პორტუგალიის პრემიერი - უკრაინის ევროკავშირის სტატუსზე დებატებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბლოკის ერთიანობას - საუკეთესო მხარდაჭერა, რაც ევროკავშირს შეუძლია უკრაინას გაუწიოს, ერთიანობის შენარჩუნებაა

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას განცხადებით, ევროკავშირში უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დებატებმა, შეიძლება, ბლოკში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს და ცრუ მოლოდინები შექმნას.
”ყველაზე კარგი მხარდაჭერა, რაც ევროკავშირს შეუძლია უკრაინას გაუწიოს, არის მისი ერთიანობის შენარჩუნება, საუკეთესო, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია, ევროპის ერთიანობაა”,- განაცხადა ანტონიო კოსტამ Financial Times-ს ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროკავშირში განხეთქილება საჩუქარი იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის.
„ჩემი ყურადღება მიპყრობილია იმისკენ, რომ ევროპულ საბჭოში მივიღოთ მკაფიო ვალდებულება სასწრაფო მხარდაჭერის შესახებ და უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გრძელვადიანი პლატფორმის შექმნაზე - ეს არის ჩემი მთავარი პრიორიტეტი. მთავარია არა უკრაინის შესახებ სამართლებრივი დებატები, არამედ პრაქტიკული მიწოდება“, - განაცხადა პორტუგალიის პრემიერმა.
მისივე თქმით, არ ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ მისი პრიორიტეტია „მკაფიო და დაუყოვნებელი მხარდაჭერა“.
”დიდი რისკია ცრუ მოლოდინების შექმნა, რომელიც მწარე იმედგაცრუება გახდება. ნაკლები სამართლებრივი დებატები, მეტი პრაქტიკული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მან.

























