ეკა გიგაური - ჩვენი დიდი შიშია, რომ ის შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, შეიძლება ვერ გამოვიყენოთ - ევროპას უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ დემოკრატია გვინდა

ჩვენი დიდი შიშია, რომ ის შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, შეიძლება ვერ გამოვიყენოთ - ევროპას უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ დემოკრატია გვინდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გიგაური განმარტავს, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე, ყველაფერს აკეთებენ, რომ განსხვავებული აზრის მატარებელი ჯგუფი არ ჩაერთოს სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში.

„ძირითადად ჩვენ გვისმენდნენ. მათ აინტერესებდათ ჩვენი მოსაზრებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მე, რაც ვთქვი, არის ის, რომ დღეს ჩვენ ისეთ მომენტში ვართ, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ძალიან ბევრი შესაძლებლობა. ჩვენი დიდი შიშია, რომ ის შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ვერ გამოვიყენოთ. საქართველოს მთავრობა ამას სერიოზულად არ განიხილავს და ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტ პრობლემას უმატებს ჩვენს ქვეყანას.

ვხედავთ, რომ ისინი უარს ამბობენ სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე. ფაქტობრივად, ყოველდღე ამძიმებენ ვითარებას მედიაგარემოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებენ, რომ განსხვავებული აზრის მატარებელი ჯგუფი სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, თუ სხვა, არ ჩაერთოს სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში. ბევრი პრობლემაა, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით პრობლემას გვიქმნის. ევროპას უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ დემოკრატია გვინდა, რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანება“,- აღნიშნავს გიგაური.

კითხვაზე, თუ რა პოზიციები დაფიქსირდა შეხვედრაზე „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, გიგაურის თქმით, პარტნიორების მხრიდან პოზიცია არ დაფიქსირებულა, თუმცა, აღინიშნა, რომ ძალიან დიდ პატივს სცემენ იმას, რასაც სამოქალაქო სექტორი აკეთებს.

„ასეთ შეხვედრებზე პოზიციებს არ აფიქსირებენ. არ ვიცი, პროგრამით გათვალისწინებულია, თუ არა მათი პრესკონფერენცია, ალბათ, იქ იტყვიან სათქმელს. რაც მათ დააფიქსირეს არის ის, რომ ძალიან დიდ პატივს სცემენ იმას, რასაც სამოქალაქო სექტორი აკეთებს. ამბობენ, რომ ჩვენი ანგარიშები და მოსაზრებები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ენდობიან. ისინი ამბობენ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ დასავლეთის ნაწილი გავხდეთ. ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს“,- აღნიშნავს გიგაური.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა