ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაჩერებლად , - ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ვეი ფენმა, სინგაპურში მიმდინარე უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც სხვა ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
„ჩვენ ვიბრძოლებთ ნებისმიერ ფასად და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს ჩინეთის ერთადერთი არჩევანია. მათ, ვინც ჩინეთის გაყოფის მცდელობით ტაივანის დამოუკიდებლობას ესწრაფვიან, ნამდვილად არ ექნებათ კარგი დასასრული. სათანადოდ უნდა შეაფასოთ ჩინეთის შეიარაღებული ძალების გაბედულება და უნარი დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა“, - აღნიშნა ვეი ფენმა.
როგორც მედია წერს, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ჩინეთი ტაივანის კუნძულთან ახლოს პროვოკაციულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ სამხედრო აქტივობაში დაადანაშაულა.
ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი სუვერენიტეტის შესახებ ოფიციალური ბეიჯინგის განცხადებები დაგმო და მას "აბსურდი" უწოდა.
უწყების წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის.
„ტაივანი არასოდეს ყოფილა ჩინეთის მთავრობის იურისდიქციის ქვეშ და ტაივანელი ხალხი არ დანებდება ჩინეთის მთავრობიდან მომდინარე ძალის მუქარას“, - თქვა ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.