აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით, ათიათასობით ადამიანის მონაწილეობით საპროტესტო აქციები იმართება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა დემონსტრაციებს და კონგრესს „იარაღის უსაფრთხოების შესახებ საღი კანონის მიღებისკენ“ მოუწოდა.

როგორც მედია წერს, მიუხედავად თეთრი სახლის ლიდერის მოწოდებისა, სამართლებრივ ცვლილებებს, სავარაუდოდ, "რესპუბლიკელები" მხარს არ დაუჭერენ.

იარაღის უსაფრთხოების ჯგუფმა March For Our Lives, რომელიც 2018 წელს ფლორიდის პარკლენდის სკოლაში სროლის შედეგად გადარჩენილებმა დააარსეს, განაცხადა, რომ დაახლოებით 450 აქცია გაიმართება მთელი ქვეყანის მასშტაბით, მათ შორის ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, შეერთებულ შტატებში ორი მასობრივი სროლა მოხდა. 24 მაისს, ტეხასის შტატში, სკოლაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 19 ბავშვი და 2 ზრდასრული დაიღუპა.

მანამდე კიდევ ერთი მასობრივი შეიარაღებული თავდასხმა, ნიუ-იორკში, ბუფალოში მოხდა, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა.