სომხეთმა აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშულა, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს

სომხეთმა აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშულა, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს, საზღვარზე 28 მაისს სამშვიდობო რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც სომეხი ჯარისკაცი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა.

„ვგმობთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 28 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას საზღვრის სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, რის შედეგად, გარდაიცვალა სამხედრო მოსამსახურე, რიგითი დავიდ ვარდანიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სომხეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „ამ პროვოკაციას წინ უძღოდა დესტრუქციული და საომარი განცხადებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან 27 მაისს“.

სომხეთის უწყება მოუწოდებს ეუთოს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას, ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, შესაბამისი შეფასება მისცენ აზერბაიჯანის ქმედებებსა და განცხადებებს, რომელიც, მათივე თქმით, მიმართულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ. აზერბაიჯანს კი მოუწოდებენ, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან და შეასრულოს ვალდებულებები.