გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველი ბორის ბონდარევი, ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, კრემლში ღალატში დაადანაშაულეს

გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველი ბორის ბონდარევი, თავისი ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, კრემლში, ღალატში დაადანაშაულეს.
ბონდარევის ხმაურიან გადადგომასთან დაკავშირებით დღეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვის განცხადებით ბონდარევი ახლა რუსეთის წინააღმდეგაა.
„ბატონი ბონდარევი ჩვენთან აღარაა, პირიქით, ის ჩვენს წინააღმდეგაა. ის რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს აკრიტიკებს, რუსეთის ხელისუფლების მოქმედებებს კი, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის თითქმის მთელი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ეს ბატონი გამოვიდა ჩვენი ქვეყნის საერთო კონსოლიდირებული აზრის წინააღმდეგ“,- განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მისიის მრჩეველმა ბორის ბონდარევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა.
„ჩემი დიპლომატიური კარიერის 20 წლის განმავლობაში მე მინახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა შემობრუნება, მაგრამ არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ, არის არა მხოლოდ დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, ყველაზე მძიმე დანაშაული რუსეთის ხალხის წინააღმდეგ, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების არსებობასთან დაკავშირებული ჩვენი ყველა იმედისა და პერსპექტივის ასო „Z”-ით გადახაზვა”, - ნათქვამია დიპლომატის განცხადებაში.

























