სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.

ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

სერგეი ლავროვმა ალან გაგლოევს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა.

ამავე ინფორმაციით, მათ დეტალურად განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგისა და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის ძირითადი საკითხები, მათ შორის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება.

სერგეი ლავროვმა გაგლოევი დაარწმუნა, რომ რუსეთის მხარდაჭერა ყველა სფეროში კვლავაც ექნებათ.

სერგეი ლავროვმა ალან გაგლოევს დონბასის დასაცავად რუსული ე.წ. სპეცოპერაციის მიმდინარეობა გააცნო.

„ჩვენი ურთიერთობები აგებულია მოკავშირეობის, სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში, როდესაც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ საერთაშორისო ვითარებას ქვეყნების ერთი ჯგუფის - ჩვენი დასავლელი კოლეგების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე. დასავლეთი ცდილობს, შეცვალოს მსოფლიოში განვითარებული ტენდენციები, დაამყაროს თავისი ერთპოლარული ჰეგემონია. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გამოვა. ჩვენ, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ერთგული ვართ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მიმართ, რომლებიც ხაზს უსვამენ დიდი და პატარა სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობის პატივისცემის აუცილებლობას.

მჯერა, რომ ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის ჰუმანიტარული მხარდაჭერის სფეროში ქმედებების კოორდინაცია ასევე იქნება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ერთ-ერთი მიმართულება“ , - აღნიშნა ლავროვმა.

შეხვედრაზე ასევე დადასტურდა მოსკოვისა და ცხინვალის უცვლელი ერთგულება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებისადმი და გამოხატული იყო მტკიცე ვალდებულება რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სამოკავშირეო ურთიერთობების გაძლიერებისადმი.

„ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს ყველა სფეროში გამონაკლისის გარეშე: ეს არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები, ინვესტიციები, ჰუმანიტარული, კულტურული ურთიერთობები. არსებობს მთელი რიგი სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ კავშირების განვითარებას. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში უსაფრთხოება საიმედოდ არის გარანტირებული რუსული სამხედრო ბაზის მიერ, საზღვრის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია რუსეთის ფედერაციის ეფ-ეს-ბე-ს სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით. ძალოვანი უწყებების მეშვეობით ცხინვალში ფუნქციონირებს ერთობლივი საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრი. მე ვიცი, რომ ჩვენი მოკავშირეობის ეს ფორმები ძალიან ფასდება რესპუბლიკაში.

ეკონომიკური კავშირები ვითარდება. 2021 წელს ვაჭრობა თითქმის 50%-ით გაიზარდა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა ხორციელდება“ , - განაცხადა მან.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა დადებითად შეაფასა საქართველოს საზღვარზე რაზდახანის, სინაგურისა და პერეუს საგუშაგოების დროებით გახსნა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია