ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვეტილებებს "ისტორიული" უწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი "ორივე ქვეყნის დასახმარებლად გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა".
"დარწმუნებული ვართ, რომ შვედეთიც და ფინეთიც ხელს შეუწყობენ ალიანსისა და მთელი ტრანსატლანტიკური ტერიტორიის ერთიანობას, სოლიდარობას, თანმიმდევრობასა და სიძლიერეს იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების გარემო, რომლის წინაშეც ვდგავართ, სულ უფრო რთულია", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრებმა დასძინეს, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება "ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის", ასევე "ახალ პერსპექტივებს გაუხსნის სკანდინავიურ-ბალტიის და სხვა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში".
"ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მათი ხელმოწერის შემდეგ, ხელი შევუწყოთ გაწევრიანების ოქმების სწრაფ რატიფიცირებას", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.