ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ არის ოპოზიციური პარტიის ან ხელისუფლების მონაპოვარი, არამედ ის არის ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების მონაპოვარი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
“თუ ვინმე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ჩვენ, ჩვენი პარტია აუცილებლად ვართ. როდესაც თქვენ დაკავებული ხართ გაუგებარი ლანძღვა-გინებით, გაუგებარი დაპირისპირებით, ამ დროს ჩვენ {პარტია „საქართველოსთვის“} ყველა რესურსს, რომელიც გაგვაჩნია, ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი არ არის ვინმეს, ოპოზიციური პარტიის ან ხელისუფლების მონაპოვარი, არამედ ის არის ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების და იმ ბავშვების მონაპოვარი, რომლებიც დღეს ჩვენ პარლამენტში გვესწრებიან. ევროკავშირის წევრობაზე და ევროინტეგრაციაზე საუბრისას ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დემოკრატია, გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ ჩვენი მოქალაქეები და ხელისუფლება - თუ როგორ ასრულებს ამ გადაწყვეტილებებს. სწორედ ესაა ფუნდამენტური საკითხი", - განაცხადა დაუშვილმა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება“ ორიენტირებულია არა მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაზე.
„ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში მანდატების 48 პროცენტი უკავია, ანუ სრული შემადგენლობის 35 წევრიდან - 17 მანდატი, ამის მიუხედავად, საკრებულოში არსებულ ხუთივე კომისიაში უმრავლესობა მიიტაცა. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ კანონში რა წერია აღარ აინტერესებს, მას მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს. კანონის უზენაესობის შეგრძნება „ოცნებას“ უკვე აღარ აქვს. „ქართული ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, მათთვის უზენაესი არა კანონი, არამედ საკუთარი პარტიაა.
ასევე უნდა ითქვას, რომ „ოცნება“ აგრძელებს მოქალაქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის სენაკის საკრებულოში, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირებულები იყოთ კრიზისის დასრულებაზე, პირიქით ორიენტირებულები ხართ კრიზისის უფრო მეტად გაღრმავებაზე.
სამწუხაროდ, ყველანაირი ზღვარი წაშალეთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ამის ნათელი დადასტურებაა გელა აბულაძის პატიმრობა, რომელიც რეალურად არის თქვენი პირადი პატიმარი. ამ ყველაფრის შინაარსი არის ერთადერთი - თქვენ ორიენტირებულები ხართ არა მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად მოქმედებაზე, არამედ - ძალაუფლების შენარჩუნებაზე", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.