ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის ლიდერმა ნატო-ს სთხოვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თავისი აღმოსავლეთი ფლანგი გააძლიეროს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ნატო-ს სამიტამდე 3 კვირით ადრე შეხვდნენ. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა შეხვედრა თანათავმჯდომარესა და პოლონელ კოლეგა, ანჯეი დუდასთან ერთად გახსნა.
„რუმინეთსა და შავ ზღვაში უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, ნატო-ს კონსოლიდაცია მის აღმოსავლეთ ფლანგზე, ერთიანი და დაბალანსებული სახით, სულ უფრო აქტუალური და გადამწყვეტი ხდება. სამიტი გრძელვადიან ხედვას შეიმუშავებს, კოლექტიურ თავდაცვასა და მე-5 მუხლს, ქმედებების ცენტრში მოაქცევს", - განაცხადა იოჰანისმა.
მედიის ცნობით, ბუქარესტში წარმოდგენილი 9 ქვეყნის ლიდერები ასევე აპირებენ, რომ ნატო-ს "დაუცველ პარტნიორებზე" რუსეთის შეჭრის გავლენა განიხილონ, მათ შორის, მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოების შესახებ.