უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები შეჩერებულია

უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი განმარტებით, რუსეთის მოთხოვნები ფრონტზე განვითარებული პროცესებისგან განსხვავებით, არ იცვლება.

„ჩვენგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ ომის 82 დღის განმავლობაში მაინც ვერ გაიგო, რომ ვითარება უკრაინაში საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც იყო დასაწყისში. ისინი თავიანთ დირექტივებს არ ცვლიან, აგრძელებენ შანტაჟს, ზოგიერთ პოზიციას საჯაროდ განიხილავენ. უკრაინას რაღაც პრეტენზიებს უყუნებენ, ცხოვრობენ სამყაროში, სადაც თითქოსდა „უკრაინული ნაციზმი“ არსებობს. მსოფლიოში უკვე იციან, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ერთი ტიპის ნაციზმი - რუსული. დიდი ალბათობით, რაღაც დრო კიდევ გავა, რომ ჩვენ ამ პრობლემას უფრო არსებითად მივუდგეთ - რუსეთის დენაციფიკაციის პრობლემას მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში.

დღეს მოლაპარაკების პროცესი შეჩერებულია. სტამბოლის რაუნდის შემდეგ რაიმე სახის ცვლილება და პროცესების განვითარება არ ყოფილა. რუსეთის ფედერაცია კვლავ რჩება თავის სტერეოტიპულ აზროვნებაში. მაგრამ ნებისმიერი ომი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასრულდება და ამ პროცესის მოდერირებას მოახდენს ბატონი ზელენსკი“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა კიევი ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის პოზიციას, რომლებსაც ომის სწრაფად დასრულება სურთ, რათა „პუტინს სახე შეუნარჩუნონ“, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია ომის შეწყვეტას იმ ფორმით, რომელიც ზოგიერთ ევროპელს სურს, ვერ შეძლებს“.

„რაც შეეხება იმას, რომ „რამე მივცეთ“, რათა ბატონმა პუტინმა „სახე შეინარჩუნოს“, ეს შეუძლებელია. ეს ვაჭრობის საგანი არ არის, ომი არ დასრულდება თუ ჩვენ სადმე რამეს მივცემთ და ამას არ აღიქვამს უკრაინის საზოგადოება. მან ძალიან დიდი ფასი იმისთვის არ გადაიხადა, რომ რაიმე მისცეს“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა