რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადების შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და ფინეთის წარმომადგენლებთან ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანკარა ამჟამინდელ პირობებში ვერ დაეთანხმება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დღეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან სტოკჰოლმისა და ჰელსინკის განაცხადების თემა განიხილა, შაბათს კი დაგეგმილია მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოსა და ფინეთის წარმომადგენლებთან.
ერდოღანის თქმით, ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იცავს ტერორისტული ორგანიზაციისა და მისი შტოების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.
მან ხაზი გაუსვა, რომ ტერორისტებს აქტიურად უჭერენ მხარს გერმანიაში, ფინეთსა და შვედეთში.
„ტერორისტები აქტიურობენ შვედეთსა და ფინეთში და განსაკუთრებით გერმანიაში. როცა თურქეთი მათ ექსტრადიციას ითხოვს, უარს გვეუბნებიან. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ორმხრივ მოლაპარაკებებზე, რომ ასეთი მიდგომა დაუშვებელია. თურქეთი მრავალი წელია ებრძვის ამ ტერორისტებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

























