უკრაინის ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობისთვის მოცდა მოუწევთ

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა მიიჩნევს, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობისთვის მოცდა მოუწევთ. მისი თქმით, საინტერესო იქნება ამ მიმართულებით ევროკომისიის შეფასების ნახვა, თუმცა როგორ სტეფანიშინა ფიქრობს, საქართველოსა და მოლდოვას რამდენიმე პოლიტიკური ციკლის განმავლობაში მოცდა დასჭირდებათ.

ამასთან, ვიცე-პრემიერის განმარტებით, ის ფაქტი, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვის საკითხში ევროკავშირმა ერთ პაკეტში მოაქცია, გავლენას არ იქონიებს უკრაინის ევროკავშირის მიმართულებით სვლის სიჩქარეზე.

„პაკეტის ან პაკეტ გარეშე მიდგომა არ იქონიებს გავლენას ევროკავშირისკენ ჩვენი სვლის სიჩქარეზე, იმ შემთხვევაში, თუ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები არ გამოიყენებენ ამ არგუმენტს უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გასაჭიანურებლად.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: იქიდან გამომდინარე, რომ კითხვარები გაეგზავნა უკრაინას, ასევე მოლდოვასა და საქართველოს, მაშინ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ჩვენი ქვეყანა არ გადის არანაირ დაჩქარებულ პროცედურას. თუმცა ჩვენ ნამდვილად სწრაფად გავართვით თავი კითხვარის შევსებას, იქიდან გამომდინარე, რომ თანმიმდევრულად ვმუშაობდით გასულ წლებში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე და მივაღწიეთ არსებით პროგრესს ევროკავშირთან სექტორულ ინტეგრაციაში.

ევროკავშირი ერთნაირად ობიექტურად უნდა მიუდგეს როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვასა და უკრაინას. როდესაც მე ვსაუბრობ ჩემს ქვეყანაზე, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს საჭირო არ არის დამატებითი დასკვნების წერა, რათა დავინახოთ, რამდენად სურთ ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირში. არსებობს გარკვეული ფასეულობები, რომლებიც უკვე უპირობოა. საქართველოსა და მოლდოვას პოზიცია კი ევროკავშირის სანქციებთან მიერთების ნაწილში, ზოგადად ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან მიერთების ნაწილში უნდა შეფასდეს ობიექტურად ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის თვალსაზრისით.

იცით, როდესაც მე რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, ნატოს მადრიდის სამიტისთვის ვემზადებოდი, ნატოს ერთ-ერთმა გენერალმა მომიყვა, როგორ მიიღება ალიანსში გადაწყვეტილება წევრობასთან დაკავშირებით: სამი პოლიტიკური ციკლის შემდეგ. ანუ როდესაც სამი პრეზიდენტი, სამი პრემიერ-მინისტრი თანმიმდევრულად ავითარებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, ახდენს ღირებულებებისადმი ერთგულების დემონსტრირებას, მაშინ მეოთხე პოლიტიკურ ციკლში ხდება გასაგები - გარკვეული პოლიტიკური სისტემა დაფუძნდა.

უკრაინასთან მიმართებით ასეთი განცდა მე მაქვს და რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მე ვისურვებდი მენახა ევროკომისიის შეფასება და ვფიქრობ, რომ რამდენიმე პოლიტიკური ციკლის განმავლობაში მოცდა საჭირო იქნება“,- განაცხადა სტეფანიშინამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა