კახა ქემოკლიძე - არსებობს 80%-იანი რისკი, რომ ჩავრჩეთ სამხრეთ- კავკასიურ კლასტერში, როცა წლინახევრის წინ „ასოცირებულ ტრიოში“ ვიყავით ჩემპიონები

არსებობს 80%-იანი რისკი იმისა, რომ ჩვენ ჩავრჩეთ სამხრეთ-კავკასიურ კლასტერში, მაშინ როდესაც წელიწადნახევრის უკან, „ასოცირებულ ტრიოში“ - მოლდოვა, უკრაინა, საქართველო ვიყავით ჩემპიონები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას უცხოელი პარტნიორები პოლიტიკურ თაღლითებად იცნობენ, ვინაიდან, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, პარტნიორებს დიპლომატიური შეურაცხყოფა მიაყენეს და „შარლ მიშელი საკუთარ უდიდეს სტრუქტურასთან ერთად გადააგდეს“.

„18 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ბატონი ივანიშვილის თაოსნობით იმდენი მოახერხა, რომ უკანასკნელ პოზიციაზე ვართ. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას იცნობენ, როგორც პოლიტიკურ თაღლითებს. 8 მარტის შეთანხმების შემდეგ პარტნიორებს მიაყენა დიპლომატიური შეურაცხყოფა. შარლ მიშელმა ერთი წლის უკან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საქართველოში ჩამოფრინდა, თვეების განმავლობაში იმუშავა, კონკრეტული დოკუმენტი დადო და „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანი საკუთარ უდიდეს სტრუქტურასთან ერთად „გადააგდო“.

ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა გაკეთებულზეც და გაფუჭებულზეც, ჩვენდა საუბედუროდ, გაფუჭებული გაცილებით ბევრია, ვიდრე გაკეთებული. ხელისუფლება რასაც არ უნდა ცეკვავდეს, ყველაფერი ოპოზიციის ბრალიაო, ვერ მივართვით, ასე არ არის. ხელისუფალი იმიტომ ხარ რომ შენი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა კახა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდი დღეს დაგეგმილ ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციას არ დაესწრება, ქემოკლიძის თქმით, გაუგებარია რა უშლიდა ხელს „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ პრეზიდენტზე გაცილებით ადრე ტექნიკურად მომზადებული აქცია გაემართა.

„ჩვენ საქმიანი ხალხი ვართ, გიორგი გახარიაც არის საქმიანი პოლიტიკოსი. დიდ პატივს ვცემთ ადამიანებს, რომლებიც გავლენ და დააფიქსირებენ გულწრფელ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული კურსის მისამართით, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ერთი წუთის დაკარგვაც არ შეიძლება იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებზე, რომ ხვალინდელი დასკვნა იყოს საქართველოსთვის. ვფიქრობ, იმ ელჩებმაც, რომლებიც წარმოდგენილები იქნებიან დაგეგმილ აქციებზე, ძალიან კარგად იციან ჩვენი პარტიის პოზიცია, გიორგი გახარია ყველა მათგანს შეხვდა. მათ იციან, რომ მოსახლეობის 85%-ზე მეტი არის პრო-ევროპულად განწყობილი, ამაზე კითხვის ნიშანს არავინ არ სვამს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კონკრეტული საკითხები განვიხილოთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც მინიმალური ზეგავლენის ბერკეტი გააჩნიათ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე“, - აღნიშნა კახა ქემოკლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო