გაერთიანებულ სამეფოს „ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის“ შეცვლა სურს, რასაც ევროკავშირი ეწინააღმდეგება

გაერთიანებულ სამეფოს „ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის“ შეცვლა სურს, რასაც ევროკავშირი ეწინააღმდეგება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ “ბრექსიტის” შემდგომ ევროკავშირთან 2019 წელს დადებული შეთანხმების გარკვეულ ნაწილებს არ შეასრულებს.

ოფიციალურ ლონდონს „ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის“ შეცვლა სურს, რათა დიდი ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში საქონლის მოძრაობა გაადვილდეს.

ევროკავშირი ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ აღნიშნული საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ დასძინა, რომ მათი არსებითი ინტერესების დაცვის "სხვა გზა" არ არსებობს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ ეს ჩრდილოეთ ირლანდიის წინაშე მდგარი პრობლემების "გონივრული და პრაქტიკული" გადაწყვეტა იყო.

ბრიტანეთის აღნიშნულ გადაწყვეტილების საპასუხოდ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებას განიხილავს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროს სეფკოვიჩმა განაცხადა, რომ პროტოკოლზე ხელახალი მოლაპარაკება არარეალურია და გაერთიანებული სამეფოს ცალმხრივი ქმედება „ზიანს აყენებს ორმხრივ ნდობას“.

მისივე თქმით, პროტოკოლი ჩრდილოეთ ირლანდიაში სამშვიდობო პროცესის დასაცავად „ერთადერთი გამოსავალი“ იყო.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილებები განხილვის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.