ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, წლევანდელი აგვისტოს პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა რადგან „აგვისტოს ომის“ მე-18 წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ ტიპის განცხადებები გააკეთეს, რომლებიც საზოგადოებაში ახლა აქტიურად განიხილება და შესაბამისად ჩვენც მათ გვერდს ვერ ავუვლით.

რადგან „აგვისტოს ომის“ განცხადებებს ხელისუფლებამ მოაყოლა განცხადებები რუსეთ-საქართველოს შორის 1783 წელს გაფორმებულ „გეორგიევსკის ტრაქტატზე“ და ერეკლე მეორეზე.

80-წლების ბოლოდან მოყოლებული ამ თემაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, იყო განცდა, რომ თითქოს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იყო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ასე არაა.

ამ განცხადებების გაკეთებიდან რამდენიმე დღეა გასული, მაგრამ, ვხედავთ, რომ საზოგადოებაში ემოციები არ ცხრება. ცხადადაც კი ჩანს რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაშია თავისი აზროვნებითა და დიამეტრალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზეა.

არადა, წესით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანას, სხვა დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დარტოვა ერთი მხრივ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლების „გიორგიევსკისა ტრაქტატთან“ დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა?

- “ქართულ ოცნებას“ სურს საზღვრების წაშლა სიმართლესა და სიცრუეს შორის. მისი მიზანია შეიმუშავოს მეხსიერების ისეთი პოლიტიკა, რომელიც მტერს მოყვარედ წარმოაჩენს, დამპყრობელს განმანათლებლად, განსაცდელს კი სიხარულად. ივანიშვილი, კობახიძე ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე აშენებენ ახალ კერპს, რუსეთის კერპს. მათი ამოცანაა, რომ გაღარიბებულმა, გაუბედურებულმა, პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულმა ადამიანებმა რუსეთი ხსნად მიიჩნიონ.

გეორგიევსკის ტრაქტატის ყველა სტრიქონი შესწავლილია. მეფე ერეკლე და ბატონი ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდნენ, რომ დოკუმენტმა ვერ იმუშავა, დოკუმენტის პირობები რუსებმა ცინიკურად დაარღვიეს.

ქართულ ოცნებას“ სურს საზღვრების წაშლა სიმართლესა და სიცრუეს შორის. მისი მიზანია შეიმუშავოს მეხსიერების ისეთი პოლიტიკა, რომელიც მტერს მოყვარედ წარმოაჩენს, დამპყრობელს განმანათლებლად, განსაცდელს კი სიხარულად. ივანიშვილი, კობახიძე ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე აშენებენ ახალ კერპს, რუსეთის კერპს. მათი ამოცანაა, რომ გაღარიბებულმა, გაუბედურებულმა, პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულმა ადამიანებმა რუსეთი ხსნად მიიჩნიონ

საქართველოს ისტორიაში უკანასკნელი დიდი მონარქი წერილს წერილზე აგზავნიდა იმპერიის ცენტრში, ითხოვდა სამხედრო ტექნიკით დახმარებას, რათა კავკასიის აღმოსავლეთი შემოსევებისა და აწიოკებისგან დაეცვა, მაგრამ მისი ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ტრაქტატმა ვერ შეაჩერა აღა მოჰამედ ხანის ლაშქრობა თბილისში და დედაქალაქის გადაწვა-აოხრება.

ირაკლი კობახიძე მიზანმიმართულად არ იხსენებს ამ ფაქტებს და გვესაუბრება საბჭოთა კინემატოგრაფის დაბალი დონის ნიმუშის „წიგნი ფიცისა“ ენით. შეგახსენებთ, რომ 1983 წელს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს იდეოლოგიური განყოფილების ლოცვა-კურთხევით „ქართულმა ფილმმა“ გადაიღო დასახელებული სურათი, რომელიც მიეძღვნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილეს.

არ გამოვრიცხავ ამ სერიალის „რიმეიქის“ გადაღებაზეც დაიწყონ ფიქრი, ისეთ ჭაობში არიან ჩაფლულნი.

ქართული უნივერსიტეტისა და მეცნიერების მესაძირკვლემ, აკადემიკოსმა ჯავახიშვილმა კი მთელი მონოგრაფია მიუძღვნა ტრაქტატს, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევს თეზისი: „1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი - აუარებელი.“ ცხადია, არც ჯავახიშვილის ხედვით დაინტერესებულან ოლიგარქიის წარმომადგენლები, რადგან მათ რეალური გამოცდილება კი არა, რუსეთის სახე-ხატის გაკეთილშობილება აინტერესებთ.

აკადემიკოსმა ჯავახიშვილმა კი მთელი მონოგრაფია მიუძღვნა ტრაქტატს, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევს თეზისი: „1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი - აუარებელი.“ ცხადია, არც ჯავახიშვილის ხედვით დაინტერესებულან ოლიგარქიის წარმომადგენლები, რადგან მათ რეალური გამოცდილება კი არა, რუსეთის სახე-ხატის გაკეთილშობილება აინტერესებთ

თუმცა, გამაოგნებელი სხვა რამ არის. გასაგებია, რომ მეთვრამეტე საუკუნის მოვლენებით მანიპულირება ადვილია, მაგრამ 18 წლის წინანდელი ტრაგედიის მიმართ გულგრილობა, მისი გაუფასურება წარმოუდგენელი თავხედობაა.

ივანიშვილის თანაგუნდელები რუსების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემისა და მოწიწების გამოხატვის აუცილებლობაზე გვესაუბრებიან აგვისტოს თვეში, მაშინ, როდესაც ყველა ჭრილობა გახსნილია, ყველას თვალწინ გვიდგას ომის დღეები. 26 000 დევნილს, 500-მდე დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრებს ღია ჭრილობაზე მარილს აყრიან.

ივანიშვილის თანაგუნდელები რუსების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემისა და მოწიწების გამოხატვის აუცილებლობაზე გვესაუბრებიან აგვისტოს თვეში, მაშინ, როდესაც ყველა ჭრილობა გახსნილია, ყველას თვალწინ გვიდგას ომის დღეები. 26 000 დევნილს, 500-მდე დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრებს ღია ჭრილობაზე მარილს აყრიან

თემურ-ლენგის გრანდიოზული მემორიალის ყვავილებით შემკობიდან მოვედით რუსეთის, როგორც მხსნელის შესახებ მსჯელობამდე. ხანდახან, ათასში ერთხელ მაინც უნდა გაბედო და კეთილდღეობის შემცირების საფრთხის მიუხედავად უნდა შეძლო „არას“ თქმა. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას ომის წამოწყებას, პროვოკაციების მოწყობას, გაუფრთხილებელი და თავზეხელაღებული პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ ვითხოვთ, რომ თემურ-ლენგის ძეგლთან ყვავილების მიტანისა და გეორგიევსკის ტრაქტატის რენესანსის განახლებად გამოცხადების დროს მაინც შეძლონ „არას“ თქმა და ღირსების შენარჩუნება.

რას ემსახურება მეხსიერების ამგვარი პოლიტიკა? „ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს „რუსულ სამყაროსთან“ საქართველოს სახელმწიფოს კიდევ უფრო სწრაფი ინტეგრაციისთვის.

„ქართული ოცნება“ ამზადებს ნიადაგს „რუსულ სამყაროსთან“ საქართველოს სახელმწიფოს კიდევ უფრო სწრაფი ინტეგრაციისთვის

- პირველი შემთხვევა არაა, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას და პრეზიდენტ სააკაშვილს ადანაშაულებს.

არადა, საქართველოს ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა კარგა ხანია იციან რომ „აგვისტოს ომისთვის“ პრეზიდენტი პუტინის კარგა ხანს ემზადებოდა და 2008 წლის 7 აგვისტოს გადაკვეთა ის „წითელი ხაზები“, რომლითაც რუსეთმა საერაშორისო სამართლის 10-ვე პრინციპი დაარღვია.

მეტიც, ახლა ევროპელები ღიად და პირდაპირ ამბობენ - ევროპას საქართველოში რუსეთის აგრესიაზე უფრო მკაფიო რეაქცია ჰქონოდა, 2022 წელს რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

თბილისში გაკეთებულ განცხადებას ცხინვალი მყისიერად გამოეხმაურა და ოფიციალური თბილისისაგან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვა. თან ეს ხდება იმის ფონზე როცა კრემლი სამხეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებისთვის ამზადებს.

ამ თემაზე პოლიტოლოგმა გიორგი მელაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა -ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად.“

კრემლის განცხადებებთან თანხვედრაში გაკეთებული განცხადებებით - რისთვის ამზადებს მთავრობა საზოგადოებას?

რა ტიპის დამთმობი ნაბიჯები უნდა გადადგას თბილისმა რუსეთთან ურთიერთობაში?

შეიძლება ითქვას, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღრული ხდება?

- ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება. ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს. უნდა დავთმოთ დემოკრატია, ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვა, ისტორია, მეხსიერება, თვალი უნდა დავხუჭოთ დაპყრობაზე, სუვერენიტეტის შეზღუდვაზე, ოღონდ რუსეთს დავუახლოვდეთ, ოღონდ კრემლთან მისასვლელი გზები გავუკაფოთ ივანიშვილს.

რაც მთავარია, ამ მორალური კომპრომისის მიზანი არის ოლიგარქიის ლიდერისა და მისი გარემოცვის ძალაუფლების, მათი კაპიტალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არაფერი სხვა.

ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება. ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს... რაც მთავარია, ამ მორალური კომპრომისის მიზანი არის ოლიგარქიის ლიდერისა და მისი გარემოცვის ძალაუფლების, მათი კაპიტალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არაფერი სხვა

„ქართულ ოცნებას“ რატომღაც ჰგონია, რომ თუ რუსეთი ჩვენს რეგიონში წარმატებას ვერ მიაღწევს, ისინი ადვილად შეძლებენ თავიანთ დამტვრეულ გრამაფონზე ფირფიტის გადატრიალებას და მარტივად განაახლებენ ურთიერთობებს დასავლეთთან. სამყარო ივანიშვილის ფიქრებით, კობახიძის ლოგიკითა და „ტელე-იმედის“ პასკვილებით არ იმართება.

თანამედროვე მსოფლიო გაცილებით უფრო რთულ და დაუნდობელ სისტემას ეფუძნება. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ასეთი გაერთფეროვნება ამ პარტიის დამფუძნებლებისთვისაც უკიდურესად სახიფათოა.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ასეთი გაერთფეროვნება ამ პარტიის დამფუძნებლებისთვისაც უკიდურესად სახიფათოა

თქვენი კითხვის შინაარსიდან გამომდინარე კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. ძალიან მწყდება გული, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ტრაგედიის გააზრების საშუალებას გვისპობენ.

„ქართული ოცნება“ გვიბიძგებს, რომ რუსეთთან ომის დაწყებაში საკუთარი თავი დავიდანაშაულოთ და არაფერი ვთქვათ მეზობელი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან იმპერიალიზმზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი გვეუბნება, რომ რადგან რუსეთმა დაიწყო ომი, რასაც წყალი არ გაუვა და ამაზე მსჯელობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს, არ უნდა ვიკვლიოთ, არ უნდა შევისწავლოთ ის, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა საქართველო ომს, როგორ მოქმედებდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომის მიმდინარეობისას, რა გავლენა ჰქონდა ომზე სტრატეგიას, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება კონფლიქტების გადასაწყვეტად იყენებდა.

- პირველ კითხვაში ვახსენე რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი კოოორდინატთა სხვადასხვა სისტემაშია, ამავე, განსხვავებულ სისტემებში არსებული კატეგორიებით მსჯელობენ საქართველოს მომავალზე, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე.

80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ორიენტირებული იყო ეშენებინა დამოუკიდებელი ქვეყანა. ახლა კი ვხედავთ რომ იგივე საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ, ქვეყნის დამოუკიდებელობის იდეის მიმართაც კი გაიგონებთ საკმაოდ კრიტიკულ და განსხვავებულ მოსაზრებებს.

„ინტერპრესნისთან“ წინა ინტერვიუში საშინაო პოლიტიკაში არსებულ საკითხებზე მსჯელობისას გაქვთ ნათქვამი - „რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ“.

შესაძლოა, ვცდებოდე ჩემს დაკვირვებებში, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს საზოგადოებაში ამგვარი განწყობების მნიშვნელოვნად მომხდარი ცვლილებების მიზეზი და მიზანი?

- რისი აშენება შევძელით უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში? დავამყარეთ ველური კაპიტალიზმი, რომელიც ძარცვავს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, და მივიღეთ ავტორიტარიზმი, რომელიც გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სსრკ-ის უკანასკნელი წლების მმართველობა. ადამიანები დაიღალნენ, დაიტანჯნენ, მათი იმედგაცრუება და სკეფსისი გასაგებია.

რისი აშენება შევძელით უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში? დავამყარეთ ველური კაპიტალიზმი, რომელიც ძარცვავს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, და მივიღეთ ავტორიტარიზმი, რომელიც გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სსრკ-ის უკანასკნელი წლების მმართველობა. ადამიანები დაიღალნენ, დაიტანჯნენ, მათი იმედგაცრუება და სკეფსისი გასაგებია

მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს საზოგადოებაში მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც სხვა საქართველოსიც სწამთ. მათ სჯერათ, რომ დამოუკიდებლობას ავტორიტარიზმის ახალ ნაირსახეობაზე მეტის, ველურ კაპიტალიზმზე მეტის მოტანა შეუძლია. „ქართული ოცნების“ მიზანი სწორედ ამგვარი იდეების მქონე საზოგადოებრივი ფენების (რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან) განადგურებაა. ოლიგარქიას განზრახული აქვს, რომ ყველა ერთნაირად ვფიქრობდეთ, ყველა მათ ვეთანხმებოდეთ.

ოლიგარქიას განზრახული აქვს, რომ ყველა ერთნაირად ვფიქრობდეთ, ყველა მათ ვეთანხმებოდეთ

- ყველას ესმის თუ როგორ განვითარდება პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი.

ვხედავთ რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე წინა პერიოდთან შედარებით ხდება ცვლილებები უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინა თავისი დრონებით ანადგურებს რუსეთის სამრეწველო და სამხედრო ინფრასტრუქტურას.

რუსეთს პრობლემები აქვს ეკონომიკაში, საბანკო სექტორში. მიუხედავად ამისა, პუტინი მაინც ვარაუდობს საყოველთაო მობილიზაციის განხორციელებას, რამაც, რუსი ექსპერტებისვე შეფასებით შესაძლოა, სრულად დააგრიოს რუსეთის ეკონომიკა. ამის ფონზე რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან, მიღებული ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს უკრაინის ქალაქებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომს და იმას, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს მისი შედეგი პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე?

- გასული საუკუნის დასაწყისში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ ბატონი პლევე. ვიაჩესლავ პლევეს ეკუთვნის ტერმინი „Маленькая победоносная война“ – „მცირე, გამარჯვების მომტანი ომი“.

რუსეთის ისტორიაში მრავალ მმართველს წამოუწყია ასეთი სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირება საკუთარი ლეგიტიმაციის გაძლიერებისთვის, სოციალ-ეკონომიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანისთვის, რეგიონში ძალის დემონსტრირებისთვის.

2022 წელს რუსეთის მიზანი სწორედ მცირე, გამარჯვების მომტანი ომის წარმოება გახლდათ, რომელიც ნიჟნი ტაგილში მცხოვრებ ადამიანს აფიქრებინებდა - მართალია მხოლოდ ხახვი და პური მაქვს, მაგრამ დიადი სახელმწიფოს ქვეშევრდომი ვარ.

რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია, ომი უსასრულოდ გაგრძელდა. მართალია, უკრაინამ ენითაღუწერელი ზიანი მიიღო, მაგრამ ქვეყანამ შეძლო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი არმიის ჩამოყალიბება.

2022 წელს რუსეთის მიზანი სწორედ მცირე, გამარჯვების მომტანი ომის წარმოება გახლდათ, რომელიც ნიჟნი ტაგილში მცხოვრებ ადამიანს აფიქრებინებდა - მართალია მხოლოდ ხახვი და პური მაქვს, მაგრამ დიადი სახელმწიფოს ქვეშევრდომი ვარ

ბოლო ერთი წელია უკრაინის სამხედრო ძალები განსხვავებული სტრატეგიით ხელმძღვანელობენ. მათი უმთავრესი და უპირველესი მიზანი არ არის რომელიმე სოფლის ან სანაპიროს გათავისუფლება. ამ ეტაპზე უკრაინის არმიის ამოცანა რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინფრასტრუქტურის დესტაბილიზაციაა.

ნავთობგადამამუშავებელ ტერმინალებზე თავდასხმით მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანაში, ნახშირწყალბადოვანი რესურსებით უმდიდრეს ქვეყანაში ბენზინის შოვნა ჭირს, ხალხი რიგში დგომით გამწარებულია.

საერთაშორისო ონლაინ შოპინგ პლატფორმის „ვაილდბერისის“ საწყობების განადგურებით მცირე და საშუალო ბიზნესის სავაჭრო ქსელები მოიშალა, უამრავმა მოქალაქემ იგრძნო, რომ ომი მათ წარმოებას საფრთხეს უქმნის და თუ სისხლისღვრა არ შეჩერდა, მათ საბანკო კრედიტების გადახდა მოუწევთ იმ საქონლისთვის, რომელსაც მოწინააღმდეგე გადაწვავს.

საჰაერო შეტევების ასაცილებლად და საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოხატვის შეზღუდვისთვის რუსეთის ხელისუფლება იძულებულია გამორთოს ინტერნეტი. ზოგიერთ რეგიონში თითქმის ერთი თვე შეუძლებელი იყო მობილური ინტერნეტით სარგებლობა, შესაბამისი სერვისების მიღება.

თანამედროვე ეპოქაში სმარტფონი ლამის პირველადი მოხმარების საგნად ითვლება, ომი კი მის გარეშე ტოვებს მილიონობით რუსს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ უკრაინული დრონები დიდი ქალაქების ცენტრებამდეც აღწევენ, თვალუწვდენელ ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა აღარავის აქვს. ომის გახანგრძლივების კვალდაკვალ ცხადი ხდება, რომ რუსეთს თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად საყოველთაო მობილიზაცია დასჭირდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების კიდევ ერთი წყარო გახდება. ერთი სიტყვით, პუტინი ვერ უმკლავდება უკრაინის შეტევას რუსული საზოგადოების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ქსოვილზე, რაც რეჟიმს უკიდურესად ასუსტებს.

რუსეთს თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად საყოველთაო მობილიზაცია დასჭირდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების კიდევ ერთი წყარო გახდება. ერთი სიტყვით, პუტინი ვერ უმკლავდება უკრაინის შეტევას რუსული საზოგადოების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ქსოვილზე, რაც რეჟიმს უკიდურესად ასუსტებს

რუსეთის ამგვარი მდგომარეობა უკვე აისახა პოსტ-საბჭოთა რეგიონზე. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზე უკიდურესად შემცირებულია. შუა აზიის სახელმწიფოები პირდაპირ კონტაქტზე არიან აშშ-სთან, მასთან აფორმებენ სტრატეგიულ ხელშეკრულებებს, რუსეთთან მიმართებით პოლიტიკის წარმოების დროს აქტიურად იყენებენ „ჩინურ ზურგს“, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვა და ცეცხლის შეწყვეტაც კი მოსთხოვა; მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადავიდნენ.

ცხადია, არ ვამტკიცებ იმას, რომ რუსეთი პოსტ-საბჭოთა რეგიონში ყველა ტიპის გავლენას კარგავს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინასთან ომის ფონზე მას სხვა რეგიონალური ზესახელმწიფოები რიგიანად ავიწროვებენ, კრემლს კი უკრაინის მიღმა მოქმედებისთვის რესურსები აღარ რჩება.

არ ვამტკიცებ იმას, რომ რუსეთი პოსტ-საბჭოთა რეგიონში ყველა ტიპის გავლენას კარგავს, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინასთან ომის ფონზე მას სხვა რეგიონალური ზესახელმწიფოები რიგიანად ავიწროვებენ, კრემლს კი უკრაინის მიღმა მოქმედებისთვის რესურსები აღარ რჩება

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რუსეთი უკრაინის ომშია ჩართული და წესით, ჩვენთვის ვერ უნდა იცლიდეს, კრემლი ჩვენთვის აშკარად იცის, თან აშკარად აჩქარებს პროცესებს.

ხან ქალბატონი მარია ზახაროვა აქებს საქართველოს ხელისუფლებას, ხანაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი აცხადებს - „რუსეთი საქართველოსთან პრაგმატული კავშირებისთვის მზად არის“.

მისივე თქმით, „ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ“.

თუმცა, მოსკოვში არავინ არ ამბობს რომ რუსეთი სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოების გაუქმებას აპირებს. კრემლი თბილისს მე-18 წელია სთავზობს „აგვისტოს ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებული „რეალობის“, ანუ, არსებული სტატუს-კვოს აღიარებას.

კრემლი საქართველოსთან ურთიერთობების „რუსული სცენარით“ გაუმჯობესებას ჩქარობს იმის სანაცვლოდ, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოზე იტყვის უარს. თან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რაც რუსეთის ოპერირება-მენეჯმენტით დანაშაულები იქნა ჩადენილი არც არავინ დაისჯება. უფრო სწორად, კრემლი რუსეთის პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს.

ეს კი, დიდი ალბათობით, გახდება საფუძველი იმისა, რომ რუსებსა და აფხაზებს მომავალში აფხაზეთში დაბრუნებულ ქართველებს ზუსტად ისე მოექცნენ, როგორც 1992-1993 წლებში.

სავარაუდოდ, რატომ ჩქარობს რუსეთი საქართველოსთან სწრაფად დალაგებას უკრაინაში ომის დასრულებამდე?

- რუსეთი საქართველოსთან არაფრის დალაგებას არ ჩქარობს. მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობითაც კრემლი კმაყოფილია. რუსეთს არანაირი ოფიციალური, ინსტიტუციონალური კავშირი საქართველოსთან არ აქვს, საქართველო კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე, ნებისმიერი გზით დალაგდეს მასთან. ყველაფრისთვის სახელის დარქმევა, კავშირების აღდგენა რუსეთს არ აწყობს. მას მოსწონს ამგვარი ურთიერთობები მარტო დარჩენილ საქართველოსთან, რადგან ყველაფერს თავად აკონტროლებს და ჩვენ ქვეყანას მანევრირების სივრცეს უსპობს.

რუსეთი საქართველოსთან არაფრის დალაგებას არ ჩქარობს. მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობითაც კრემლი კმაყოფილია... რადგან ყველაფერს თავად აკონტროლებს და ჩვენ ქვეყანას მანევრირების სივრცეს უსპობს

მომავალში, უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე რუსეთს შეიძლება „წარმატების ისტორია“ დასჭირდეს და ამ შემთხვევაში უფრო მოსალოდნელი იქნება ჩვენთან ვასალური ურთიერთობების გაოფიციალურება.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს კრემლის გულის მოსაგებად, თითქოს ამგვარ პროცესებს რუსეთის დამოკიდებულება უნდა შეეცვალა საქართველოს მიმართ, მაგრამ პირიქით - პუტინის ადმინისტრაცია სამხრეთ ოსეთის ანექსიისთვის ემზადება.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ტყუილზე დგას - იზოლაცია, მარტო ყოფნა, დასავლეთთან დაპირისპირება, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, რუსეთის იდეოლოგიური მანტრების თუთიყუშივით გამეორება საქართველოს სუვერენიტეტს ვერ გაამყარებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ტყუილზე დგას - იზოლაცია, მარტო ყოფნა, დასავლეთთან დაპირისპირება, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, რუსეთის იდეოლოგიური მანტრების თუთიყუშივით გამეორება საქართველოს სუვერენიტეტს ვერ გაამყარებს

- რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დროების დარტყმების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტია. ბენზინის კრიზისი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთსაც.

რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ რომ საქართველოს კერძო კომპანიებმა ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში დაიწყეს აფხაზეთში ბენზინის შეტანა. ამ გადაწყვეტილებაზე მთავრობის გადაწყვეტილება არ არსებობს.

ხელისუფლების ოპონენტები ამ თემაზე სვამენ ლოგიკურ კითხვებს, რაზეც პასუხი მთავრობას უნდა გაეცა, მაგრამ, ხელისუფლების განმარტებები კითხვებს, სამწუხაროდ, ამრავლებს. ასეა იმის გამო რომ უცნობი რჩება როგორ შევიდა საქართველოდან აფხაზეთში ბენზინი?

თუ ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი, გაუგებარია რატომ იყიდება საქართველოდან აფხაზეთში შეტანილი ბენზინი თან ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ „როსნეფტის“ ბენზინის გასამართებზე?

იმის გათვალისწინებით რომ უკრაინა-რუსეთის ომი მალე ნამდვილად არ დასრულდება, რუსეთში ბენზინის დეფიციტი კიდევ დიდხანს იქნება, „ჰუმანიტარული აქციის“ ფარგლებში საქართველო მომავალშიც შეიატანს ბენზინს აფხაზეთში?

თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ თემაზე გავრცელებულმა ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციებმა?

ბევრი ამბობს რომ საქართველო ბენზინის დეფიციტის აღმოფვრაში რუსებს ეხმარება და ამას აფხაზეთთან ურთიერთობების დალაგებასთან არანაირი კავშირი არ აქვს? თქვენც ასე ფიქრობთ?

- ქართველი სოციალ-დემოკრატები კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის იდეას ვემხრობით. სამშვიდობო პოლიტიკის ჩვენეული ხედვა ეფუძნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების, როგორც საქართველოს მოქალაქეების, უფლებების დაცვას, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხთა შორის კავშირებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, აფხაზებისა და ოსების დეიზოლაციას, თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის ხელშეწყობას.

შესაბამისად, მივესალმებით ჩვენი თანამოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობრესურსებით მომარაგებას, აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულების ზრდას დანარჩენ საქართველოზე.

უბრალოდ, საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ჩვენ სიტყვაზე ვერ ვენდობით ათას ტყუილში მხილებულ კობახიძეს და მხოლოდ მისი განცხადების გამო ვერ დავიჯერებთ, რომ ბენზინი კანონის დაცვით და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გაიგზავნა აფხაზეთში.

საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ჩვენ სიტყვაზე ვერ ვენდობით ათას ტყუილში მხილებულ კობახიძეს და მხოლოდ მისი განცხადების გამო ვერ დავიჯერებთ, რომ ბენზინი კანონის დაცვით და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გაიგზავნა აფხაზეთში

ამასთანავე, ყველამ ვიცით როგორია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესელიტის ეთიკა. ისინი სამშობლოსაც კი გაყიდიან, ოღონდ მოგება ნახონ. აფხაზების მომარაგება არ უნდა იქცეს მორიგ მონოპოლისტურ-მაფიოზურ სქემად, რომლითაც რამდენიმე პარლამენტარ-კომერსანტი და მათი კომპანიები იხეირებენ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს