სვენ მიკსერი - მოგიწოდებთ, დეტალურად გავაანალიზოთ პოტენციური შედეგები და ჩვენი მომავალი გეგმა, რათა ჩვენმა ნაბიჯებმა უნებლიედ ზიანი არ მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებსა და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში

სვენ მიკსერი - მოგიწოდებთ, დეტალურად გავაანალიზოთ პოტენციური შედეგები და ჩვენი მომავალი გეგმა, რათა ჩვენმა ნაბიჯებმა უნებლიედ ზიანი არ მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებსა და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში

მოგიწოდებთ, დეტალურად გავაანალიზოთ პოტენციული შედეგები და ჩვენი მომავალი გეგმა, რათა ჩვენმა ნაბიჯებმა უნებლიედ ზიანი არ მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებსა და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა, ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხზე იმართება განაცხადა.

მისი თქმით, მყარი სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება და ეს ილუსტრირებული იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გასული წლის „პრაიდის“ მონაწილეების და იმ ჟურნალისტების წინააღდეგ ძალადობით, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების გაუარესებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, განაჩენიც მოწმობს.

„ახლახანს ეს დაამოწმა მედია ფიგურის, ბატონი გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილმა მეტად საეჭვო განაჩენმაც. რა თქმა უნდა, პრობლემები და გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას, მედია სივრცეს ცდება. ჩვენ ყველანი ლეგიტიმურად შეშფოთებულები ვართ ნეგატიური ტენდენციებით კანონის უზენაესობისა და ზოგადად დემოკრატიის ნაწილში“, - განაცხადა მიქსერმა. ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქცევა იმედგამაცრუებელია და ევროპარლამენტი თავის კომუნიკაციაში უფრო მტკიცე და მომთხოვნი უნდა იყოს. „პირდაპირ რომ ვთქვა, მთავრობის ბოლოდროინდელი ქცევა იმედგამაცრუებელია ბევრ ფრონტზე. მე მჯერა, რომ ასეთ დროს ჩვენი კომუნიკაცია უფრო მეტად მტკიცე და მომთხოვნი უნდა იყოს, რათა საქართველოს მმართველებმა გაიგონ, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებები სწორედ მათ უნდა განახორციელონ. თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიტიკის ცვლილება ყოვლისმომცველ და კარგად დაგეგმილ სტრატეგიას უნდა დაეფუძნოს და არა უბრალოდ იმედის გაცრუებასა და ემოციებს. ამიტომ მოგიწოდებთ, დეტალურად გავაანალიზოთ პოტენციული შედეგები და ჩვენი მომავალი გეგმა, რათა ჩვენმა ნაბიჯებმა უნებლიედ ზიანი არ მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებსა და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში“, - განაცხადა სვენ მიკსერმა.