შალვა პაპუაშვილი - არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს - დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტია

სწორედ საქართველოს მთავრობის დამსახურებით და „ქართული ოცნების“ პირობებში გახდა შესაძლებელი პროგრესი - ვფიქრობ, არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლებისადმი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტია.

„რაც შეეხება ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესს და სწორი ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი მიჰყავს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. სწორედ საქართველოს მთავრობის დამსახურებით და „ქართული ოცნების“ პირობებში შესაძლებელი გახდა პროგრესი. იგულისხმება, პირველი- 2014 წელს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა, სანამ შეთანხმება მოხდებოდა. მეორე - სწორედ გატარებული რეფორმების შედეგად საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში. მესამე - ჩვენ ვართ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა 2024 წელს განაცხადის შეტანის გეგმა, ამას მაშინ ირონიით უყურებდა ყველა, მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი. ირონიით უყურებდნენ, რომ საქართველო და მმართველი გუნდი პრეტენზიას აცხადებდა, რომ 2024 წელს გააკეთებდა განაცხადს კანდიდატობაზე. დღეს ისინი, ვინც ირონიულად და სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს, გვევლინებიან ისე, თითქოს ისინი არიან მთავარი წამყვანები ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.

რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას. ვფიქრობ, არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინას თუ მოლდოვას. დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტია. ევროკავშირმა თავად გახსნა ეს შესაძლებლობა - როდესაც განაცხადი გავაკეთეთ, თავად დააჩქარა პროცესი, როდესაც კითხვარი, რომლის შედგენასაც თვეები სჭირდება, რამდენიმე კვირაში შეადგინა და პასუხები მოგვთხოვა ერთ თვეში და არა ერთ წელში, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე. ამით სიგნალი მოგვცა სამივე ქვეყანას, რომ მზად არის ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ახლა დროა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და არა ის, რომ კრიტიკის ჭუჭრუტანით უყუროს საქართველოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის კრიტიკას კიდევ ერთ საკითხზე - შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე, პაპუაშვილმა ზურაბიშვილის და ოპოზიციის კრიტიკა არ გაიზიარა.

„რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, რამდენიმე დღის წინ „ლელოსგან“ მოვისმინეთ მოწოდება. „ლელომ“ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება. 19 აპრილის შეთანხმებაში ერთადერთი მოთხოვნა ოპოზიციის მიმართ იყო პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობა. პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საკუთარი განცხადებით დატოვა პარლამენტი. რაზეა საუბარი, როდესაც თავად პარტიის თავმჯდომარე არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას. მეორე მხრივ კი ამ შეთანხმების დამცველად გვევლინება. ეს არის ქართული პოლიტიკის ფარისევლობა, რომელიც მედიალანდშაფტში ხანდახან იმალება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი დამალული ადრე თუ გვიან ცხადი ხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. მისი თქმით, „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად და სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გაფორმებული დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და „სამწუხაროა, რომ ანულირებულად გამოცხადდა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა