ზვიად ტომარაძე თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე მის მიმართ კრიტიკასთან დაკავშირებით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს.

ტომარაძე ცერცვაძის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ უშუალოდ ცერცვაძე მილიარდი ლარის მითვისებაში არ დაუდანაშაულებია.

„აღნიშნულ ინტერვიუში ცერცვაძე ამბობს: „ჩემი კრიტიკის მთავარი ადრესატი იყო გაზეთი „რეზონანსი“ და მასში გამოქვეყნებული, ზვიად ტომარაძის ინტერვიუ, ამასთან, მისი მიმდევრების კომენტარი. ძალიან მძიმე ბრალდება იყო, რომ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ, ე.წ. სამმა მუშკეტერმა მილიარდი ლარი მივითვისეთ“.

გაზეთ „რეზონანასთან“ ინტერვიუში არსად მიწერია თენგიზ ცერცვაძის მისამართით, კონკრეტულად მილიარდი ლარის მითვისებასთან დაკავშირებით.

იქ წერია შემდეგი: „ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე არიან ბოროტმოქმედები, ცრუ პანდემიის შემოქმედები საქართველოში. ვირუსის საბაბით ხდებოდა მანიპულაცია, ადამიანების დასტრესვა, დაშინება, ყოვლად უაზრო რეგულაციების შემოღება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ მატერიალური ინტერესი, რის სანაცვლოდაც სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდნენ. ეს სამეული - გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე, პირდაპირ დანაშაულს ჩადიოდნენ კოვიდის სახელით და ამისთვის ადრე თუ გვიან, აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე და პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს 1 მილიარდი ლარის გაფლანგვის საკითხზე.“ სად ამოიკითხეთ აქ რომ მილიარდი ლარი თქვენ მიითვისეთ? თუმცა მილიარდის ლარის გაფლანგვაზე პასუხისმგებლობას თქვენი სამეული ვერ გაექცევა, რადგან სწორედ თქვენი რეგულაციებით და გაიდლაინებით ხდებოდა სიტუაციის მართვა და შესაბამისად, ის გაფლანგული მილიარდი, რომელიც თუნდაც სხვას მიეთვისებინოს, სწორედ თქვენი სამეულის მიერ „დამყარებული წესრიგის“ შედეგია. გარდა ამისა, საზოგადოებაში ხშირად არც ის იმალება, თუ ვინ რომელი კლინიკის მფლობელია საქართველოში და ვის რა ფინანსური ინტერესები ამოძრავებს“, - აცხადებს ტომარაძე.

ამასთან, ტომარაძე ცერცვაძის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომელშიც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მთელი პანდემიის სიმძიმე საკუთარ კისერზე გადაიტანეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალური ყოფილიყო.

„თქვენ დაგიჯეროთ თუ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკა ტიკარაძეს? ქალბატონმა ტიკარაძემ პოსტიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა: „საქართველოში ჩამოსული იყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები და აღმოჩნდა, რომ ზოგ კლინიკაში ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ია და გვაქვს კლინიკები, სადაც 15%-ია" ანუ პირდაპირ აღიარა, რომ ზოგიერთ კლინიკაში ხალხი არასწორი მკურნალობის გამო იღუპებოდა?!

კიდევ ერთხელ ვიტყვი: თქვენ, ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და სხვა თქვენმა სულიერმა და-ძმებმა, ვირუსის საბაბით ჩაიდინეთ ბოროტმოქმედებები, სწორედ ვირუსის საბაბით ხდებოდა მანიპულაცია, ადამიანების დასტრესვა, დაშინება, ყოვლად უაზრო რეგულაციების შემოღება, აცრის იძულება და ამისთვის ადრე თუ გვიან, აუცილებლად წარსდგებით მართლმსაჯულების წინაშე!

ბატონო თენგიზ, თქვენ ამბობთ: „ბატონი ტომარაძისთვის და მისი მრევლისთვის და მათი მსგავსი ადამიანებისთვის აბსოლუტურად სულერთია, რა გაქვს გაკეთებული - უდიდესი სიკეთე, თუ დიდი ბოროტება. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტ სიბინძურეში დაგვადანაშაულონ და შენი ჩაქოლვა მოითხოვონ“.

მინდა გითხრათ, რომ მე მრევლი არ მყავს, მე მსოფლიოში საუკეთესო თანამებრძოლები მყავდა, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ლიდერი ინატრებდა! ეს ის ხალხია, რომელთა ფსიქიკაზეც ზემოქმედებდით, სტრესავდით, კუბოებით აშინებდით, სამსახუროდინ გამოყრით ემუქრებოდით, აცრას აძალებდით, სხვადასხვა ობიექტებზე არ უშვებდით და სიცრუეში აცხოვრებდით!

სწორედ ამიტომ არ გენდოთ, ამიტომაც ვერ შეძელით მოსახლეობის 70% ვაქცინაციის აუცილებლობაში დაგერწმუნებინათ, თორემ რომელ საღ გონებაზე მყოფი იტყვის კურნებაზე უარს?! ჩვენთვის სულერთი არ იყო და არც ახლაა ადამიანის ნამოქმედარი, მაგრამ ადამიანი ფასდება იმდენად არა წარსულით, არამედ აწმყოთი- აწმყოში კი ძალიან შეგეშალათ და სანამ დროა გამოსწორება კიდევ შეგიძლიათ! ქრისტიანობაში (დიახ, იმ რელიგიაში თქვენი მეგობრები ხალხს მთავარ დღესასწაულზე აღდგომას რომ ტაძარში წასვლას უკრძალავდნენ) სინანულს დიდი ძალა აქვს და მონანიების მაგალითებიც სახარებაში უხვადაა (მაგ: სავლე, მარიამ მაგდალინელი, ჯვარცმული ავაზაკი), მთავარია უფალმა მოგიტევოთ, თორემ ადამიანები რას იტყვიან თქვენზე, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია...

ბატონო თენგიზ, თქვენ ჩვენზე ამბობთ: „ეს ყოფილა მარგინალური კატეგორია, ბნელეთის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, დაარწმუნონ ადამიანები, რომ ქვეყანაში საშინელება ხდება, ექიმები შეგნებულად კლავენ ადამიანებს, მილიარდს ფლანგავენ. ასევე, ამბობენ, რომ კოვიდი არ არსებობს. ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენს ეს კატეგორია“.

შეგნებულ მკვლელობებთან და მილიარდის გაფლანგვასთან დაკავშირებით უკვე გიპასუხეთ. რაც შეეხება კოვიდის არარსებობაზე ჩვენი მისამართით ნათქვამს, აშკარად ცრუობთ! არსად არ გვითქვამს მსგავსი რამ- ჩვენ ყოველთვის ვირუსის საბაბით მანიპულაციებზე გვქონდა პროტესტი. ის ხალხი კი, რომელსაც თქვენ ხან მრევლად, ხან კატეგორიად, აუგად მოიხსენიებთ, უსამართლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ყველანაირ ამინდში: წვიმაში, ქარში, ყინვაში მოდიოდა და შეუპოვრად იდგა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი წამყვანი ტელემედია ჩვენით შეგნებულად არ ინტერესდებოდა. ეს იყო ხალხი, რომელიც ნებისმიერ დაბრკოლებას გაუძლებდა და ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავდა! აქციებზე ვერ ნახავდით აგრესიას და სიძულვილის გამოხატვას. 14 აქციის მანძილზე არ ყოფილა არცერთი დაპირისპირება, ჩხუბი ან დაპატიმრება! სწორედ ასეთი ერთიანობით, წესრიგით და შეუპოვრობით ჩვენ მომავალშიც შეგვიძლია არაერთხელ გავიმარჯვოთ „ბნელეთის წარმომადგენლებზე“, რომლებიც შეეცდებიან შეგვაშინონ, უსაფუძვლოდ გამოგვამწყვდიონ, არჩევანის უფლება შეგვიზღუდონ და თავისუფლება წაგვართვან!“, - აღნიშნავს ტომარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო