთარ ტერიტორიაზეა. არ უნდა დაგვავიწყდეს მასშტაბური სამხედრო დახმარებაც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არა მგონია, რუსეთმა ხერსონისა და მარიუპოლის აღების გამარჯვებად გასაღება მოახერხოს. ამისთვის კიდევ რაღაც დასჭირდება... მისთვის იდეალური იქნებოდა ოდესის მითვისება, რადგან ამით შავიზღვისპირეთს სრულად წაართმევდა უკრაინას, მაგრამ შეძლებს? როგორც ცნობილია, ოდესის სანაპირო ზოლი უკრაინელებს კარგად აქვთ დანაღმული. იქიდან შეტევა, ფაქტობრივად, გამორიცხულია და მოლდოვის მიმართულებაც გამაგრებული აქვთ. რაც მოხდა მარიუპოლში, როდესაც ქალაქი ალყაში მოაქციეს, ოდესაში თითქმის გამორიცხულია. თუ ოდესა აიღეს, რაც ძნელად წარმომიდგენია, ეს შესაძლოა მართლაც გამოეცხადებინათ გამარჯვებად და ეფიქრათ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის დაძაბულობას. გამუდმებით გაისმის ბრალდებები უკრაინიდან და ძალიან მკვახე პასუხები საქართველოდან” - პასუხობს:

“იმედია, ბოლოს და ბოლოს, დასრულდება ეს უსიამოვნო გადაძახილი. როდესაც საქართველოს საყვედურობენ რაღაცებს, მინდა ვიკითხო, კი მაგრამ, რა გააფუჭა საქართველომ ასეთი? თუ არ ჩავთვლით საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის გაუაზრებელ და არასწორ განცხადებებს, არაფერი გაგვიფუჭებია. თუ გვთხოვენ რაიმეს გაკეთებას, მაშინ გვითხრან ისიც, რის გაკეთება შეუძლია ჩვენისთანა და ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას? ხანდახან ისეთი განცხადებები გვესმის, თითქოს საქართველოს ხელშია ომის დასრულება და ჩვენ ხელს არ ვანძრევთ... თუ საქართველოს მთავრობა წავა ავანტიურაზე, ამისთვის საჭირო იქნება ივანიშვილის ნებართვა, აი, მას რაში სჭირდება ამაზე წასვლა, არ ვიცი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე დამატებით ფულს იშოვისო, ისმის კითხვა, რაში სჭირდება ის რამდენიმე მილიონი, რომელიც შეიძლება იშოვოს, როდესაც შესაძლებელია მთელ მის ქონებას დაემუქროს ამის გამო სანქციები? ასე მხოლოდ გიჟი თუ მოიქცევა, აი, ივანიშვილი კი გიჟი ნამდვილად არ არის”.

“რაც შეეხება სააკაშვილს, მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელია სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა. ხელისუფლება მსჯელობს სამართლებრივად და ამბობს, რომ სააკაშვილი პატიმარია და სახელმწიფო მასაც ისე უნდა მოექცეს, როგორც სხვა პატიმრებს, რაშიც არის ლოგიკა, მაგრამ სააკაშვილის პატიმრობას არა აქვს მხოლოდ სამართლებრივი მხარე, ეს პოლიტიკური საკითხიც არის. ჯვარი სწერია, მაგრამ თუ რაიმე დაემართა, რაც უნდა სამართლებრივად მართალი იყოს, საბოლოოდ ეს ხელისუფლებას დაჰბრალდება, რაც ქვეყნის პრობლემად იქცევა. გამსახურდიას პრობლემა დღემდე მოჰყვება ქვეყანას. ეს გათიშულობა, პოლარიზაცია სწორედ მაშინ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. ახლა კიდევ ახალი დაპირისპირების გაღვივება არ გვჭირდება... ხოლო რიგგარეშე არჩევნებს რაც შეეხება, ცოტა მეცინება ამაზე რომ ლაპარაკობენ. ხომ ვნახეთ ყველამ ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევები. ისევ “ოცნება” იგებს, თუ სურთ 2022 წელს ჩაატარონ არჩევნები და “ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნა 2026 წლამდე გაუხანგრძლივონ, კი ბატონო... როცა არაფრის თავი არა გაქვს და არჩევნებს ისევ წააგებ, რატომ დაგიჟინია ვადამდელი არჩევნები, გაუგებარია”, - დასძენს თორნიკე შარაშენიძე.

რას იტყვის პუტინი 9 მაისს - ბოლო ცნობები ფრონტიდან და “სახის შენარჩუნების” აღლუმი

“ორშაბათს, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე ტრადიციული სამხედრო აღლუმი გაიმართება. მსოფლიოს ყურადღება კი მიპყრობილია იქითკენ, თუ რას იტყვის წითელ მოედანზე ვლადიმერ პუტინი. დასახელდა რამდენიმე ვერსია - ე.წ. სპეცოპერაციის დასრულებიდან დაწყებული, უკრაინისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადებით დამთავრებული. ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთმა ამდენი ბრძოლისა და მსხვერპლის ფასად რეალურად უკრაინის მხოლოდ ერთი ქალაქის დაკავება შეძლო და არაფერი ეზეიმება, თუმცა პუტინს ახლა რთული პერიოდი აქვს, მათ შორის ქვეყნის შიგნით და 9 მაისის აღლუმიც უფრო შიდა პიარზე გათვლილი ღონისძიება იქნება. ამის პარალელურად, იმავე 9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლენდ-ლიზის კანონს ოფიციალურად მოაწერს ხელს. ეს კანონი ამერიკის პრეზიდენტს საშუალებას მიცემს, ყოველგვარი ბიუროკრატიისა და სენატის განხილვების გარეშე მიაწოდოს უკრაინას იმდენი დახმარება, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, რაც, ექსპერტების შეფასებით, რუსეთისთვის სრული კატასტროფის ტოლფასი გადაწყვეტილებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას იტყვის პუტინი 9 მაისს - ბოლო ცნობები ფრონტიდან და “სახის შენარჩუნების” აღლუმი.

“პუტინის გეგმაზე და იმაზე, თუ რას იტყვის ის ორშაბათს წითელ მოედანზე, გარკვეულ წარმოდგენას ქმნის 8 მაისს კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მილოცვის ტექსტი. მასში რუსეთის პრეზიდენტი მიმართავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო “რესპუბლიკებს”, ასევე `საქართველოსა და უკრაინის ხალხებს~ და ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს. დონბასის დეფაქტო ხელისუფლებას კი ცალკე მიმართავს, რომ ისევე როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათკენ იქნება. ტექსტში რუსეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ “დღეს, საერთო ვალია, არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას უამრავი ტანჯვა მოუტანა”... 9 მაისს სამხედრო აღლუმი, როგორც წესი, რუსეთის პრაქტიკულად ყველა ქალაქში იმართება, თუმცა წელს დაგეგმილი ერთი ცვლილება - ქალაქების ნაწილში აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსული სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში განადგურდა და რაც დარჩა, მათი უმეტესობაც ახლა უკრაინაშია გადასროლილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის პარალელურად ფრონტის ხაზზე ხდება ის, რომ რუსეთს უკრაინაში პრაქტიკულად ომის მეორე ფაზაც ჩაუვარდა და 9 მაისსთვის რეალურად მხოლოდ ერთი ქალაქის დაკავება შეძლო, ამიტომაც ქვეყნის ტერიტორიაზე ავიაიერიშებს არ წყვეტს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს ქალაქ იზიუმთან მდებარე ერთ ფრონტზე, მაგრამ თავდაცვით პოზიციას იკავებენ ხარკოვთან, რადგან იქ უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. გარდა ამისა, გენშტაბისვე ცნობით, რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, რათა უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ უკრაინელი სამხედროების შემდგომი წინსვლა აღკვეთონ. ოკუპანტები უკრაინული ძალების მიერ ახლახანს აღებულ სოფლებს პრუდიანკასა და სლატინს ბომბავდნენ და თავიანთი თავდაცვითი პოზიციების გაძლიერებას ცდილობდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. შეიარაღებული ფორმირებები მოლდოვის დნესტრისპირეთის პრორუსულ რეგიონში, ისევე როგორც იქ განლაგებული რუსული ჯარები, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. გენერალურმა შტაბმა ზმეინის კუნძულზე მომხდარი შეტაკებები დაადასტურა, რა დროსაც შაბათს, 7 მაისს, ერთი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი და რამდენიმე დრონი განადგურდა საზენიტო რაკეტებით. რაც შეეხება მარიუპოლს, ბატალიონ „აზოვის" მებრძოლების ცნობით, რუსული ძალები ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებენ და ქარხნის შტურმს ცდილობენ. გარდა ამისა, მებრძოლები ვერ ადასტურებენ, მოხდა თუ არა უკლებლივ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია “აზოვსტალის” ქარხნიდან. ჯიპას ასოცირებული პროფესოირი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინს საერთოდაც არ ეზეიმება, თუმცა 9 მაისი მისი სახის შენარჩუნების აღლუმია. ფხალაძის შეფასებით, პუტინი უკრაინას ოფიციალურად ომს ვერ გამოუცხადებს, თუმცა აგრესიას გააგრძელებს”, - დასძენს გამოცემა.

“9 მაისი პუტინისთვის სახის შენარჩუნების აღლუმია. ყველანაირად შეეცდება ჩაატაროს ისე, რომ შიდა აუდიტორიის სენტიმენტებზე იყოს გათვლილი და მოსახლეობა შემდგომი ბრძოლისთვის შეაგულიანოს. სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ სამხედრო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადოს, რადგან, სამწუხაროდ, ეს ომი კიდევ გაიწელება. პროგნოზირება რთულია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რასაც ველოდები, ესაა აგრესიის გაძლიერება. იქნება თუ არა საყოველთაო მობილიზაცია, ძნელი სათქმელია. რაციონალური თვალსაზრისით პუტინს ეს არ უნდა აწყობდეს, რადგან ამის გამოცხადება ნიშნავს, რომ სპეცოპარაცია ჩავარდა. ის შიდა აუდიტორიას უკვე ეუბნება, რომ ეს ღია ომია, რაც თავისთავად ცხადია შიგნით ერთგვარ უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუმცა აუცილებლად იტყვის, რომ მსოფლიო მის წინააღმდეგაა და რუსეთმა თავი და საკუთარი ინტერესები ყველანაირად უნდა დაიცვას. ველოდები კიდევ ერთხელ აგრესიული ტალღის ზრდას. დეესკალაციას სამწუხაროდ არ ველოდები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“რეალურად რუსეთს საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს. პუტინმა საკუთარი მოსახლეობა რაც არ უნდა ატყუოს, ძალიან კარგად იცის, რომ ყველა ის გეგმა, რაც გათვლილი იყო, ჩავარდა. პუტინისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა შეინარჩუნოს. მას უპირველეს ყოვლისა შიდა რევანშიზმის ეშინია, რადგან შესაძლოა პასუხი მოეთხოვოს, რუსეთში პასუხის მოთხოვნა კი ფიზიკური განადგურების საფრთხესთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამის მინიმალიზაცია მოხდეს. პუტინს ესმის, რომ წინ კიდევ საკმაოდ რთული პერიოდი ელოდება, რადგან დასავლეთი სანქციების მოხსნას არ აპირებს და პირიქით, ზეწოლას გააძლიერებს. ამ რთულ პერიოდში პუტინი შეეცდება თავი იმ ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც ქვეყანას რთულ პერიოდში მართავს. ეს აღლუმი უფრო შიდა პიარზე გათვლილი ღონისძიება იქნება იმისთვის, რომ ავტორიტეტი შინარჩუნოს, თორემ ნამდვილად არ ეზეიმება”, - დაასკვნის ფხალაძე.

“ვინ ვინ და პუტინმა ძალიან კარგად იცის, თუ ლენდ- ლიზი რას ნიშნავს. ეს ყოველივე კი მხოლოდ და მხოლოდ მისი რეჟიმის კრახს დააჩქარებს, რადგან ესაა მწვანე შუქის ანთება იმ ძალიან სერიოზულ დახმარებაზე, რომელიც რუსეთს მართლა გადატეხს. პუტინს ძალიან კარგად ესმის რა რეალობაცაა, თუმცა არ უნდა, რომ საკუთარ მოსახლეობას აუხსნას. ამიტომ შეეცდება, რომ ყველაფერი სხვანაირად დახატოს”, - განმარტავს თენგიზ ფხალაძე. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინს არანაირად არ ეზეიმება იმ პირობებში, როცა ამდენი მსხვერპლისა და ზარალის სანაცვლოდ რეალურად მხოლოდ ერთი დიდი ქალაქი - ხერსონი დაიკავა. “რუსეთს საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ამდენი ხნის ბრძოლის და იმ მსხვერპლის ფასად, რომელიც რუსეთის არმიამ უკვე გაიღო, რეალურად მხოლოდ ერთი ქალაქის აღება და საკუთარი ქვეყნის უმძიმეს ეკონიმიკური მდგომარეობაში ჩაყენება შეძლო”, - წერს სტატიის ავტორი.

“საბოლოო შედეგი რუსეთისთვის და პუტინისთვის კატასტროფიულია. ბატონი პუტინი თუ კეთილგონიერებას გამოიჩენს, მან რუსეთისათვის ამ კოშმარის დასრულება სასწრაფოდ უნდა სცადოს, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება, რომ იგი ამისთვის მზად იყოს. მის საქციელს ზღვარგადასული ამბიცია ეტყობა, რის გამოც იგი მზადაა, რომ რისკი გასწიოს მრავალი ათასი თავისი თანამემამულის სიცოცხლისა და რუსეთის მომალის ფასადაც კი. უკრაინის მომავალი და უკრაინელები მას საერთოდ არ ადარდებს 9 მაისსაც და უახლოეს პერიოდშიც პუტინისგან მხოლოდ სიტუაციის შემდგომი დაძაბვისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ველი. მის მოქმედებას რაიმე ლოგიკური მუხრუჭი არ ეტყობა, ამიტომ 9 მაისს არაფერს გამოვრიცხავ. ძირითადი მაინც ალბათ ომის შემდგომი გაგრძელების მცდელობა იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი და შეკითხვაზე - `ლენდ-ლიზის კანონზე ხელმოწერას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიმბოლურად 9 მაისს აპირებს...” - პასუხობს:

“ლენდ-ლიზის კანონი პუტინისთვის კი არა მთლიანად რუსეთისთვის სრული კატასტროფის ტოლი ნაბიჯია, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო ძალას შეუზღუდავი მომარაგების წყარო ექნება ისეთი ეკონომიკის სახით, როგორიც აშშ-ია. ომის განვითარების იმ დინამიკის გათვალისწინებით, რაც აქამდე იყო, წარმოიდგინეთ ეს რუსეთისთვის რა პერსპექტივებს სახავს. ეს მისთვის უმძიმესი რამაა და ძნელად წარმომიდგენია რუსეთის დღევამდელმა ხელმძღვანელობამ რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს”.

კახა გოგოლაშვილი - “სად დამარცხდება რუსეთი?”

“ყველაზე გასაკვირი ამ ომში ის არის, რომ რუსეთი არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ აპირებდა, თუ რა საბაბით დაიწყო ეს შეტევა, რაც ცინიკურია. ეს ომი სიცრუეზეა აგებული. თავსაც იტყუებს, რომ თავისი გაიტანოს, ოღონდ საბოლოოდ რა მიზანი აქვს და სად გაჩერდება, თუ არ შეაჩერეს, ვერავინ გაიგო. ამ დროის განმავლობაში პუტინის მიზნები და სტრატეგია არაერთხელ შეიცვალა, რაც უკვე მის პრინციპულობაზე კი არა, დაბნეულობაზე მიანიშნებს, რის შეფუთვასაც ძალიან ცდილობს. საბოლოოდ შეჩერდა იმაზე, რომ უკრაინას წაჰგლიჯოს სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიწები, რათა რუსეთის ტერიტორია დნესტრისპირეთამდე გააფართოოს. ამას რომ ვეღარ მოახერხებს, აშკარაა”, - აცხადებს “რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სად დამარცხდება რუსეთი?”

“უკრაინა რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილიყო, მისი ეკონომიკა და სამხედრო რესურსები ამას ვერ გაუძლებდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაიქცეოდა და რუსეთიც, ალბათ, მიზანს მიაღწევდა. ეს ვერ გათვალეს, ვერ გაიაზრეს, რომ უკრაინას მხოლოდ ევროპა კი არა, მსოფლიო დაუდგებოდა მხარში. თუმცა ომი მარტივი საქმე არ არის, მით უფრო, რუსეთისხელა სახელმწიფოსთან. ამას დრო სჭირდება, რომელიც ახლა უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება, ოღონდ ჯერ უცნობია, სად შეაჩერებენ... რუსეთი მოლდოვის მიმართულებითაც აქტიურობს, მაგრამ მისი მუქარა ამ ქვეყანაში შეჭრაზე არასერიოზულია. არა მგონია, ნატოს წევრი რუმინეთი ომში არ ჩაერთოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან. შესაძლოა რუმინეთმა შეზღუდული კონტინგენტი შეიყვანოს და მას დაემატოს უკრაინის შეიარაღებული ძალებიც, რადგან მოლდოვის მთავრობამ უკვე განაცხადა, საფრთხის შემთხვევაში დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინა ჯარით დაგვეხმარებაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოლდოვა უკრაინისა და რუმინეთის ჯარებს ოფიციალურად მიიწვევს, რათა რუსეთის შესაჩერებლად ერთად იმოქმედონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“რუსეთს კი ახლა ნამდვილად არა აქვს იმხელა რესურსი, რომ დიდი ომი გააჩაღოს. ერთი რუმინული დივიზია და სამი-ოთხი უკრაინული ბატალიონი საკმარისი იქნება რუსული დესანტისგან მოლდოვის დასაცავად. უკვე ისიც იკვეთება, რომ უკრაინა თანდათან შეტევაზე გადავა. ახლა ძალიან სჭირდებათ ავიაცია და იმედია, ეყოლებათ კიდეც. უფრო გააძლიერებენ არტილერიასაც, რომელიც ისედაც ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსული. მათ აქვთ ამერიკული 155 მმ-იანი ჰაუბიცები, რომლებიც 40 კმ-ზე მეტ რადიუსზე გამოიყენება. დიახ, რუსეთს ჰყავს გემები, წყალქვეშა ნავები, მეტი სარაკეტო კომპლექსი, მაგრამ ომში გადამწყვეტ როლს თამაშობს მოტივაცია, რაც უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას არ აკლია, რუსული არმია კი სრულიად დაცლილია ამისგან. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთს მძიმე სანქციები აქვს დაწესებული. ამასთან, რაც დრო გავა, ევროპული სახელმწიფოები რუსული ნავთობის მოხმარებას უფრო მეტად შეამცირებენ. ძალიან შემცირდება რუსული გაზის გამოყენებაც. ომს ფინანსები სჭირდება, ამიტომ პუტინს მასშტაბური ომის წარმოება ძალიან გაუჭირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“უკრაინის ომმა გერმანია და ევროპის სხვა სკეპტიკური სახელმწიფოებიც კი მიახვედრა, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში შესვლაზე უარი არ უნდა ეთქვათ. ახლა კიდევ ერთი შანსი აქვთ სიტუაცია გამოიყენონ და ეს ქვეყნები ალიანსში შეიყვანონ, რათა მათი უსაფრთხოებაც უზრუნველყონ და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობაც მისცენ. ვფიქრობ, ეს შანსი არსებობს და თუ რუსეთი დამარცხდა, შემაფერხებელი ფაქტორი აღარ იარსებებს. არც ენერგოდამოკიდებულების შიში იქნება და აღარც სათქმელი ექნებათ, რომ რუსეთი გაღიზიანდება. შესაბამისად, ამ ალიანსში საქართველოსა და უკრაინასაც მიიწვევენ. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ როგორ გავივლით ამ პერიოდს. ყველანაირად უნდა ავირიდოთ იმაზე საუბარი, თითქოს არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა სანქცირებული საქონელი საქართველოს გავლით გაატაროს. როგორც უნდა დაგვაშანტაჟონ რუსებმა, ომიც რომ წამოიწყონ, დესანტიც რომ გადმოსხან, ამაზე არ უნდა წავიდეთ. მე არ მჯერა, რომ ჩვენი მხრიდან ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ თეორიულ დონეზეც არავის უნდა მივცეთ იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველო რაღაც ფორმით მის გვერდით დგას, რადგან რუსეთი აუცილებლად დამარცხდება”, - დაასკვნის “რონდელის ფონდის” ცენტრის დირექტორი.

“თუ შეგვეშინდება და რაიმე დათმობაზე წავალთ, ეს იქნება ძალზე მოკლევადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დააზარალებს. ამიტომ სახელმწიფოს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას, ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმდენად კარგი შანსი გვაქვს, რომ ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით. ძალზე მშვიდად, მაგრამ დაჟინებით უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ, რასაც აუცილებლად დასჭირდება რეფორმები, ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლა, გაუმჯობესება. ეს შანსი უკრაინის ომის პარალელურად მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა მოგვიტანა. მთავარია, შევინარჩუნოთ ახალი მომავლისკენ სწრაფვის სურვილი და ერთიანობა. ახლა რუსეთი ყველანაირად შეეცდება საქართველოში ერთიანობა დაასუსტოს, საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს ჩამოგვაშოროს, მოქმედების მიმართულება ისე შეცვალოს, რომ საქართველო რუსეთთან კოლაბორაციონისტად წარმოაჩინოს. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, ქვეყანაში მეტი კონსოლიდაცია უნდა გვქონდეს, ახლა მაინც...” - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.

“ძალიან არ მომწონს, რომ მთავრობა და ოპოზიციაც ერთმანეთის ზღვარგადასულ კრიტიკაზე არიან გადართული. გასაგებია, რომ ერთ მხარეს არ სურს მათი ლიდერი სააკაშვილი ციხეში იჯდეს, მეორეს კი ეშინია, რომ რევანში არ აიღოს. ნუ ავიწყდებათ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის არ არის. თუ სააკაშვილს უცხოეთში მკურნალობა სჭირდება, ბოლოს და ბოლოს, გაუშვან, ამით არაფერი დაშავდება. თუ “ოცნებას” მისი გარეთ ყოფნა აშინებს, გაუშვან საზღვარგარეთ, ისე, რომ აღარ დაბრუნდეს და ამაში გაუქვითონ სასჯელის დარჩენილი ვადა. ძველ რომში, როდესაც მაღალი იერარქიის წარმომადგენელი დანაშაულს სჩადიოდა, რომიდან განდევნიდნენ. მით უფრო, რომ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს. პრეზიდენტმა შეიწყალოს და უთხრას, ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი გაქვსო და აღარ შემოუშვან. მას ციხეში მართლაც რამე რომ დაემართოს, ეს ტრაგედია იქნება. ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს მმართველ გუნდსაც - მისი საერთაშორისო რეიტინგი კატასტროფულად დაეცემა და მოსახლეობაშიც ძალიან ცუდ რეაქციას გამოიწვევს, რადგან ქართველი საზოგადოება ადამიანურ ტრაგედიაზე ძალიან ემოციურად რეაგირებს. სააკაშვილის აქ ყოფნა პოლიტიკურად აზიანებს `ნაცმოძრაობასაც~. ის ჯერ ახალგაზრდა კაცია და სხვა ქვეყანაში რამე სასარგებლო საქმეს მოჰკიდებს ხელს. ასეთი შეურიგებლობა, პოლიტიკური განხეთქილება, რომელიც ახლა მოსახლეობაშია, ქვეყანას დააზიანებს და რუსეთი ამას გამოიყენებს. თუ ვინმე იტყვის, რომ მას ახლა ამისთვის არ სცალია, ცდება _ რუსეთს პატარა საქართველოსა და სხვა მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ყოველთვის სცალია”, - დასძენს გოგოლაშვილი.

რუსების ნაწილი თბილისის რესტორნებში თავს უკრაინელ ლტოლვილებად ასაღებს

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს უამრავი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქე სტუმრობს. ისინი ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის მრავალ ადგილას გვხვდებიან, მათ შორის რესტორნებსა და კაფეებში. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მათთან დაკავშირებულ პოზიტიურ თუ ნეგატიურ სიტუაციებზე. კოსტავას ქუჩაზე მდებარე რესტორანი “მაჭახელას” მენეჯერი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მათთთან ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსი და უკრაინელი სტუმრები მოხშირდნენ, მაგრამ იქ მომუშავე პერსონალს მათ შორის დაძაბულობა ან ნეგატიური განწყობა არ შეუნიშნავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსების ნაწილი თბილისის რესტორნებში თავს უკრაინელ ლტოლვილებად ასაღებს.

“ჩვენთან მშვიდი და წყნარი გარემოა, რუსი და უკრაინელი კლიენტები საკმაოდ ხშირად დადიან ჩვენ ფილიალში, მაგრამ არანაირი უარყოფითი ფაქტი არ მომხდარა. არცერთ რუსს არ ჰქონდა ცუდი დამოკიდებულება აქ მყოფი უკრაინელების მიმართ, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ არ დაგვიფიქსირებია. მხოლოდ ერთი დადებითი მომენტის გახსენება შემიძლია, როდესაც ქართველმა მამაკაცმა უკრაინელ ოჯახს 150 ლარი აჩუქა, რამაც პოზიტიური უკუკავშირი გამოიწვია უკრაინელი ოჯახის მხრიდან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რესტორანი “მაჭახელას” მენეჯერი.

“თბილისში მრავლადაა რესტორნები, სადაც უკრაინის მოქალაქეებს ფასდაკლებით, ან სრულიად უფასოდ უმასპინძლდებიან. ერთ-ერთი ასეთი რესტორნის მენეჯერი, რომელიც აღმაშენებელზე მდებარეობს, “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ისინი დღეში საშუალოდ 20-მდე უკრაინელს უმასპინძლდებიან სრულიად უფასოდ. ამასთან, მისი ყურადღება მიიქცია უკრაინელების მაღალმა თვითშეგნებამ - ისინი უარს ამბობენ საკვების დამატებაზე, რათა ულუფა სხვა უკრაინელ სტუმრებსაც დარჩეთ. რესპონდენტმა გაიხსენა ერთი არასასიამოვნო ფაქტი, როდესაც რუსი წყვილი მათ რესტორანს ეწვია და თავი უკრაინელებად გაასაღა. ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ერთ-ერთმა მიმტანმა შემთხვევით ამ წყვილის საუბარს მოჰკრა ყური”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მენეჯერის თქმით, მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ მოხდა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რესტორანს ხშირად რუსებიც სტუმრობენ, მაგრამ მათთგან არანაირი უარყოფითი რეაქცია არ შეუმჩნევია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც რუსი სტუმრები რესტორანში უკრაინული სიმბოლიკისა და უკრაინის მხარდამჭერი სლოგანების არსებობას აპროტესტებენ. მაგალითად, მსგავსი ინციდენტი იყო კაფე “სტამბაში”, სადაც რუსეთის სამმა მოქალაქემ გააპროტესტა კაფეს შესასვლელში გამოკრული ბანერი. მასზე უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი ეწერა რუსული გემის “ერთ ადგილას” გაშვების შესახებ...” - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ კაპანაძე - “ლავროვის “დიდი დამსახურებაა”, რომ პუტინმა ომი მოკავშირე ქვეყნების გარეშე დაიწყო”

“აღმოსავლეთის მიმართულებით რუსულმა სამხედრო ძალებმა გადაჯგუფება თითქმის დაასრულეს. ძალზე სწორხაზოვნად მოქმედებენ - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საცეცხლე დარტყმებს აყენებენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში უკან იხევენ და ისევ არტილერიას იშველიებენ. გასულ კვირას, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, საცეცხლე დარტყმები განაახლეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთითაც, კერძოდ, პრიმორიეს მიმართულებით, სლავიანსკში, იქიდან კი კრამატორსკში გადავიდნენ, სადაც ძლიერი თავდაცვის კერა დახვდათ. ახლა ცდილობენ ლიმანის დასახლების ალყაში მოქცევას, სადაც უკრაინული მცირე დანაყოფია განთავსებული, თუმცა საეჭვოა, მოახერხონ, მით უფრო, გაანადგურონ. ხელშესახები უპირატესობა, რაც შეიძლება თავიანთ მოსახლეობას როგორც წარმატება “შეასაღონ”, მარიუპოლის ალყაა, სადაც გასული კვირიდან დიდი ზარ-ზეიმით დაიწყეს რუსული ნიშნების დადგმა, თუმცა ეს უპირატესობაც სათუოა”, - აცხადებს გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, “ჯეოქეისის” მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლავროვის “დიდი დამსახურებაა”, რომ პუტინმა ომი მოკავშირე ქვეყნების გარეშე დაიწყო”.

“აზოვსტალში” დარჩენილი უკრაინელი სამხედროები ჩვენი დროის გმირები არიან, მათი წინააღმდეგობის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსი დარჩათ - მიწისქვეშა ბრძოლა იმდენად რთულია, კიდევ დიდხანს შეუძლიათ იქ ყოფნა, გააჩნია, მარაგი სადამდე ეყოფათ. “აზოვსტალის” მცველებისთვის უმძიმესი ტვირთია ის 600 დაჭრილი, რომლებიც უმძიმეს დღეში არიან. ჭრილობები ცელოფანის პარკებითა და წებოვანი ლენტებით აქვთ გადახვეული. ამას ემატება ისიც, რომ დახურულ სივრცეში, მზის სხივების გარეშე, ბაქტერიები უფრო სწრაფად ვრცელდება და ჭრილობებიც რთულდება. მარიუპოლის დაცვა საომარი ხელოვნების ქრესტომათიებში შევა როგორც წარმოუდგენელი ვაჟკაცობისა და სიმამაცის სიმბოლო. “აზოვსტალის” სამხედროები სულ თეთრი დროშით რომ გამოვიდნენ და ჩაჰბარდნენ რუსებს, ისე იბრძოლეს, ეს ნაბიჯი მათ საბრძოლო სულისკვეთებას ჩრდილსაც ვერ მიაყენებს და მათ აუგად ვერავინ მოიხსენიებს, ისინი უკვე გმირები არიან. რაც შეეხება მათ გადარჩენას, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დროზე. თუ რაღაც დიდი გარდატეხა მოხდება და უკრაინა ისეთ კონტრშეტევაზე გადავა, მარიუპოლამდე რამდენიმეშრიან ალყას გაარღვევს და დერეფანს გააკეთებს, რომ 1200-ზე­­ მეტი “აზოველი”, მათ შორის დაჭრილები გამოიყვანოს, სასწაული იქნება. ომში სასწაულებიც ხდება...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ომს უკრაინა იგებს და ეს ბევრს ნიშნავს როგორც მოტივაციისთვის, ასევე გაჭიანურებული ომისთვის. რუსები ვერ აღწევენ წარმატებას, უკრაინელები არ მარცხდებიან და მათი მოტივაციაც იზრდება. განსაკუთრებით ეს შეინიშნება დონეცკის მიმართულებით, სადაც ძალზე მტკიცე დაცვა აქვთ უზრუნველყოფილი. რუსების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ერთი ნაბიჯითაც ვერ დაახევინეს უკან. თავდაცვის გარღვევა ან უკრაინის თავდაცვის სიღრმეში შესვლა ვერ შეძლეს, რადგან უკრაინელებს კარგად ფორტიფიცირებული თავდაცვა აქვთ. რუსეთის ხელისუფლება, ალბათ, თავის წარმატებად წარმოაჩენს ხერსონის ოკუპაციასაც, დერეფნის გაკეთებას და, ალბათ მარიუპოლში გამარჯვების იმედსაც არ კარგავს. უკრაინისთვის ანტისარაკეტო კომპლექსების გადაცემა იგეგმება და რუსეთის ჰაერში უპირატესობასაც წერტილი დაესმება. კონტრშეტევისთვის სჭირდებათ მეტი ჯავშანტექნიკა, დარტყმითი შესაძლებლობების გაზრდისთვის კი საჰაერო მხარდაჭერა. ახლა შეტევაზე გადასული რუსები უკრაინისთვის მოძრავი სამიზნეები არიან, მაგრამ თუ უკრაინა შეტევაზე გადავა, არტილერია და საჰაერო მხარდაჭერა დასჭირდება”, - დასძენს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და შეკითხვაზე - “პუტინმა ლავროვის გამოსვლის გამო ბოდიში მოუხადა ისრაელს...” - პასუხობს:

“არა მგონია, ამის მიზეზი ისრაელის შეიარაღებაში არსებული ობიექტური დაცვის სისტემა “რკინის გუმბათი~ იყოს, ის მცირე ზომის რაიონს იცავს და რამდენი უნდა მიიღოს უკრაინამ, რომ ყველა ქალაქი დაიცვას? ლავროვის წინდაუხედავი განცხადება ან იმაზე მიანიშნებს, რომ მისთვის ყველაფერი სულერთია, ან რეალობას ვერ აღიქვამს. ვფიქრობ, ლავროვის “დიდი დამსახურებაა”, რომ პუტინმა ომი მოკავშირე ქვეყნების გარეშე დაიწყო. ბელარუსიც კი ცდილობს ამ სცენებში არ გაიხლართოს და რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის იმედზეა დარჩენილი. ამ ომმა რუსეთში არსებული ყველა პრობლემა გამოააშკარავა”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა