ბავარიაში მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა

გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბავარიაში, მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.
მედიის ინფორმაციით, მატარებელი, რომელსაც უამრავი სტუდენტი გადაჰყავდა, მიუნხენისკენ მიემართებოდა, როდესაც გარმიშ-პარტენკირხენთან ახლოს, ლიანდაგიდან გადავიდა.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, უცნობია, თუ რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი.
როგორც გარმიშ-პარტენკირხენის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულებიდან 16-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, მედია იუწყება, რომ სამაშველო სამუშაოებში 6 შვეულმფრენი, მათ შორის, 3 ავსტრიიდან არის ჩართული.
“ადამიანები ფანჯრებიდან გადმოჰყავთ”, - აცხადებენ პოლიციაში.
გერმანული სარკინიგზო ოპერატორი Deutsche Bahn-ის ინფორმაციით, მიუნხენსა და გარმიშ-პარტენკირხენს შორის მარშრუტის ნაწილი გადაკეტილია.

























