დავით უსუფაშვილი - რატომ ვერ დავაღწიეთ თავი კომუნისტურ გადმონაშთებს, კომუნისტურ მენტალიტეტს? - როდესაც ჭეშმარიტებაზე მონოპოლია დაკავშირებულია სკამთან

ჩვენ დიდი ხანია ვიმყოფებით სტაბილური არაეფექტურობის რეჟიმში. როდესაც ჩვენი ყველანაირი რესურსის - ფინანსური, ადამიანური, პოლიტიკური, ინტელექტუალური, მორალური, თუკი რაიმე რესურსი გააჩნია ერს, ამ რესურსის უდიდესი ნაწილი ფუჭად იკარგება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მიმდინარე „თავისუფალი ტრიბუნის“ ფარგლებში გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში არსებული რესურსი საზოგადო სიკეთეების შექმნის ნაცვლად, საძალაუფლებო ბრძოლას და პერსონალურ ანგარიშსწორებას ხმარდება.

„ერთმანეთს როგორ „განვაქიქებთ“, ამაზე ვხარჯავთ იმდენ დროს და სიტყვებს, ეს საქმისკენ რომ მივმართოთ, მაშინ დავეწევით იმ მატარებელს, რომელიც ევროპისკენ მიგვიყვანს. ესაა გასაკეთებელი და არა პრობლემების დამალვა. გვარამიას განაჩენმა, იმ დროს, როდესაც ის იქნა გამოტანილი, ლახვარი ჩასცა ჩვენს სურვილსა და სწრაფვას იქით, საითაც მივდივართ და ყველა ვაცხადებთ, რომ გვინდა.

კოლეგებო უმრავლესობიდან, გთხოვთ, ნუ დავიჯერებთ და დავიკავებთ იმ პოზიციას, რომ „რა ვქნათ ჩვენ სასამართლოს საქმეებში ხომ არ ვერევით, რა ვიცით როდის მოუწევდა ამ განაჩენის გამოტანა“ და ა.შ. არ შევალ დეტალებში, ერთ ფაქტს გაგახსენებთ - ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც აქ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთო წერეთლის არცერთი სასამართლო პროცესი არ გამართულა 6-7 თვის განმავლობაში. შარლ მიშელის დოკუმენტის დახევის და გადაგდების შემდეგ არჩევნების წინ ყოველ თვე 7-8 პროცესი იყო ჩანიშნული და დაატარებდნენ მათ სასამართლოებში. შემთხვევით მოხდა ეს?“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ლელოს“ წევრმა როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა.

„სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, თითქოს „ასე მოუწია“ და „ასე მოხდა“, ასე მოხდა და ახლა ისე მოხდება, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება ამ ფაქტის გამო ძალიან სერიოზული შენიშვნა მივიღოთ იმ ხალხისგან, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ ყველაფერზე“,- განაცხადა მან.

უსუფაშვილის თქმით, პრობლემა არა კონკრეტულ ლიდერში, არამედ სისტემაშია.

„არ არის პრობლემა კონკრეტულ ლიდერში, არაა პრობლემა ბიძინა ივანიშვილში, ისე როგორც არ იყო პრობლემა მიხეილ სააკაშვილში, არც ედუარდ შევარდნაძეში იყო პრობლემა. პრობლემა არის იმ სისტემაში, რომელშიც ვცხოვრობთ და ვერაფრით დავაღწიეთ თავი. რაშია საქმე და რატომ ვერ დავაღწიეთ თავი კომუნისტიურ გადმონაშთებს, კომუნისტურ მენტალიტეტს? როდესაც ჭეშმარიტებაზე მონოპოლია დაკავშირებულია სკამთან. მაღალ სკამზე ზის ვინმე? მორჩა, მან იცის ყველაფერი. რითი განსხვავდება კომუნისტური ერთპარტიულობისგან ნაციონალური ერთ პარტიულობა ან „ოცნებური“ ერთპარტიულობა? თუკი დანარჩენი ყველა ზედმეტია, მტერია და მოსაშორებელია? ვერ არიან „ოცნების“ ლიდერები ყველაზე მაგარი ცინიკოსები. „ნაციონალები“ ჯობდნენ მათ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა