ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირში გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პროცედურის გაუქმებას მხარს უჭერს.
Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული სისტემა და 27-ვე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება ანელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს.
ლაიენის თქმით, ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას გულისხმობს, მაგრამ სანქციების ახალ პაკეტს უნგრეთი და ბულგარეთი ეწინააღმდეგებიან.
სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის ხელშეკრულებების რეფორმას, “თუ საჭირო იქნება”.
„ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, დავადგეთ პირდაპირ გზას და გადავწყვიტოთ არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში რისი გაკეთებაც შეგვიძლია, საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებები შევცვალოთ. ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ზოგიერთ ძირითად სფეროში ერთსულოვან კენჭისყრას უბრალოდ აზრი აღარ აქვს, თუ გვსურს უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.