მიხეილ მირზიაშვილი - ევროკავშირის გასაჯაროებული კითხვარიდან ჩანს, რამდენად დიდია საქართველოში გასატარებელი რეფორმების ფრონტი, რეფორმების განხორციელება კი შეუძლებელი იქნება ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა, ამ პროცესზე დაკვირვება და მის შესახებ მოქალაქეების ცოდნის გაზრდა, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ მრავალმხრივი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ცენტრის საქმიანობა ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ რელიგიური თემების ინფორმირების თვალსაზრისით, რომლის ნაწილი იყო რელიგიური ლიდერების შემეცნებითი ვიზიტი ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ნატო-სა და ევროკავშირის სტრუქტურებში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, ჩვენი ქვეყანა, უკრაინასა და მოლდოვასთან თანადროულად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით, ევროპული ინტეგრაციის თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე გადავიდა. ახალ რეალობასთან დაკავშირებულ კითხვებს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილი პასუხობს.

- ბატონო მიხეილ, სადაა ამჟამად ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო?

- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში თვისობრივი ცვლილება მოხდა. თუ ადრე ეს იყო მეზობლებს შორის ურთიერთობა, რომლის სამართლებრივი საფუძველია ასოცირების შესახებ შეთანხმება, ახლა ესაა ურთიერთობა ევროკავშირსა და მის პოტენციურ წევრს შორის და ამ ეტაპის ფორმალიზება მოხდა საქართველოს მხრიდან წევრობის განაცხადის წარდგენით, ხოლო ევროკავშირის მხრიდან განაცხადის განხილვის პროცედურის დაწყებით. ეს ცვლილება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მნიშვნელოვანი განვითარება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მე განზრახ არ გამოვიყენებ გამოთქმას „ევროინტეგრაციის გზაზე“, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მეტაფორა არასწორად ასახავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შინაარსს. ევროინტეგრაცია ყველაზე ნაკლებადაა გეოგრაფიული ცნება, არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი მოქალაქეები არსად გადავადგილდებით ევროინტეგრაციით; ამ პროცესით, რომელიც მოკლედ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც რეფორმები დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, აქ, ამ ქვეყანაში უნდა მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტანდარტის დემოკრატია და კეთილდღეობა.

- ევროკავშირისადმი წევრობის განაცხადით მიმართვას საქართველო 2024 წლისთვის გეგმავდა, როცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილის დასრულება იგეგმება; გამოდის, საქართველომ არასათანადოდ მომზადებულმა გააკეთა განაცხადი და თუ ასეა, ხომ არ შეუშლის ეს ხელს წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას?

- დიდი ალბათობით, სამივე განმცხადებელი ქვეყანა, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს შესაძლოა, სხვა შემთხვევებთან შედარებით უფრო სწრაფად მოხდეს, მაგრამ აუცილებლად დაცული იქნება ყველა პროცედურა. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ლოგიკა, რაც ჩანს ევროკავშირის დამოკიდებულებაში ამ ქვეყნების მიმართ. უდავოა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისა და მასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვასთვის წევრობის პერსპექტივის დაშვება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტმა განაპირობა. ევროკავშირის მსგავს გადაწყვეტილებებს ორი კომპონენტი განაპირობებს: პარტნიორი სახელმწიფოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური კონტექსტი; ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და დაადასტურა მისი სუვერენული უფლება მიისწრაფოდეს ევროკავშირის წევრობისკენ, თავად აირჩიოს პარტნიორი ქვეყნები და ალიანსები. ამით ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც უგულებელყოფს თავისი მეზობლების ამგვარ უფლებას, ვერ შეძლებს შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი სამხედრო ინტერვენციითაც კი. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ევროკავშირის მხრიდან, არ მოხდება წევრობის კანდიდატის მინიჭების პროცესში, მსგავსი პოლიტიკური კონტექსტის მქონე, ამ სამი ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთმანეთისგან გამიჯვნა, მითუმეტეს, რომ ამ ერთობლივ მიდგომას ზურგს უმაგრებს ასოცირებული ტრიოს სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადება 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

- გამოდის, რომ უკრაინა მოლდოვასა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში გამწევი ძალის როლს ასრულებს, ეს მეტაფორა აღწერს შინაარსს?

- დიახ, მნიშვნელოვანწილად ასეა. უკრაინის ეკონომიკურ პოტენციალს თუ გავითვალისწინებთ, ასეთი ლიდერობა სრულიად გასაგებია. 2003 წელს ინიცირებულ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში - პროგრამაში, რომლითაც ევროკავშირი ცდილობს სამეზობლოში დემოკრატიისა და სამართლიან კონკურენციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყოს ხელი, უკრაინა ჩვენზე ერთი წლით ადრე, 2005 წელს ჩაერთო. ასევე იყო ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების შემთხვევაში, პროცესი უკრაინამ საქართველოზე ადრე დაიწყო და ძირითადად უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი ამბიციით იყო განპირობებული. მე არც ჩვენი ქვეყნის ადგილისა და მნიშვნელობის დაკნინება მინდა ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

- ისევ განაცხადს, კითხვარს, წევრობასა და ამათთან დაკავშირებულ პროცედურებს რომ დავუბრუნდეთ, როგორ შეაფასებდით მიმდინარე ეტაპს?

- განაცხადიდან წევრობამდე პერიოდი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ორ, პირობით ასიმეტრულ ნაწილად შეიძლება გავყოთ. ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯამში 2669 კითხვაზე გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით უნდა შეიმუშაოს მოსაზრება თუ რამდენადაა ჩვენი ქვეყანა შემძლე გაატაროს რეფორმები ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად ყველა სფეროში. საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა კითხვები, საიდანაც ჩანს თუ რამდენად დიდია გასატარებელი რეფორმების ფრონტი, რამდენად სრულად მოიცავს ის ჩვენ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროს, რამდენად გვეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ამ რეფორმების გატარება შეუძლებელია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე და ამდენად, მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლებას პასუხებიც გაესაჯაროებინა. ეს აჩვენებდა ჩვენი ქვეყნის კიდევ მეტ მზაობას რეფორმებისათვის, ასახავდა ქვეყნის შიდა თანამშრომლობის ხარისხს, ხელისუფლების გახსნილობისა და საზოგადოებრივი ჩართულობისათვის მზაობას. ბუნებრივია, რომ კითხვათა დიდი ნაწილის საპასუხოდ მხოლოდ მიღწევებზე ვერ იქნება საუბარი, მაშინ სარეფორმოც არაფერი გვექნებოდა. მე მოველი, რომ პასუხებში, ასევე, საუბარია გამოწვევებზე და მათი შესაძლო დაძლევის გზებზე; მიმაჩნია, რომ კითხვარის პასუხების გაგზავნის ვადებისგან დამოუკიდებლად, ამ საკითხების ფართო საზოგადოებრივი განხილვა, წაადგება მთლიან, მათ შორის კანდიდატობის სტატუსის მიღების შემდგომ პროცესს. მე საშუალება მქონდა გავცნობოდი სლოვაკეთის გაწევრების წინა პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის პრაქტიკას და ვისურვებდი გადმოგვეღო მათი მაგალითი.

რადგან სურვილებზე ვსაუბრობ, ვისურვებდი, მრავალპარტიული რეზოლუციებითა და კონსტიტუციით ფორმალიზებული კონსენსუსი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიების პრაქტიკულ თანამშრომლობაში გამოვლენილიყო სწორედ განაცხადის, კითხვარისა და ყველასათვის ასე სასურველი კანდიდატობის სტატუსის მიღების შემდგომ პერიოდშიც.

- თქვენ სამოქალაქო სექტორს წარმოადგენთ და მინდა კრიტიკულად შეაფასოთ თქვენი სექტორის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში...

- გმადლობთ ამაზე საუბრის საშუალებისთვის. დიახ, სამოქალაქო სექტორს მეტი მოგვეთხოვება, სწორედ, ჩვენივე წარმატებული საქმიანობის მაგალითების გათვალისწინებით. დღეს, საქართველოს სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ფორმალიზებული და ინსტიტუციონალიზებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით, მანამ აღმოსავლური პარტნიორობის ინიციატივით, რომლის ფარგლებში დღესაც ფუნქციონირებს „აღმოსავლური ინიციატივის სამოქალაქო ფორუმი“ რეგიონულ და „ნაციონალური პლატფორმა“ ქვეყნის დონეზე. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ საქართველოს სამოქალაქო სექტორმა, ასევე კოლეგებმა აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებიდან, დაიმსახურეს ნახსენები ჩართულობის ფორმალიზება და ინსტიტუციონალიზაცია უფრო ადრინდელი ინიციატივით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აქტივობით, რეკომენდაციებისა და ალტერნატიული ანგარიშების მომზადებით და ამიტომაც, ამ გამოცდილებისა და თუ გნებავთ, ტრადიციის მქონე, სამოქალაქო სექტორს, მეტი მოგვეთხოვება.

გარდა ევროინტეგრაციის პროცესის მონიტორინგისა, რომელსაც, შეზღუდული საექსპერტო რესურსის გამო, სამწუხაროდ, თემატურად სრულად ვერ ფარავს სამოქალაქო სექტორი, მისი სხვა, მნიშვნელოვანი, როლია ევროინტეგრაციის პროცესში ფართო საზოგადოებრივი ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდაზე ზრუნვა. გვაქვს ცალკეული ინიციატივები, რომლის ფარგლებში ევროინტეგრაციის სხვადასხვა სფეროში ექსპერტიზის მქონე, შედარებით ძლიერი, არასამთავრობო ორგანიზაციები თავის გამოცდილებას უზიარებენ ნაკლები რესურსების მქონე თავის კოლეგებს, მაგრამ ამავე დროს სახეზეა ერთგვარი ელიტურობის ტენდენცია, საკუთარი წარმატებულობითა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებით ტკბობა „სხვათა ჩამორჩენილობის ფონზე“. არა და თუ რამე აზიანებს ჩვენს ევროპულ განვითარებას - მრავალფეროვნების ერთობას, ჩვენი საზოგადოების დანაწევრება და დაპირისპირებაა.

რამოდენიმე წლის სწორედ იმიტომ შევუერთდი „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს“, რომ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, ცენტრიდან, ჰქონდათ მნიშვნელოვნად გამორჩეული ინიციატივა, ინფორმირების გზით, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩაერთოთ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი: რელიგიურ თემი, სასულიერო პირები და მრევლი. მოგვიანებით განვახორციელეთ ინიციატივა ახალგაზრდა ლიდერებისთვის სხვადასხვა: სახელმწიფო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორებიდან, რათა ინდივიდუალურად გაგვეძლიერებინა თითოეული და მათი ინტერსექტორული თანამშრომლობისათვის შეგვეწყო ხელი. კოვიდ 19 პანდემიის პერიოდის გამოწვევების დაძლევისას ნათლად გამოჩნდა ამგვარი თანამშრომლობისა და საზოგადოებრივი ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობა.

სწორედ სამოქალაქო სექტორის თვითკრიტიკის პოზიციიდან მინდა ვთქვა, რომ ხშირად, სექტორში, ჩვენი კოლეგების მხრიდან, ვერ ვხედავ ამ მიდგომების გაგებასა და ჩვენი ინიციატივების მხარდაჭერას. ვისურვებდი, ამ მიდგომებთან დაკავშირებით, ოპონირება ყოფილიყო არა ზედაპირული, სენსაციურ ნიუსებსა და ოდიოზურ განცხადებებზე დაყრდნობილი, არამედ საზოგადოებრივ საჭიროებათა კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებული. ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობისთვის, ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებისთვის, უამრავი დასავლური რესურსი მოხმარდა და ხმარდება: სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიზნესს, მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტსა თუ ინტერესთა ჯგუფებს, და გვაქვს კიდეც მეტ-ნაკლები ღირებულებითი წინსვლა, რომელიც ნათლად ჩანს საზოგადოებრივ კვლევებში. ამ ფონზე უსამართლო და საზიანოა პროცესიდან გარიყვა ჩვენი საზოგადოების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილისა, როგორც რელიგიური თემია. ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილება გვიჩვენებს, რამდენად ნაყოფიერია ასეთი თანამშრომლობა. მრავალი სასულიერო პირი, რომელიც ჩართული იყო ჩვენს საერთო საქმეში, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციით მიღებული სიკეთეების სიმბოლოდ იქცა. ახალგაზრდა თაობის ბევრი ჩვენი ბენეფიციარი ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩის საპატიო წოდებას ატარებს. ამდენად, ევროინტეგრაციის პროცესში ყველაზე მთავარი მისი საყოველთაობა და ამ საქმეში საზოგადოებრივი ერთიანობაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო