ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსი პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს იძლევა - თითქოს ფულს ნიშნავს, ბავშვები წავლენ განათლების მისაღებად, სრული ტყუილია

თვითონ კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს იძლევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, კანდიდატის სტატუსთან არც „მეტი ფული“ არ არის დაკავშირებული და არც ევროკავშირში გაწევრიანების ვადის კუთხით არაფერი იცვლება.

„თვითონ კანდიდატის სტატუსი როგორც ასეთი პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს არ იძლევა, ჩვენ ამაზე გვქონდა განმარტება, არცერთი ევროთი მეტს არ გაძლევენ, კანდიდატის სტატუსთან მეტი ფული არ არის დაკავშირებული, ვალდებულება არ უჩნდება ევროკავშირს. ვადების კუთხითაც არანაირად არ იცვლება შენი პერსპექტივა, ისევ 5 წელიწადში 10 თუ 15 წელიწადში მოგანიჭებენ წევრის სტატუსს, არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის გახდი კანდიდატი. პრაქტიკული კუთხით რეალურად არაფერი იცვლება. ამაზე ტყუილები ისმის „ნაცმოძრაობის“ არხებზე, ამბობენ, რომ თითქოს ფულს ნიშნავს, ბავშვები წავლენ განათლების მისაღებად, სრული ტყუილია, არაფერი მეტი არ გეძლევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გადაცემაში საქართველოს „ომში ჩათრევის" მცდელობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და უპასუხა კითხვას, „ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს, ჩვენს ომში ჩართვას?“ .

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, რომ დასავლეთი ითხოვდა საქართველოსგან ომის დაწყებას, თუმცა „სუბიექტური ინტერესი შესაძლოა არსებობდეს“.

„მე ერთი ვთქვი და ძალიან ზოგადად ვიტყვი ახლაც. რა თქმა უნდა, სუბიექტური ინტერესი ამ კუთხით შეიძლება არსებობდეს. რა კუთხით: რა თქმა უნდა, საქართველოს ჩართვა ომში, მეორე ფრონტის ჩართვა, რუსეთს ვითარებას გაურთულებს, ახლა არ აქვს სათანადოდ გართულებული ვითარება უკრაინაში. მძიმედ მიდის პროცესები სევეროდონეცკში, გადავლენ ლისიჩანსკზე და ა.შ. შეიძლება ამით დასრულდეს ომი და ასე თუ მოხდა, რომ დონეცკის ოლქი აიღო და რუსეთი გაჩერდა, ეს არის რა თქმა უნდა, რუსეთის გამარჯვება, რადგან ექნება უკრაინის 22-23% ოკუპირებული. მთელი აზოვის ზღვა წაღებული და ა.შ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იქნებოდა შვება ამ კუთხით, შესაბამისად, ვერავის ვერ გაამტყუნებ ამ კუთხით. ვერავის ვერ გავამტყუნებთ, რომ ეს სუბიექტური ინტერესი შეიძლება არსებობდეს და ასეთ დროს შეიძლება პარტნიორებთან რაღაც უხერხულობები შეგვექმნას. ვისაც უნდა უკრაინაში რუსეთის დამარცხება, ყველაზე მაქვს საუბარი. სუბიექტურ ინტერესებზე მაქვს საუბარი და არა მოთხოვნაზე, შეიძლება არსებობდეს ასეთი სუბიექტური ინტერესი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარ მოთხოვნაზე არ მაქვს საუბარი. შეიძლება ქვეცნობიერში იყო მოლოდინი, რომ აქაც წავიდოდა ეს აქტივობა და მოწოდებები იყო ძალიან აქტიურად პირველი ერთი თვის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

კობახიძის განმარტებით, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები საუბრობენ, „თითქოს „ოცნება“ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენგან ითხოვდა დასავლეთი ომის დაწყებას, მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთი რამ არასდროს გვითქვამს”.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა