დავით სააკაშვილი - უნიკალური ქვეყანა ვართ, არა მარტო ბუნებით, ხალხით, ისტორიით, კულტურით, არამედ იმითაც, რომ მოვკალით პირველი პრეზიდენტი - მეშინია, იგივე არ განმეორდეს

უნიკალური ქვეყანა ვართ, არა მარტო ჩვენი ბუნებით, არაჩვეულებრივი ხალხით, უდიდესი ისტორიით, კულტურით, არამედ იმითაც, რომ მოვკალით პირველი პრეზიდენტი - მეშინია, იგივე არ განმეორდეს, ძალიან ვნერვიულობ მიშას ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასაუბროდ, მას იუსტიციის მინისტრთან პირადად სურდა შეხვედრა, თუმცა, უწყებიდან, ფაქტობრივად, უარი მიიღო.

დავით სააკაშვილის განცხადებით, გეგმავს კიდევ ერთხელ მოითხოვოს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ძმამ აღნიშნა, საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან თავის არიდებაზე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება.

„ოჯახის უფლებაა, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება თავისი ოჯახის წევრის გადასარჩენად. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო მოთხოვნა, შევხვედროდით სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. მოვითხოვეთ შეხვედრა საპატრიარქოსთან, რადგან ასე მწამდა და მწამს, რომ მიშა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ყოფილი პრეზიდენტი, როგორც ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, იმსახურებს იმ ფუნდამენტურ უფლებას, რასაც სიცოცხლის დაცვა ჰქვია. ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის მთავარი გარანტი ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს სახელმწიფო. ასევე, მინდოდა პირადად შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, შევუთვალე და ფაქტობრივად, უარი მივიღე. საპატრიარქოსგან უარი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა არის ცუდი. ძალიან დიდი პატივისცემით ჩვენს პატრიარქთან, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას. შეხვედრა გვინდოდა, რადგან ფაქტობრივად, მიშა სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძვის.

კიდევ ერთხელ აუცილებლად მოვითხოვ ქალბატონ სალომესთან შეხვედრას, თუ ეს პროცესი გაჭიანურდა, იმდენად რთულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. საუბარი არ არის გათავისუფლებაზე, სასჯელის მოხსნაზე, შეწყალებაზე. საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე. გამოჯანმრთელდეს და მერე დაბრუნდება საქართველოში. მერე გავაგრძელოთ დებატებიც, სასამართლოებიც, პროცესები.

მაინც მჯერა კეთილგონიერების, ჰუმანურობის, ყველასი, ვინც კი რამეს წყვეტს ამ ქვეყანაზე, ვისაც შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა. პირველ რიგში, ადამიანს უნდა შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. უნიკალური ქვეყანა ვართ, არა მარტო ჩვენი ბუნებით, არაჩვეულებრივი ხალხით, უდიდესი ისტორიით, კულტურით, არამედ იმითაც, რომ ჩვენ მოვკალით პირველი პრეზიდენტი, ჩვენ ყველანი ვიყავით ამის თანამონაწილე. სიჩუმე ნიშნავს დანაშაულში თანამონაწილეობას. ძალიან მეშინია, იგივე არ განმეორდეს. ძალიან ვნერვიულობ მიშას ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა