მარკ კლეიტონი - მიჭირს იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება საერთოდ რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეს სამხრეთ ოსეთში უახლოეს მომავალში ჩატარებულ ნებისმიერ რეფერენდუმს

სიტუაციას ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. მიჭირს იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება საერთოდ რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეს სამხრეთ ოსეთში უახლოეს მომავალში ჩატარებულ ნებისმიერ რეფერენდუმს, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე.

„ჩვენ არ ვაღიარებთ არც სამხრეთ ოსეთის და არც აფხაზეთის დამოუკიდებლობას. როგორც უკვე ვთქვი, დიდი ბრიტანეთის პოზიცია ნამდვილად მკაფიოა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს მოიცავს სრულ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“,- აღნიშნა კლეიტონმა.

კითხვაზე, ე.წ სამხრეთ ოსეთის მიერ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, უნდა ველოდოთ თუ არა დიდი ბრიტანეთის მხრიდან ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ელჩმა უპასუხა, რომ „სანქციების სიგანე და სიღრმე ისეთია, რომ რუსეთი უკვე უპრეცედენტო სანქციების ქვეშაა“.

„ჩვენ უნდა შევხედოთ ზუსტ სიტუაციას, დროს და მის ბუნებას. მაგრამ ამ მომენტში მიჭირს იმის დანახვა, თუ როგორი სანდოობა ექნება სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ნებისმიერ რეფერენდუმს“,- დასძინა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.

ცნობისთვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება. მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში, მისი კონკურენტის, ალან გაგლოევის „გამარჯვება“ აღიარა.

შეგახსენებთ, მანამდეც, მარტის ბოლოს, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთში", შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: "პირველი რუსეთთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ". მისი თქმით, ცხინვალი მალე გადადგამს „სამართლებრივ ნაბიჯებს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა