ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ევროპა საქართველოს, როგორც ქვეყანას, თავის ოჯახში იწვევს, მაგრამ მის ხელისუფლებას თავის მომავალ პარტნიორად აღარ განიხილავს

საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტი ევროკავშირის უმსხვილეს და წამყვან პოლიტიკურ გაერთიანებასთან, „ევროპის სახალხო პარტიასთან“, პოლიტიკურად ევროპასთან კონფლიქტს ნიშნავს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიამ“ უკვე დაიწყო საქართველოს, ქართველი ხალხის და ხელისუფლების პრინციპული გამიჯვნა და თავისი მოწოდებებით სულ უფრო ხშირად პირდაპირ ქართველ ხალხს მიმართავს.

ვაშაკიძის თქმით, ევროპა საქართველოს, როგორც ქვეყანას თავის ოჯახში იწვევს, მაგრამ მის ხელისუფლებას თავის მომავალ პარტნიორად აღარ განიხილავს.

„ბოლოდროინდელი მოვლენები, კერძოდ, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობა, ამ პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები, მათზე "ქართული ოცნების" უხეში რეაგირება და ბოლოს, ესპ-ს ფრაქციის მიერ მომზადებული ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი ნათლად მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული კონფლიქტი აქვს ამ პარტიასთან. ცხადია, ამ სიტუაციაში ნათლად უნდა გავიაზროთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ევროპის სახალხო პარტია არის ევროკავშირის უმსხვილესი და წამყვანი პოლიტიკური გაერთიანება. მას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა, როგორც ევროპარლამენტში, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აერთიანებს 39 სახელმწიფოს 73 წამყვან ან გავლენიან პარტიას. ესპ-ს წევრები არიან ევროკავშირის 16 სახელმწიფოს მთავრობის თავმჯდომარე, ევროკომისიის 13 წევრი, კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარეები. არსებითად, ამ პარტიასთან კონფლიქტი პოლიტიკურად, დიდი ანგარიშით, ევროპასთან კონფლიქტს ნიშნავს.

ცხადია, "ქართული ოცნების" მიერ მოყვანილი მიზეზი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ინტრიგები სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ. მიზეზი გაცილებით უფრო ფუნდამენტურია და ის არის საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული განვითარებიდან და ევროპული ღირებულებებიდან თვალშისაცემი, სახიფათო გადახვევა.

ევროპა საქართველოს, როგორც ქვეყანას, თავის ოჯახში იწვევს, მაგრამ მის ხელისუფლებას თავის მომავალ პარტნიორად აღარ განიხილავს. ამის შესახებ ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა უკვე პირდაპირი განცხადებებიც გააკეთეს.

შექმნილ ვითარებაში, ვფიქრობ, საქართველოს საზოგადოებისთვის სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს ის, თუ რა "სიკეთე" შეიძლება მოუტანოს ქვეყანას იმ ხელისუფლებამ, რომელიც შესულია ღრმა და შეუქცევად კონფლიქტში ევროკავშირის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალასთან”, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა