ბათუმში გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს

ბათუმის მცხოვრებლებმა გარემოს დაცვის დღე პლასტიკური ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პოპულარიზაციით აღნიშნეს. ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხიმშიაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების 100-მდე მოსახლე, ადგილობრივ მოხალისეებთან და გარემოსდაცვით აქტივისტებთან ერთად, ქალაქის ქუჩებში შეიკრიბა და პლასტიკური ნარჩენების მართვაზე იმსჯელა.

მათი განმარტებით, ასევე გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, საბავშვო ვიქტორინა და გადამუშავებული პლასტიკისგან დამზადებული ნივთების გამოფენა.

ღონისძიებას დაესწრნენ ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, რომელთაც ადგილობრივ აქტივისტებსა და მოხალისეებს მადლობის სერტიფიკატები გადასცეს.

„ბათუმი სწრაფად მზარდი და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქია. თუმცა ნარჩენების მდგრადი მართვის მხრივ, ის საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს უმკლავდება. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ქალაქის თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოსახლეობის თანამშრომლობას ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით. ჩვენ ხელს ვუწყობთ ინფორმაციის გავრცელებას და ისეთი მუნიციპალური სისტემების დანერგვას, რომლებიც სასიკეთოა როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის“, - განაცხადა ჩერნიშოვამ.

UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ინიციატივით, ბათუმსა და თბილისში, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, პლასტიკური ნარჩენების შეგროვება-დახარისხების სოციალური ექსპერიმენტი ჩატარდა.

„ექსპერიმენტში ჩართულები იყვნენ ბათუმისა და თბილისის მერიები, მუნიციპალური დასუფთავების სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ორივე ქალაქის რამდენიმე სამიზნე უბნის მცხოვრებლები.

ექსპერიმენტის ფარგლებში, სამიზნე უბნებში პლასტიკური ნარჩენების შესაგროვებლად 40 კონტეინერი დამონტაჟდა და საინფორმაციო კამპანია გაიმართა. შედეგად, მხოლოდ ორი თვის მანძილზე, 2022 წლის იანვრიდან მარტამდე, თითქმის ნახევარი ტონა პლასტიკური ნარჩენი შეგროვდა. ასევე გამოვლინდა ურბანული მოსახლეობის ქცევითი მახასიათებლები, რომელთა გათვალისწინებით მუნიციპალური სამსახურებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავდა.

როგორც ბათუმში, ისე თბილისში ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მოსახლეობა მზადაა ნარჩენების შეგროვებისა და დახარისხების პრაქტიკის დანერგვისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამისთვის სათანადო მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და სერვისები იარსებებს.

ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 900,000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება. მათი უდიდესი წილი გადამუშავებას ექვემდებარება, თუმცა 75 პროცენტზე მეტი მაინც ნაგავსაყრელებზე ხვდება. ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის პლასტიკური ნარჩენების 50 პროცენტი, ხოლო 2030 წლისთვის 80 პროცენტი გადაამუშაოს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კვლავ გააგრძელებს ბათუმის, თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ხელშეწყობას ამ ამბიციური გეგმის მიღწევის საქმეში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა