გერმანიაში შესვლაზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მარტივდება

1-ელი ივნისიდან გერმანიაში შესვლაზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები გამარტივდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა.
„გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.
ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























