თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ „ლოკდაუნის“ დროს უარს არ ვამბობდით ქორწილებსა და ქელეხებზე - შეიძლებოდა თუ არა გარდაცვალების ნაკლები რაოდენობა გვქონოდა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა

ძალიან ტენდენციური უნდა იყო, თქვა, რომ საქართველოში კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა თავის ფუნქციას. რას ჰქვია, თავი ვერ გაართვა?! ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკურმა ჯგუფმა უწყებასთან ერთად უმოკლეს დროში უზრუნველყო კოვიდის მართვის ძლიერი პოტენციალის შექმნა და მდგრადობის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რითაც შესაბამის საკითხზე კრიტიკოსების პოზიციას პასუხობს.

ამასთან, ცერცვაძის შეფასებით, „ჩვენი "გაიდლაინები" და პროტოკოლი ყველა ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში“.

„მკრეხელობაა იმის თქმა, რომ ქაოსი იყო, ღმერთი უნდა სწამდეს ადამიანს, რომ ეს არ თქვას. საქართველოს გარდა, ყველგან ქაოსი და კოლაფსი იყო. ექიმის გარეშე არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა, პაციენტებს უმაღლესი სტანდარტებით ვმკურნალობთ. არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა ვინმე დაზარალდა ექიმის, საწოლების, ჟანგბადის, სუნთქვის აპარატის, ან უახლესი მედიკამენტების ნაკლებობის გამო.

ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტები და ინოვაციური მიდგომები. ერთ-ერთმა პირველებმა გამოვიყენეთ „ტოცილიზუმაბი“, „რემდესივირი“, „ბარიციტინიბი“ და მონოკლონური ანტისხეულები. რეგიონში და მსოფლიოში ერთ - ერთმა პირველებმა შემოვიტანეთ „პაქსლოვიდი“. ჩვენთან, ბინაზე გარდაცვალებაც მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალი იყო. როგორ შეიძლება ითქვას, რომ თავი ვერ გაართვა კლინიკურმა ჯგუფმა?! კლინიკურ ჯგუფს ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა?! ამას ძალიან ცოტა ამბობს, ზოგი ანგაჟირებული, ზოგი ჩასაფრებული. ამას ის ადამიანები ამბობენ, ვისაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა, არ უხარიათ, აღიზიანებთ, რომ კლინიკურმა ჯგუფმა ძალიან კარგად გაართვა თავი პანდემიის მართვას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხედავს თუ არა პანდემიის მართვის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს და შეცდომებს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კლინიკურ მართვაში სერიოზულ შეცდომას ვერ ხედავს, თუმცა პანდემიის მართვაში სერიოზული შეცდომები იყო.

„რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არის. ალბათ, გვქონდა შეცდომები. პირდაპირ გეუბნებით, რომ კლინიკურ მართვაში სერიოზულ შეცდომას ვერ ვხედავ. ჩვენი ჯანდაცვის პირობებში ყველაფერი ახლიდან შევქმენით. ოჯახის ექიმების ინსტიტუტი ძალიან სუსტი იყო და ნახეთ, ახლა როგორი ძლიერია.

პანდემიის მართვაში კი სერიოზული ხარვეზები იყო. პირველი ეს არის პირბადეების ტარების ძალიან დაბალი მაჩვენებელი. თუ ჩრდილოეთ ევროპაში 80-95% იყენებდა, საქართველოში ეს მაჩვენებელი სხვადასხვა დროს 28-45%-მდე იყო. მთავრობას რაღაც უნდა ექნა, კერძოდ, ან კონტროლის მექანიზმები უნდა გაეძლიერებინა, ან მეტად დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ პირბადე აუცილებელია. მეორე ძალიან სერიოზული ნაკლი იყო დაბალი ვაქცინაცია. დღეს, ვაქცინირებულია მოსახლეობის მესამედი. მე პირბადეების ტარებაში უფრო ვხედავ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, ვიდრე ვაქცინაციაში. ვიცი, რომ ვაქცინაციისთვის ყველაფერი გააკეთა მთავრობამ. საუკეთესო ვაქცინები გვქონდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იყო. პირველი სამწუხარო შემთხვევის შემდეგ არცერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ფინანსურ წახალისებას აკეთებდა, ღარიბი ქვეყანა ვართ ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა?!

მესამე ხარვეზი ქართული ტრადიციებიდან და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობდა, რაც ხალხმრავალი შეკრებები იყო. ნუ მოვახდენთ პოლიტიზაციას, ორივე მხარე თანაბრად სცოდავდა, როდესაც პოლიტიკური შეკრებები იყო და პირბადის ტარება არ ხდებოდა. რაც შეეხება ტრადიციულ ნაწილს, ჩვენ „ლოკდაუნების“ დროს უარს არ ვამბობდით ქორწილებსა და ქელეხებზე. შეიძლებოდა თუ არა საქართველოში პანდემიის უკეთ მართვით გარდაცვალების ნაკლები რაოდენობა გვქონოდა? - რა თქმა უნდა, შეიძლებოდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ამასთან, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ინტერვიუში ზოგადად, პანდემიის თვალსაზრისით ახლა შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პანდემია არ დასრულებულა, თუმცა სტაბილიზაციის პერიოდი გვაქვს“.

„ზოგი თვლის, რომ პანდემია დასრულდა, ზოგი - არა. პანდემია არ დასრულებულა. ჩვენ, სტაბილიზაციის პერიოდი გვაქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი კარგი მდგომარეობა, რაც სხვაგან ასე არ არის. ევროპაში, აზიასა და ამერიკაში ათეულ ათასობით, ასეულ ათასობით ინფიცირებულია, გარდაცვლილი კი ათეული და ასეულია. 30 მარტს ჯანმომ სამი მოსალოდნელი სცენარი გამოაქვეყნა. პირველი, როდესაც დღეში ფიქსირდება 100-დან 200-მდე შემთხვევა და 0, ან 2 გარდაცვლილი. ეს არის რეალური და მისაღები პროგნოზი. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია არსებული მდგომარეობის მართვა, ჩვენ შევეგუებით კორონავირუსით ინფიცირების ამ რაოდენობასთან კოჰაბიტაციას. პირბადეებით, მედიკამენტებით და ვაქცინაციით ისე ვმართავთ ეპიდვითარებას, რომ კოვიდი არ აისახება სოციალურ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე.

მეორე სცენარია, როდესაც კოვიდი მთლიანად აღმოიფხვრება, კერძოდ, ვირუსი როგორც მოვიდა, ისე წავა. ამ სცენარის მიხედვით, ვაქცინაცია, პირბადე და მედიკამენტები საჭირო არ იქნება, რაც საუკეთესო სცენარია. მესამე ყველაზე უარესი სცენარია, რაც გულისხმობს „დელტას“ მსგავსი შტამის გაჩენას, რაც გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რაოდენობის ზრდას.

პროგნოზულად, მაინც მოსალოდნელია ის სცენარი, როდესაც კოვიდი იარსებებს, მაგრამ არ შეგვაწუხებს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა